ანურია სიცოცხლისთვის მეტად საშიში სიმპტომია. ამ დროს შარდის ბუშტში შარდი აღარ გროვდება. (აღარ ჩადის). ამ დროს შარდის პროდუქცია საგრძნობლად იკლებს, რაც ფაქტობრივად შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტაა.
ანურია – კლასიფიკაცია
გამოყოფენ ანურიის სეკრეტორულ და ექსკრეტორულ ფორმებს. სეკრეტორული ანურიის დროს დარღვეულია შარდის წარმოქმნა. ეს ტიპი, თავის მხრივ, მოიცავს არენულ, პრერენულ და რენულ ფორმებს. ექსკრეტორული ანუ პოსტრენული ანურიის დროს შეფერხებულია თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის პასაჟი _ გადასვლა.
- არენული ანურია ვლინდება – ორივე თირკმლის თანდაყოლილი აპლაზიის (განუვითარებლობის), ორივე ან ერთადერთი მოფუნქციე თირკმლის ამოკვეთის დროს.
- პრერენულ ანურიას ჰემოდინამიკურ ანურიასაც უწოდებენ. ის თირკმელთან სისხლის მიწოდების შეფერხების ან სრული შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება.
- რენული ანუ პარენქიმული ანურია გამოწვეულია თირკმლის პარენქიმის დაზიანებით.
- პოსტრენული ანურია ობსტრუქციული ანურიის სახელწოდებითაც არის ცნობილი. ის შარდის გადაადგილების მწვავე დარღვევის შედეგია.
კლინიკური სურათი – ანურია
ანურიის დროს შარდის გამოყოფის მოთხოვნილება ქრება . დაავადების ადრეული სიმპტომები ყოველთვის გამომწვევ მიზეზებთან არის დაკავშირებული.
სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ანურიის დროს:
- წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, ჰიპერკალიემია;
- მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევა;
- მზარდი აზოტემია;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (ურემიული ინტოქსიკაცია), კუსმაულის სუნთქვა;
- ფილტვების ურემიული შეშუპება;
- ორგანოთა მწვავე ბაქტერიული ან არაბაქტერიული ანთება.
დიფერენციალური დიაგნოსტიკა
დიფერენცირდება შარდის მწვავე შეკავებისგან . შემდეგი სიმპტომებით:
- ძლიერი ტკივილი ბოქვენის ზედა არეში;
- შარდის გამოყოფის მტანჯველი და უნაყოფო მოთხოვნილება;
- შარდის ბუშტის გადავსების შეგრძნება;
- პალპაციითა და პერკუსიით გადიდებული შარდის ბუშტის გამოვლენა.
ანურიას ნებისმიერი ფორმის დროს აუცილებელია ადამიანის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უროლოგიურ განყოფილებაში.
გასარკვევია შემდეგი საკითხები:
- რამდენი ხანია შეფერხებულია შარდის გამოყოფა?
- ხომ არ განიცადა პაციენტმა ნეფროტოქსიკური ფაქტორების ზემოქმედება?
- ხომ არ აქვს პაციენტს ანურიის გამომწვევი დაავადება (შარდკენჭოვანი დაავადება, პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) პათოლოგია, გულის, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებები)?
- ხომ არ ჰქონია თირკმლის ჭვალის (კოლიკის) ეპიზოდები?
- რა სიმპტომები ახლავს ანურიას?
მიზეზები და პათოგენეზი
პრერენული ანურია განპირობებულია ჰიპოვოლემიით (სისხლის საერთო მოცულობის შემცირებით) ან არტერიული ჰიპოტენზიით (წნევის დაქვეითებით). ზოგადი ჰემოდინამიკის დარღვევა თირკმლის სისხლმომარაგების მკვეთრი გაღარიბებით იწვევს თირკმლის იშემიას. ამ უკანასკნელის გაღრმავებისას ვითარდება თირკმლის მილაკოვანი სისტემის ეპითელიუმის ნეკროზი (კვდომა), ამიტომ პრერენული ანურია შესაძლოა რენულში გადაიზარდოს.
პრერენულ ანურიას იწვევს:
- გულის მიერ გადასროლილი სისხლის მოცულობის დაქვეითება. (კარდიოგენული შოკი, გულის ტამპონადა, არითმია, გულის უკმარისობა, სისხლდენა);
- სისტემური ვაზოდილატაცია ანუ სისხლძარღვთა გაფართოება. (ენდოტოქსიკური შოკი სეფსისის დროს, ვაზოდილატაციური საშუალებების გამოყენება);
- ქსოვილებში სითხის სეკვესტრაცია. (პანკრეატიტი, პერიტონიტი, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი);
- ორგანიზმის გაუწყლოება ღებინების, ფაღარათის, შარდმდენი და საფაღარათო საშუალებების გამოყენებისა და დამწვრობის დროს.
რენული ანურიის მიზეზებია:
- პრერენული ანურიის შედეგები;
- მილაკშიდა ბლოკადა პიგმენტებით. (მიოგლობინით _ ხანგრძლივად მიჭყლეტის სინდრომის დროს, ხანგრძლივი ასთმური სტატუსის, კომისა და სხვა შემთხვევების დროს; ჰემოგლობინით _ ერითროციტების ჰემოლიზის (დაშლის) დროს), ცილოვანი ცილინდრებით, შარდის მჟავას კრისტალებით, ოქსალატებით.
- თირკმლის ანთებითი და ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები. (გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ამილოიდოზი, ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით, მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი);
- თირკმლის სისხლძარღვთა დაზიანება.
- პოსტრენული ანურია თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის გადასვლის მწვავე დარღვევაა. ის შარდის გამომტანი გზების ზედა ნაწილის ოკლუზიის (დახშობის) შედეგია. პოსტრენული ანურიის განვითარებისთვის ხშირად საკმარისია ცალმხრივი ობსტრუქცია. მეორე თირკმელში ამ დროს რეფლექსურად აღმოცენდება აფერენტული ვაზოკონსტრიქცია და ვითარდება ანურია
პოსტრენული ანურიის მიზეზებია:
- შარდკენჭოვანი დაავადება, უპირატესად _ შარდსაწვეთში კენჭების არსებობით;
- საშარდე გზებზე გარეგანი ზეწოლა რეტროპერიტონეალური ფიბროზის დროს;
- საშვილოსნოსა და საკვერცხეების სიმსივნე.
ხშირად დაშვებული შეცდომები:
- ფუროსემიდის (ლაზიქსის), ოსმოსური დიურეზული საშუალებების ან ინფუზიური (გადასხმა) თერაპიის გამოყენება პოსტრენული ანურიის დროს.
- შარდის ბუშტის კათეტერიზაცია პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე. (არ არის მიზანშეწონილი, დროის ფუჭად კარგვაა).
თინათინ გოცაძე
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ უროლოგიური პათოლოგიების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. http://mmt.gecategory/staff/
დაგვიკავშირდით: 2 23 40 23