ჰემატურია შარდში სისხლის არსებობაა. ეს არის სიმპტომი და არა დაავადება, რადგან შარდში სისხლის გამოჩენის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს.
რა იწვევს შარდში სისხლის გადასვლას.
შარდში სისხლის არსებობა თირკმელებისა და საზოგადოდ, შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგიის მანიშნებელია. ჩვეულებრივ, აღნიშნული სისტემის დაავადებათა განვითარების ან არსებული პათოლოგიის პროგრესირების კვალად ვლინდება. ჰემატურიას ყველაზე ხშირად განაპირობებს:
• თირკმელებში ან შარდგამომყოფ სისტემაში სიმსივნის არსებობა (როგორც ავთვისებიანის, ასევე კეთილთვისებიანის);
• შარდსაწვეთში კენჭის გადადგილება;
• ანთებითი პროცესი თირკმელში (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი);
• ვირუსული ინფექციის პროგრესირება;
• ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღება;
• ურეთრაში (შარდსადინარში) უცხო სხეულის მოხვედრა;
• შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი).
დაავადებავითარდება სისხლის დაავადებათა ფონზე, შეიძლება იმუნური სისტემის მუშაობის სერიოზულ დარღვევათა მანიშნებელი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში შარდში სისხლის გამოჩენა, ორგანიზმის ფუნქციობის დარღვევის მანიშნებელია!
გამოყოფენ ჰემატურიის შემდეგ ფორმებს:
ექსტრარენულს – როდესაც შარდში სისხლი ჩნდება არა თირკმელისა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადების ან ტრავმის გამო
რენულს – რომელიც განპირობებულია უშუალოდ თირკმლის პათოლოგიით;
პოსტრენულს – როდესაც შარდში სიხლის გამოჩენის მიზეზი შარდის ბუშტის ან შარდგამომტანი გზების დაავადებებია.
განვითარების დონის მიხედვით განასხვავებენ:
ტერმინალურ ჰემატურიას – როდესაც სისხლი შარდის ბოლო ულუფაში ვლინდება;
ინიციალურ ჰემატურიას – როდესაც სისხლის აღმოჩენა, მხოლოდ შარდის პირველ ულუფაში ხდება;
ტოტალურ ჰემატურიას – როდესაც გამოყოფილი შარდის მთელი ულუფა წითელ ან ვარდისფერშია შეღებილი;
თუ შარდში სისხლის არსებობა თვალით ხილულია – მაკროჰემატურიაზე საუბრობენ. შესაძლოა შარდში სისხლი შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდეს, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით გამოვლინდეს – ამ შემთხვევაში მიკროჰემატურიასთან გვაქვს საქმე.
ჰემატურიის დროს პაციენტებს უტარდებათ სრულფასოვანი გამოკვლევა – გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შესაბამის ღონისძიებათა გასატარებლად და საჭირო მკურნალობის ჩასატარებლად.
დიაგნოსტიკის ფარგლებში ინიშნება:
• შარდის საერთო ანალიზი;
• შარდის ანალიზი ნეჩიპორენკოს მიხედვით;
• სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი;
• თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
• მამაკაცებთან პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ულტრაბგერითი გამოკვლევა;
• მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
• ცისტოსკოპია – შარდის ბუშტის ენდოსკოპიური გამოკვლევა.
გახსოვდეთ!
შარდში სისხლის გამოჩენა ამა თუ იმ პათოლოგიის პროგრესირების მანიშნებელია. ეს სიმპტომი თავისთავად არ გაივლის, შესაბამისად, ლოდინი ან თვითმკურნალობა, ხალხური თუ სხვა საშუალებებით – დაუშვებელია!
ჰემატურია მეტად სერიოზული სიმპტომია, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს გამომწვევი მიზეზის დადგენასა და შესაბამის რაციონალურ მკურნალობას, ამიტომაც აუცილებლად მიმართეთ ექიმს!