საქართველოს ქირურგიაში დაიწყო ახალი ერა – რობოტ ასისტირებადი ქირურგია
რობოტ ასისტირებადი ქირურგია დაარსების დღიდან, 1970-იან წლებიდან თანამედროვე მედიცინის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა და განვითარებულ ქვეყნებში განიხილება სხვადასხვა დაავადების ქირურგიული მკურნალობის ახალ „ოქროს სტანდარტად“. რობოტების დახმარებით ოპერაციები ფართოდ გამოიყენება ზოგად ქირურგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში.
პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის მიერ 2024 წლის 27 თებერვალს, გაკეთდა რობოტ ასისტირებადი ტექნიკით პროსტატექტომია პროსტატის სიმსივნის გამო, ხოლო 2024 წლის 17 ივლისს ამავე კლინიკაში (გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი), საქართველოში პირველად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის #2 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ზურაბ მანიჟაშვილის მიერ რობოტ ასისტირებადი ტექნიკით გაკეთდა სიგმური კოლინჯის სიმსივნის გამო, სიგმური კოლინჯის რეზექცია და დესცენდო-რექტო ანასტომოზის ფორმირება ცირკულარული საკერი აპარატით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რობოტ ასისტირებადი ოპერაციების გაკეთება გინეკოლოგიის მიმართულებით.
დღესდღეობით მსოფლიოში მუცლის ღრუზე შემდეგი ოპერაციული მიდგომებია: ტრადიციული ანუ ღია მუცლის ქირურგია, უკვე დანერგილი და პოპულარული ენდოსკოპური ანუ ლაპაროსკოპული ქირურგია და უკვე გურამ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში დაინერგა, მსოფლიოში ოქროს სტანდარტად აღიარებული რობოტული ოპერაციები მინიმალური დატვირთვით ორგანიზმზე, ანუ რობოტ ასისტირებადი ქირურგია. დანერგვიდან ოთხი თვის თავზე უკვე 50 ზე მეტი წარმატებული ქირურგიული ჩარევაა განხორციელებული.
რობოტული ქირურგიის უპირატესობებია სხვა მეთოდებთან შედარებით (როგორც ღია ასევე ლაპაროსკოპული მიდგომების დროს):
- ოპერაციის დაწყებამდე ხორციელდება აღჭურვილობის სწორი წინასაოპერაციო ინსტალაცია (დოკინგი).
- ოპერაციები მიმდინარეობს მინიმალური დატვირთით ორგანიზმზე ანუ მინიინვაზიური ოპერაციაა.
- რობოტული ოპერაციის დროს გამოსახულება მონიტორზე მიახლოებულია სამი D გამოსახულებასთან, რაც აღემატება მოწინავე 3-D ლაპაროსკოპიული სისტემების შესაძლებლობებსაც კი. რობოტული ინტრაოპერაციული სამგანზომილებიანი გამოსახულების სისტემების შემუშავებამ აჩვენა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ქირურგისთვის მთავარი ვიზუალიზაციაა და არა პალპაცია.
- გამოსახულება დიდდება 10-ჯერ, ამიტომ გამოსახულების სურათი უფრო ზუსტია.
- დისტანციურად მართვადი რობოტის ხელების მოძრაობა თანხვედრაშია და სინქრონულია ქირურგის ხელების მოძრაობასთან, უფრო დახვეწილია, ნაზია და ასრულებს უფრო ზუსტ მოძრაობას ადამიანის ხელებთან შედარებით.
- რობოტული ქირურგის დროს, ქირურგის მიერ დისტანციურად მართვადი რობოტის ხელების მოძრაობისას არ არსებობს ხელების ფიზიოლოგიური კანკალი, რაც დამახასიათებელია ლაპაროსკოპული და ღია წესით ჩატარებული ოპერაციების დროს.
- რობოტული ქირურგიით ჩატარებული ოპერაციების დროს მცირდება დატვირთვა ორგანოებზე, ქსოვილების ტრავმატიზმის ხარისხი. ინსტრუმენტების მოძრაობების მაღალი სიზუსტე ამცირებს ინტრაოპერაციულ სისხლის დანაკარგს და ასევე ამცირებს ოპერაციული ჩარევის დროს.
- მექანიკური მანიპულატორების მოძრაობის სიზუსტე აღემატება ადამიანის ხელების შესაძლებლობებს, რადგან მათ აქვთ შვიდი ხარისხის თავისუფლება და 90 გრადუსით მოხრის უნარი. მონიტორის ეკრანზე გამოდის გადიდებული საოპერაციო ველის 3D გამოსახულება. ქირურგი აკონტროლებს მანიპულატორებს სენსორული ჯოისტიკების გამოყენებით, ხოლო ქირურგის ხელების მოძრაობები აბსოლუტური სიზუსტით ხორციელდება რობოტული ინსტრუმენტებით, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ არტიკულაციას, ამარტივებს ნაკერების დადების ტექნიკას და საშუალებას იძლევა შესრულდეს ყველაზე რთული მანიპულაციები მაქსიმალური სიზუსტით. საბოლოოდ, ეს უზრუნველყოფს ოპერაციის მაღალ ხარისხს და ზრდის მისი განხორციელების უსაფრთხოებას.
- რობოტ ასისტირებადი ოპერაციების დროს მცირდება ქირურგის დატვირთვა, დაღლილობა, ვინაიდან ქირურგი აკეთებს ოპერაციას მჯდომარე მდგომარეობაში, თავიც და ხელებიც კომფორტულად არის განლაგებული..
- ოპერაციის დროს მცირდება ინფიცირების რისკი, ვინაიდან ოპერატორს ან საოპერაციო ბრიგადის არც ერთ წევრს არ აქვს შეხება ოპერაციის ველთან.
- უპირატესობებს შორისაა: ნაოპერაციები პაციენტების სწრაფი გამოჯანმრთელება, ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია, შემცირებული პოსტოპერაციულ რეაბილიტაცია, პაციენტების ხანმოკლე სოციალური ადაპტაცია.
- რობოტ ასისტირებადი ოპერაცია შეიძლება იყოს უფრო ძვირი, თანამედროვე რობოტული ტექნოლოგიის გამოყენების გამო, ვიდრე ტრადიციული ქირურგიული ოპერაცია. თუმცა, მიუხედავად უფრო მაღალი საწყისი ღირებულებისა, რობოტული ქირურგია იწვევს ხარჯების დაზოგვას, საავადმყოფოში ხანმოკლე ყოფნის, უფრო სწრაფი გამოჯანმრთელების დროისა და ნაკლები გართულებების გამო.
რობოტული ქირურგია გამოიყენება ქირურგიის ყველა სფეროში: უროლოგია და ონკოლოგია: რადიკალური პროსტატექტომია გაფართოებული ლინფადენექტომიით, რადიკალური ან ნაწილობრივი ნეფრექტომია, ადრენელექტომია, შარდსაწვეთის სეგმენტის პლასტიკა; ზოგადი ქირურგია და ონკოლოგიური ოპერაციები: ჰეპატობილიარული, პანკრეასის, კუჭის, ელენთის, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავის ქირურგიული პათოლოგიების დროს, ასევე ბარიატრიული ოპერაციების და თიაქრების პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციების დროს.
დღეს მსოფლიოში რობოტ ასისტირებადი ქურურგია მყარად იკავებს ლიდერის ადგილს, 2007 წლიდან 2024 წლამდე ლიტერატურული მონაცემებით შესრულებულია 11 მილიონი რობოტ ასისტირებადი ოპერაცია. აშშ-ი პროსტატექტომიების 90 პროცენტი კეთდება რობოტ ასისტირებადი მეთოდით.
რობოტული ქირურგიის დროს ოპერაციას სრულად მართავს ქირურგი, ხოლო რობოტი იძლევა ისეთ სიზუსტესა და ქირურგიის დახვეწილ შედეგს, რაც ადამიანური ხელისა და თვალისთვის მიუღწეველია, შესაბამისად მაღალკვალიფიციური ქირურგისა და ყველაზე საუკეთესო რობოტული ტექნოლოგიის გამოყენება პაციენტისთვის იძლევა მკურნალობის მაქსიმალურ შედეგს.
რობოტ ასისტირებადი ოპერაციის ტექნიკის გარდა ქირურგი უნდა ფლობდეს, ლაპაროსკოპულ და ღია მუცლის ოპერაციების ტექნიკასაც, ვინაიდან ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით შესაძლოა საჭირო გახდეს კონვერსია. ამიტომ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის კლინიკის ქირურგები ფლობენ დღეს არსებული ქირურგიული ჩარევისთვის ყველა საჭირო მეთოდს.