მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გურამ ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული ოპერაციული ტექნიკის საერთაშორისო აღიარების შესახებ (შეგახსენებთ, რომ
პირველად ქართული მედიცინის ისტორიაში – ქართველმა მეცნიერმა ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე საკუთარი ინოვაცია წარადგინა), კლინიკაც და თავად პროფესორიც ყოველდღიურად უამრავ მილოცვას ღებულობს. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბატონი გურამის კოლეგების ერთი ჯგუფი გააღიზიანა ქარაზანაშვილის ამ მართლაც უდიდესმა წარმატებამ და სოციალურ ქსელსა და სხვა საშუალებებში გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქარაზანაშვილი პლაგიატია და მის მიერ ჩატარებული ოპერაცია არავითარ სიხლეს არ წარმოადგენს. თურმე უროლოგიის ცენტრში ეს ოპერაციები 15 წელია სრულდება, ამერიკის უროლოგთა ასოციაციას კი ამის შესახებ არაფერი სცოდნია და ქარაზანაშვილის ოპერაცია ტყუილუბრალოდ მიიჩნიეს ინოვაციად.
დაინტერესებულ მკითხველს განვუმარტავთ, რომ მსგავსი ტიპის ოპერაციები ტარდებოდა აქამდეც ბევრ სხვა კლინიკაში, მაგრამ ქარაზანაშვილის მიერ შემუშავებული იქნა ახალი მიდგომები და მოდიფიკაციები, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ოპერაციის გამოსავალი და შეამცირა გართულებების რისკი. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ვიტყობინებოდით.
თუმცა ამ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად განმარტება ვთხოვეთ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს:
– MMT ჰოსპიტალში დიდი ხანია ტარდება ცისტოპროსტატექტომიისა და ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის ოპერაციები, თუმცა ბოლო წლებში ჩვენ მიერ შემუშავებული იქნა პერიტონეუმის, ნერვების და პროსტატის მწვერვალის დამზოგველი, ექსტრაპერიტონეული რადიკალური ცისტოპროსტატექტომია, ექსტრაპერიტონეული ორთოტოპული ახალი შარდის ბუშტის ფორმირებით
რადიკალური ცისტოპროსტატექტომიისას და ორთოტოპური ახალი შარდის ბუშტის შექმნისას პერიტონიუმის შენარჩუნება, რამდენიმე პუბლიკაციის თანახმად , იწვევს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირებას, ოპერაციის შემდგომ უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას და ნაკლებ ნაწლავურ გართულებებს. შარდის შეუკავებლობა და იმპოტენცია რადიკალური ცისტოპროსტატექტომიის შემდეგ წარმოადგენენ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც აუარესებენ პაციენტის სიცოცხლის ხარისხს. სტანდარტული ნერვშემნახველი ტექნიკა ფართოდ გამოიყენება რადიკალური პროსტატექტომიისა და ცისტექტომიის დროს, თუმცა იგი ხშირად არ იწვევს ერექციული ფუნქციის შენარჩუნებას. სიცოცხლის ხარისხი წარმოადგენს დამოუკიდებელ პროგნოზულ ფაქტორს ოპერაციის შემდგომი პაციენტის გადარჩენადობისთვის. ამიტომ, რადიკალური ცისტექტომიის ქირურგიული ტექნიკის შემდგომი გაუმჯობესება ძალზედ საჭიროა. ჩვენი მიზანი იყო რამოდენიმე, მოდიფიცირებული, დამზოგველი ქირურგიული ტექნიკის ერთდროული გამოყენება რადიკალური ცისტოპროსტატექტომიისას, რომელიც მიზნად ისახავს პოსტოპერაციული ნაწლავური გართულებების შემცირებას, შარდის შეკავების უნარის გაუმჯობესებას და პოსტოპერაციული ერექციული დისფუნქციის შემცირებას.
მითითებულია, რომ ექსტრაპერიტონეული ტექნიკა არსებობდა ადრეც. მე არ მიმითვისებია არავის აღმოჩენა. აქვე ავღნიშნავ, რომ პირველად ექსტრაპერიტონეული ტექნიკა შეთავაზებული იქნა Mandhani (2010წ) და Park (2014წ) -ის მიერ, შესაბამისად არაფრით „ილახება“ ჩემი ქართველი კოლეგების უფლებები, რომლებმაც უბრალოდ გაიმეორეს წინამდებარე ავტორების ტექნიკა, ისიც 2016 წელს.
განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ოპერაციის შემდგომი გართულებები – იმპოტენცია და შარდის შეუკავებლობა, რომელთა განვითარების შანსი ჩემი ტექნიკის მიხედვით მინიმუმამდეა შემცირებული და რომლებსაც ჩემი ქართველი კოლეგები ფაქტობრივად უმნიშვნელოდ მიიჩნევენ, არადა ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია პაციენტის ოპერაციისშემდგომი ცხოვრების ხარისხისათვის, შეიძლება ითქვას, რომ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანიც.
ამერიკის უროლოგთა ასოციაციის მიერ ჩვენი სამეცნიერო ვიდეოფილმის მიღება ადასტურებს, რომ ახალი ტექნიკების გამოგონება მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანია!
ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე ამ სამეცნიერო ვიდეოფილმის მიღება და ჩვენება ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ დასახული მიზანი არის აბსოლუტურად სწორი და ძალზედ აქტუალური!
ვიდეო წარმოადგენს ქირურგიული ოპერაციის აღწერილობას, რომელიც ჩაუტარდა 58 წლის მამაკაცს შარდის ბუშტის კუნთოვან გარსში ინვაზირებულიკიბოთი. სიმსივნე აზიანებდა შარდის ბუშტის გვერდით კედელს. მამაკაცი სქესობრივად აქტიურია და მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული სქესობრივი ფუნქციის შენარჩუნებაში. იგი, ძალზედ დაინტერესებულია ორთოტოპური ახალი შარდის ბუშტის შექმნაში.
ვიდეოდან ჩანს, რომ ყველა წარმოდგენილი ქირურგიული ინოვაციების ნაკრები განხორციელდა ერთი და იგივე ოპერაციისას და არა სხვადასხვა ოპერაციებისას, რაც გაცილებით რთულია.
ვიდეოში აღწერილია ინოვაციური და ჩემს მიერ მოდიფიცირებული ქირურგიული ტექნიკის ერთდროული გამოყენება, ერთი ოპერაციის ფარგლებში. ეს ტექნიკებია:
1. რეტროგრადული ცისტოპროსტაეტომია
2. ესტრაპერიტონეული ცისტოპროსტატექტომია
3. ნერვშემნახველი ტექნიკის ჩემეული მოდიფიკაცია
4. შარდის შეკავის გაუმჯობესების ტექნიკის ჩემეული მოდიფიკაცია
5. ხელოვნური შარდის ბუშტის ექსტრაპერიტონიზაციის ჩემეული მოდიფიკაცია.
მაშასადამე, ვიდეოფილმი მოიცავს 5 სხვადასვა ქირურგიული ტექნიკის ნაკრებს, რომელიც ერთდროულად არის გამოყენებული. რაც შეეხება ჩემი ქართველი კოლეგების ნაშრომს, ისინი განიხილავენ ამ 5 ქირურგიული ტენიკიდან 2-3-ს – ისინი ძირითადში ეხებიან ექსტრაპერიტონიზაციას და რეტროგრადულ ცისტოპროსტატექტომიას. მაშინ როდესაც მე ვსაუბრობ ერექციული ფუნქციის და შარდის შეკავების უნარის შენარჩუნებაზე და ამავე დროს ექსტრაპერიტონიზაციასა და რეტროგრადული ცისტოპროსტატეომიაზე. და ამ ყველა ტექნიკას მე ვახორციელებ ჩემეული მოდიფიკაციით.
საპრეზენტაციო დასკვნაში ნათქვამია:
ერთდროული გამოყენება რამოდენიმე, მოდიფიცირებული, დამზოგველი ტექნიკისა, რადიკალური ცისტოპროსტატექტომიის ერთი ოპერაციის ფარგლებში, არის შესაძლებელი. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს პაციენტების უკეთესი გადარჩენადობა ოპერაციის შემდეგ, ნაწლავური გართულების შემცირების და უკეთესი სქესობრივი ფუნქციითა და შარდის შეკავების უნარით განპირობებული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გამო.
ამერიკის უროლოგთა ასოციაციის მიერ ამ დასკვნის აღიარება, ნიშნავს, რომ რამოდენიმე ჩემს მიერ მოდიფიცირებული და დამზოგველი ტექნიკის ერთად გამოყენება, ერთი ოპერაციის ფარგლებში წარმოადგენს ჭეშმარიტად სიახლეს. თან ისეთ სიახლეს, რომელიც განხილულ იქნა ახალ რობოტულ ტექნიკებთან ერთად.
ამერიკის უროლოგთა ასოციაციის მიერ ამ დასკვნის აღიარება, ასევე ნიშნავს, რომ ჩემ მიერ შეთავაზებული ტექნიკების ნაკრებმა შესაძლებელია გააუმჯობესოს პაციენტების გადარჩენადობა.
გულდასაწყვეტია, რომ როცა უცხოელი კოლეგები საქვეყნოდ აღიარებენ ჩემს მიგნებას და სიახლეს, ქართველი კოლეგები ასე რეაგირებენ ამ წარმატებაზე. ეს ხომ მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის – ეს მთელი საქართველოს და ქართული მედიცინის წარმატებაა. მე გავაგრძელებ ჩემს სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობას. კოლეგიალობით და სწორი აზროვნებით ჩვენ მეტს გავაკეთებდით ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს არ ესმის ეს.