რა არის პიელონეფრიტი?
პიელონეფრიტი ინფექციური გენეზის დაავადება, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ორგანოს – თირკმელს აზიანებს.
დაავადება ნებისმიერი ასაკისა და ორივე სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა, სპეციალისტების აზრით, უმეტესად 7 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის გვხვდება.
პიელონეფრიტი ბავშვებში
ბავშვებში პიელონეფრიტის ხშირი აღმოცენება შარდის რეფლუქსთან (უკუსვლასთან) არის დაკავშირებული. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც შარდი შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთს უბრუნდება.
პილეონეფრიტი მოზარდებში
პიელონეფრიტის გავრცელების თვალსაზრისით ბავშვებს არ ჩამოუვარდებიან 18-დან 30 წლამდე ასაკის ქალები, რისი მიზეზიც მათი საშარდე სისტემის ანატომიური თავისებურებებია.
შარდსადენი, რომელიც შარდის ბუშტიდან შარდის გამოყოფას უზრუნველყოფს, ქალს უფრო სწორი და საკმაოდ მოკლე აქვს. ეს აადვილებს კანის ზედაპირიდან, გარეთა სასქესო ორგანოებიდან და სწორი ნაწლავიდან შარდის ბუშტში მიკრობების შეღწევას.
ხშირია პიელონეფრიტი ორსულებს შორის.
პიელონეფრიტის პოტენციური მსხვერპლნი არიან ხანში შესული მამაკაცებიც, რომელთაც დასუსტებული იმუნური სისტემა ან წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ადენომა აქვთ. დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზი კი შარდკენჭოვანი დაავადებაა, რასაც თირკმლის ჭვალის – უძლიერესი ტკივილის შეტევები ახლავს.
რატომ ვითარდება პიელონეფრიტი
რატომ ახდენს ჩამოთვლილი პათოლოგიები პიელონეფრიტის პროვოცირებას?
ყოველი მათგანი არღვევს შარდის დინებას თირკმლიდან და, შესაბამისად, ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის.
პიელონეფრიტის აღმოცენებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ორგანიზმის ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითება.
პიელონეფრიტით დაავადების რისკი იზრდება შარდის ბუშტის კათეტერიზაციის, ცისტოსკოპიის და რეტროგრადული უროგრაფიის დროს. ეს უკანასკნელი საშარდე სისტემის რენტგენოლოგიური გამოკვლევაა. გამოკვლევისას საკონტრასტო ნივთიერება რეტროგრადულად ანუ შარდის დინების საწინააღმდეგოდ კათეტერის მეშვეობით შეჰყავთ შარდის ბუშტში ან შარდსაწვეთსა და თირკმელში.
პიელონეფრიტის კლინიკა
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პიელონეფრიტს.
მწვავე პიელონეფრიტი მოულოდნელად იწყება, ხატოვნად თუ ვიტყვით, პაციენტს ელდასავით ეცემა თავს. ტემპერატურა უმეტესად ერთბაშად იმატებს 39-40°C-მდე.
ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, თავის ტკივილს, უხვ ოფლიანობას. ხშირია განმეორებითი გულისრევა და ღებინება, რომელსაც შვება არ მოაქვს.
მთავარი ნიშანი კი წელის არეში ლოკალიზებული ტკივილია. ის მეტწილად ცალმხრივია. ტკივილის ინტენსივობა სხვადასხვაგვარია – ყრუდან ძალიან შემაწუხებლამდე. ზოგ შემთხვევაში შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილშია ლოკალიზებული და საზარდულის არისკენ განიცდის ირადიაციას.
როდესაც პიელონეფრიტი თირკმლის კენჭების ფონზე ვითარდება, მას, როგორც წესი, წინ უძღვის თირკმლის ჭვალი – ე.წ. კენჭის გავლა.
მართალია, პიელონეფრიტის გაურთულებელ შემთხვევებში შარდის გამოყოფა არ ირღვევა, მაგრამ იცვლება შარდის ხასიათი. ის მღვრიეა, ზოგჯერ მოწითალო, რაც სისხლის მინარევის არსებობას მოწმობს, მძაფრსუნიანი. არცთუ იშვიათად პიელონეფრიტი ვლინდება მტკივნეული შარდვით, რასაც მედიცინაში სტრანგურიას უწოდებენ.
ქრონიკული პიელონეფრიტი უმეტესად იმ მწვავე პიელონეფრიტის შედეგია, რომლის მკურნალობაც ბოლომდე არ (ან ვერ) იქნა მიყვანილი. ასეთ შემთხვევებში მწვავე ანთებისთვის დამახასიათებელი მოვლენები იხსნება, მაგრამ არ ხდება ანთების გამომწვევი მიკროორგანიზმის განადგურება და შარდის დარღვეული პასაჟის აღდგენა.
ქრონიკულ პიელონეფრიტს ახასიათებს წელის არეში ლოკალიზებული ყრუ, შემაწუხებელი ტკივილი, განსაკუთრებით – ცივ ამინდში. დროდადრო მწვავდება და მწვავე პიელონეფრიტს ემსგავსება.
აუცილებელი კვლევები
აღნიშნული სიმპტომების საფუძველზე ექიმი ივარაუდებს, რომ პაციენტს პიელონეფრიტი აქვს და სათანადო გამოკვლევებს უნიშნავს. უპირველესყოვლისა, შარდის საერთო ანალიზს, რომელიც ავლენს ლეიკოციტებს, ბაქტერიებს, ცილას.
ინფექციის გამომწვევის იდენტიფიკაციისთვის შარდს თესავენ სპეციალურ ნიადაგზე, სადაც ხდება მიკრობების ზრდა-გამრავლება. ამავე მეთოდით არკვევენ მგრძნობელობას ანტიბიოტიკების მიმართ – ადგენენ, რომელი პრეპარატით მკურნალობა იქნება უფრო ეფექტური. ვინაიდან შარდვის დროს ტკივილი და შარდის გამოკვლევით გამოვლენილი ანთების ნიშნები შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროსაც აღმოცენდეს.
პიელონეფრიტის დიაგნოსტირებისთვის რეკომენდებულია ქალებში – საშოს, ხოლო მამაკაცებში ურეთრის (შარდსადენის) ნაცხის გამოკვლევა.
მკურნალობა
მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობის პრინციპი მსგავსია – გამოიყენება ანტიბაქტერიული პრეპარატები. თუმცა ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობა გაცილებით ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
ანტიბაქტერიული პრეპარატები ინიშნება ან ემპირიულად (პრეპარატები, რომლებიც ეფექტურია, საზოგადოდ, საშარდე გზების ინფექციის დროს). ასევე იყენებენ იმ საშუალებებს, რომელთა ეფექტიც კონკრეტული პაციენტისთვის დადგენილია ზემოთ აღწერილი ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგად.
დაავადების გაურთულებელ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, ტაბლეტირებული მედიკამენტები გამოიყენება.
პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ – მიუხედავად იმისა, რომ მწვავე ანთების მოვლენები 3-4 დღეში მცირდება, მკურნალობა ორ კვირას მაინც მოითხოვს. ასე რომ, მედიკამენტების მიღების თვითნებური შეწყვეტა დაუშვებელია, მკურნალობის ხანგრძლივობა მხოლოდ ექიმმა შეიძლება დაადგინოს.
როდის მივმართოთ სტაციონარს
მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, განმეორებითი ღებინება, ორგანიზმის გაუწყლოების საშიშროება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაზე მიუთითებს.
მაღალი ტემპერატურისა და ციების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რათა არ გამოგეპაროს სეფსისი.
სეფსისი გენერალიზებული ინფექციაა, რომლის დროსაც მიკროორგანიზმები სისხლში მრავლდება და მთელ ორგანიზმში ვრცელდება.
რა საჭიროა ამდენი გამოკვლევა?!
ანტიბაქტერიული მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია შარდის საკონტროლო გამოკვლევა, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ შარდში ლეიკოციტები და ბაქტერიები აღარ არის.
ანტიბაქტერიული მკურნალობის დასრულებისა და პიელონეფრიტის ნიშნების გაქრობის შემდეგ ექიმი აუცილებლად ნიშნავს დამატებით გამოკვლევებს. გამოკვლევები კეთდება, რათა გამოვლინდეს პიელონეფრიტის მაპროვოცირებელი ფაქტორები ან გამოირიცხოს მათი არსებობა.
ამ მიზნით შეიძლება ჩატარდეს:
-
ინტრავენური უროგრაფია – ვენაში შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება, რომელიც თირკმელების მეშვეობით გამოიყოფა და შედეგად რენტგენის სურათზე თირკმლის მენჯფიალოვანი სისტემის გამოსახულებას ვიღებთ;
-
საშარდე სისტემის ექოსკოპია;
-
ცისტოსკოპია – სპეციალური ხელსაწყოს – ცისტოსკოპის მეშვეობით შარდსადენის გავლით შარდის ბუშტის დათვალიერება.
თუ გამოკვლევის პროცესში დადგინდა, რომ ერთ-ერთი შარდსაწვეთი კენჭმა დაახშო, დღის წესრიგში დგება მცირე ქირურგიული ჩარევის საკითხი.
კენჭს იღებენ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, რომელიც შარდსადენის გავლით ჯერ შარდის ბუშტში, შემდეგ კი შარდსაწვეთში შეჰყავთ.
როგორ ავიცილოთ პიელონეფრიტი?
შესაძლოა, ვერც კი წარმოიდგინოთ, რომ ამ დაავადებას თავიდან აიცილებთ სრულიად მარტივი წესების დაცვით:
-
ეცადეთ, გამორეცხოთ ბაქტერიები საკუთარი საშარდე სისტემიდან, არ მისცეთ იქ დაბუდებისა და გამრავლების საშუალება. ამისთვის აუცილებელია, მიიღოთ სათანადო ოდენობის სითხე, თანაც 0,5 ლიტრი აუცილებლად წყალი უნდა იყოს.
-
სათანადო ოდენობით სითხის მიღება უზრუნველყოფს შარდის წარმოქმნას და საშარდე სისტემის ორგანოებში მის განახლებას. თანაც ეს ღონისძიება შარდკენჭოვანი დაავადების – პიელონეფრიტის ერთ-ერთი უმთავრესი პროვოკატორის – პროფილაქტიკაც არის.
-
მუდმივად სვით C ვიტამინით მდიდარი მჟავე წვენები. ისინი ხელს უწყობს შარდის შემჟავებას, მჟავა არეში კი ბაქტერიების ზრდა ფერხდება.
-
შორისის არის ჰიგიენის დროს ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ დაბანა და გამშრალება საჭიროა წინიდან უკან და დაუშვებელია პირიქით. ამ გზით მცირდება განავლის მიკროორგანიზმების სწორი ნაწლავიდან საშარდე გზებში მოხვედრის რისკი.
-
სქესობრივი კავშირის წინ აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების ტუალეტი, რაც ამცირებს საშარდე გზებში ბაქტერიების მოხვედრის ალბათობას. სქესობრივი კონტაქტის შემდეგ მოშარდვა ხელს უწყობს საშარდე გზებში მოხვედრილი ბაქტერიების გამოდევნას.
-
პროფილაქტიკურ ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე საშარდე სისტემის აგებულების დარღვევის გამო შარდის შეგუბების შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა შარდის პასაჟის აღდგენის მიზნით.
ქრონიკული პიელონეფრიტის პროფილაქტიკა
ქრონიკული პიელონეფრიტის პროფილაქტიკისთვის უნდა ვერიდოთ ყველა იმ მდგომარეობას, რომელიც შარდის პასაჟს არღვევს.
რა საფრთხეს გვიქმნის პიელონეფრიტი
დაავადების გაურთულებელი შემთხვევები დროული მკურნალობისას განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს.
პაციენტებს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს ქმნიან შესაძლოა ქრონიკული პიელონეფრიტი ჩამოუყალიბდეთ. ეს უკანასკნელი კი დროთა განმავლობაში თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზად იქცეს.
ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი – პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ცენტრი გთავაზობთ პიელონეფრიტის თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობას. ჩაეწერეთ უროლოგთან ვიზიტზე: http://mmt.gedoctor/guram-qarazanashvili/
დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 23 40 23, ასევე დაგვიკავშირდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/MMTHospital/
Gamarjobat.me macuxebs dro da dro celis tkivili menjis ert certilshi da moyveba sakvercxeebisken es tkivili migrzeldebs xan rmdenine saati xan ori sami dge.tavsac ro davxri qvemot ufro mzlierdebs celshi tkivili mara ert certikshi vgrznob tkiviks da es sheizleba tirkmlus probkema iyos madloba
შესაძლაო თირკმელ-კენჭოვა დაავადება გქონდეთ, მაგრამ ზეპირად ამის თქმა შეუძლებელია, მობრძანდეთ, უნდა ჩატარდეს გამოკვლევა და დაისვას დიაგნოზი. ჩვენი ტელეფონია 2 23 40 23
Kristaluri marilebis shemtxvevashi Rogor gamovdevno?
არსებობს პრეპარატები, რომლებიც შლის მცირე ზომის კრისტალებს და გამოდევნის საშარდე გზებიდან, თუმცა მათ ზეპირად ვერ დაგინიშნავთ, უნდა ვიცოდეთ კრისტალების ზომები, თირკმელების მდგომარეობა და შარდის ანალიზში რა ცვლილებებია. უროლოგთან კონსულტაციაა საჭირო.
დიდი მადლობა ასეთი სასარგებლო სტატიისთვის. უკვე ვიცი ჩემი დაავადების ზოგადი თვისებები .ქრონიკულ პიელონეფრიტს უკვე პროფილაქტიკა აღარ შველის მაგრამ ,სტაბილური დინამიკის მიღწევა მაინც შესაძლოა თუ კენჭებს გამოვდევნი თირკმელებიდან. მადლობა რომ თქვენი კლინიკა არსებობს! უძლიერესი უროლოგების ჯგუფი ბატონი გურამის ხელმძღვანელობით.