საშვილოსნოს განვითარების ანომალიები ხშირად არის მენსტრუალური ფუნქციის დარღვევისა და უშვილობის მიზეზი, თუმცა, ქალის სასქესო ორგანოთა ზოგიერთი სახის ანომალიის დროს ოსულობაც ვითარდება და მშობიარობაც მიმდინარეობს.
ანომალია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და კანონზომიერების დარღვევას, საერთო წესისგან, ნორმისგან გადახვევას ნიშნავს.
საშვილოსნოს (საზოგადოდ, ქალის სასქესო ორგანოთა) ანომალიებს შორის გამოყოფენ:
- არასწორ ანატომიურ შენებას. (ამ დროს დარღვეულია ამა თუ იმ ორგანოს ანატომიური შენება, აღინიშნება ატრეზია – ბუნებრივი ხვრელის უქონლობა ან შეზრდა, გამავლობის დარღვევა);
- სწორად ფორმირებული ორგანოს მოუმწიფებლობას. (ამ შემთხვევაში სასქესო ორგანო ანატომიურად სწორად არის ფორმირებული, თუმცა, სრულფასოვნად არ არის მომწიფებული);
- მდებარეობის ანომალიებს. (ამ დროს სასქესო ორგანოს, სახელდობრ საშვილოსნოს, არასწორი მდებარეობა აქვს მენჯის ღრუს სხვა ორგანოთა მიმართ).
არასწორი ანატომიური შენება
საშვილოსნო და საშო ჩანასახოვანი განვითარების ადრეულ ეტაპზე ორი მილის, ე.წ. მიულერის სავალებისგან წარმოიქმნება. ეს მილები ერთმანეთს შუა და ქვედა ნაწილში ერწყმის. მიულერის სავალთა შერწყმული შუა ნაწილიდან საშვილოსნო ვითარდება, ქვედა ნაწილი კი საშოს აძლევს დასაბამს. ზედა, შეურწყმელი ნაწილი საშვილოსნოს დანამატებად, კვერცხსავალ მილებად გარდაიქმნება.
როდესაც მიულერის სავალთა შერწყმის პროცესი ირღვევა, ვითარდება საშვილოსნოს და საშოს განვითარების ანომალია – ე.წ. გაორება. ის სხვადასხვა სახით შეიძლება გამოვლინდეს:
- გაორებული იყოს როგორც საშვილოსნო, ასევე საშო ანუ წარმოიქმნას ორი საშვილოსნო შესაბამისი საშოებით;
- ორრქიანი საშვილოსნო – როცა გაორებულია მხოლოდ საშვილოსნოს ტანი, ხოლო ყელი და საშო საერთო რჩება;
- გაყოფა-გაორება შეიძლება გამოხატული იყოს მხოლოდ საშვილოსნოს ფუძის ნაწილში, საშვილოსნოს ღრუში ტიხრის არსებობით ან არარსებობით. ეს ე.წ. უნაგირა საშვილოსნოა;
- არსებობს ერთრქიანი საშვილოსნოც. ეს ის შემთხვევაა, როცა გაორებული ნაწილიდან განვითარებულია მხოლოდ ერთი, ე.წ. ცალი რქა, მეორე კი განუვითარებელი, რუდიმენტული სახითაა შემორჩენილი.
საშვილოსნოს გაორება ორსულობის აღმოცენებისა და განვითარებისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს (ორსულობა ერთ-ერთ ნახევარში ვითარდება), თუმცა, არის შემთხვევები, როცა ფეხმძიმობა ნაადრევად წყდება ანდა მშობიარობის დროს საშვილოსნოს შეკუმშვითი ფუნქციის სისუსტის გამო სისხლდენა აღინიშნება.
უნაგირა საშვილოსნო მეტწილად ნაყოფის განივი ან ირიბი მდებარეობის მიზეზად იქცევა, თუმცა, ასეთი ანომალიის დროს ორსულობაც და მშბობიარობაც ნორმალურად მიმდინარეობს.
მოუმწიფებელი საშვილოსნო
უშვილობის მიზეზი ზოგჯერ მოუმწიფებელი საშვილოსნო და მენსტრუალური ფუნქციის დარღვევაა.
მოუმწიფებელ საშვილოსნოს მცირე ტანი აქვს, ზოგჯერ _ ყელზე მოკლეც. ისიც შეიძლება, ტანი სრულყოფილად იყოს განვითარებული, მაგრამ ყელი ჰქონდეს ვიწრო და კონუსისებრი. არის შემთხვევები, როდესაც საშვილოსნოს ტანსა და ყელს შორის მეტისმეტად მახვილი კუთხეა.
ყველა ამ ანომალიის დროს მენსტრუალური ფუნქცია დარღვეულია. რაც მთავარია, მოუმწიფებლობის გამო სუსტად არის განვითარებული კუნთოვანი გარსი. ეს თავის მხრივ, შეკუმშვითი ფუნქციის არასრულფასოვნებას განაპირობებს. ყველა ჩამოთვლილი მიზეზი აფერხებს ორსულობის განვითარებას, ამ უკანასკნელის მიმდინარეობის შემთხვევაში კი სხვადასხვა გართულებას აძლევს დასაბამს. სამშობიარო ძალების სისუსტე, მასიური სისხლდენა, მშობიარობის შემდგომ პერიოდში უკუგანვითარების პროცესის შეფერხება. ყოველივე ეს საშვილოსნოს მოუმწიფებლობის შედეგია.
საშვილოსნოს მდებარეობის ანომალიები
უშვილობის მიზეზი შეიძლება საშვილოსნოს მდებარეობის ანომალიაც იყოს. თუმცა, ნაყოფი ისახება და ვითარდება, როგორც საშვილოსნოს დაწევისა და გამოვარდნის, ასევე ცდომისა და გადახრის დროს. პირველი ორი ანომალიის შემთხვევაში ორსულობა რამდენადმე აუმჯობესებს კიდეც მდგომარეობას, რადგანაც გადიდებისას საშვილოსნო მაღლა იწევს.
მდებარეობის ანომალიებს შორის განსაკუთრებით საყურადღებოა რეტროფლექსია – საშვილოსნოს უკან გადახრა.
ამ დროს საშვილოსნო შეიძლება ან მოძრავი იყოს ან შეხორცებებით ფიქსირებული. ორსულობის ნორმალურად წარმართვას მოძრავი რეტროფლექსია ხელს არ უშლის, ფიქსირებული რეტროფლექსიის დროს კი, თუ შეხორცებები მეტისმეტად მყარია, მზარდი საშვილოსნო მცირე მენჯის ღრუში რჩება და მეზობელ ორგანოებზე – შარდის ბუშტზე, სწორ ნაწლავზე – ზეწოლას ახდენს. ამის გამო ორსულს სერიოზული ჩივილები უვითარდება: ტკივილი, ყაბზობა, შარდის გამოყოფის დარღვევა, ზოგჯერ – სრული შეკავება.
განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პროცესში ფიქსირებული საშვილოსნოს ცდომა. ამ დროს აღინიშნება ორსულობის შეწყვეტა, მუცლის მოწყვეტა და სხვა სახის გართულებები. ყველა შემთხვევაში აუცილებელია ქალის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია.
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: info@mmt.ge