ნიქტურია ღამის შარდვის იმ დონემდე გახშირებაა, რომ ღამით გამოყოფილი შარდის მოცულობა დღისით გამოყოფილისას აჭარბებს. როგორც წესი, ნიქტურია შეუღლებულია პოლიურიასთან ანუ შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან. ნიქტურია ყველაზე ხშირად გვხვდება ასაკოვან მამაკაცებთან, რომელთაც გადიდებული აქვთ წინამდებარე ჯირკვალი. (პროსტატა)
ქვედა საშარდე გზებში მიმდინარე ასაკობრივი ანატომიური და ფიზიოლოგიური ძვრების გამო, ღამით შარდის გამოყოფის გახშირება უშუალოდ ასაკთან ასოცირდება.
არსებული სტატისტიკით, ნიქტურია აღენიშნება:
- 7-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების 4%-ს;
- 50-დან 59 წლამდე ასაკის მამაკაცთა 66%-ს;
- 80 წელს გადაცილებულთა 91%-ს.
საყურადღებოა შემდეგი საკითხიც: ასაკოვანი პაციენტების საფუძვლიანი გამოკვლევისას ხშირად ირკვევა, რომ მათ ვაზოპრესინის დონე დაქვეითებული აქვთ. ამ ჰორმონის ფუნქცია ღამის შარდის შემცირებაა. ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებების კვალად, ვაზოპრესინის გამომუშავება მცირდება, რაც ნიქტურიის განვითარებას აძლევს დასაბამს.
ნიქტურია იწვევს :
ძილის დარღვევას, ქრონიკულ დაღლილობას, აქვეითებს შრომის ნაყოფიერებას.
ჯანმრთელ ადამიანს შესაძლოა გამოაჩნდეს ნიქტურიის მსგავსი მდგომარეობა, თუ საღამოობით ხშირად სვამს კოფეინის შემცველ სასმელებს, რომლებსაც შარდმდენი მოქმედება აქვთ. (ჩაის, ყავას, ასევე ალკოჰოლს)
სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ღამის განმავლობაში ტუალეტში ერთხელ შესვლა ნორმაა. თუ ერთზე მეტჯერ გიხდებათ ძილის გატეხვა, ეს თირკმლის დაავადების ნიშანია და საკონსულტაციოდ აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.
ნიქტურია თან ახლავს:
ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა გულის უკმარისობა, პროსტატის ადენომა, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ღვიძლის ციროზი, პერნიციოზული ანემია.
თუ ნიქტურია გამოწვეულია გულის უკმარისობით, კლინიკურ სურათში გამოხატული იქნება ვენური შეგუბება და სითხის შეკავება ქსოვილებში დღის განმავლობაში. დღისით გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ უმკლავდება ასეთ დატვირთვას, ღამით კი ვენური შეგუბება თანდათანობით გაიწოვება.
თუ ნიქტურიას დროულად მიაქცევთ ყურადღებას და არ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, გულის უკმარისობის მკურნალობას ადრევე შეუდგებით.
შარდის გამოყოფის გახშირება ძილის დროს თირკმლის სისხლძარღვთა გაფართოებას და ამ ორგანოს სისხლმომარაგების გაძლიერებას უნდა დავაბრალოთ.
თირკმლის დაავადებები ხშირად უწევენ პროვოცირებას გულის უკმარისობას. ნიქტურიის წარმოშობის თაობაზე დასკვნის გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ ავადმყოფობის დინამიკაზე დაკვირვების შემდეგ.
ნიქტურია ხშირად თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ადრეული სიმპტომია. გულისა და თირკმლის უკმარისობის დროს მან შესაძლოა სტაბილიზაცია განიცადოს, რაც მეტად არაკეთილსაიმედოა შემდგომი მკურნალობისათვის.
ნიქტურიას დიაგნოსტიკა ზიმნიცკის ცდის საშუალებით ხდება. ამ გამოკვლევით აკვირდებიან და აფასებენ შარდის გამოყოფის დღეღამურ რიტმს. აკვირედებიან თირკმელების კონცენტრაციულ ფუნქციას პაციენტის ჩვეულებრივი მოძრაობითი აქტივობის პირობებში. შარდის ყველა ულუფას ყოფენ ღამისა და დღის ნაწილებად, შემდეგ აანალიზებენ ცალკეული ულუფების მოცულობას და ხვედრით წონას. ნიქტურიის დროს გამოყოფილი შარდის უდიდესი ნაწილი (2/3) ღამის შარდის წილად მოდის. ამასთან, ის არასაკმარისად კონცენტრირებულია.
მკურნალობა მიმართულია შარდის გამოყოფის დარღვეული აქტის აღმოფხვრისკენ.
ვინაიდან ნიქტურია ხშირად პროსტატის გადიდებასთან არის დაკავშირებული, ინიშნება ალფა1-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები, 5ალფა-რედუქტაზის ინჰიბიტორები ან ამ პრეპარატების კომბინაცია.
იმავდროულად, ძილის მოსაწესრიგებლად შეიძლება სუსტი საძილე პრეპარატების მიღებაც.
ნიქტურიის მიზეზად შეიძლება იქცეს სხვადასხვა მედიკამენტის თერაპიული კურსი ან შარდის ბუშტის ჰიპერრეაქტიულობა. ეს უკანასკნელი შარდის ბუშტის ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ბუშტი შარდის მცირე ულუფის მოხვედრაზეც კი რეაგირებს და შარდის გამოყოფის მოთხოვნილებას იწვევს. შედეგად შარდის ბუშტის სარეზერვო ფუნქცია ირღვევა. ჰიპერრეაქტიული შარდის ბუშტი ცალკე, დამოუკიდებელი პათოლოგიის სახითაც შეიძლება შეგვხვდეს და სხვა დაავადებასთანაც იყოს დაკავშირებული. (მაგალითად, პროსტატის ადენომასთან)
მამაკაცებთან ნიქტურიის მიზეზი უმეტესად პროსტატის გადიდებაა.
ქალებთან ღამის გახშირებულ შარდვას მენჯის ფუძის კუნთების ატროფიის გამო შარდის შეუკავებლობა იწვევს.
თინათინ გოცაძე
MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ნიქტურიის მიზეზების დადგენას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
დაგვიკავშირდით: 2 23 40 23
Maqvs prostatis adenoma. Shardis bushtshi kenchebi.operacia maq gasaketebeli.tanxa mainteresebs ra jdeba operacia.sayoveltao tu shedis .tu shedis ramdeni procentit.regionidan momzadebuli ro mivide saoperaciot.gtxovt gamarkviot.velodebi tqven pasuxs.
პროსტატის ადენომის ვაპორიზაცია (აორთქლება) წინასწარ გამოკვლევებთან ერთად ღირს 2600 ლარი. კენჭებს რაც შეეხება, აქ გადაწყვეტილება გამოკვლევის შემდეგ უნდა მივიღოთ. ასე, რომ დაგეგმეთ ერთი ვიზიტი წინასწარი გამოკვლევებისთვის, დავაზუსტოთ დიაგნოზები და დავგეგმოთ მკურნალობა. ამ ვიზიტის შემდეგ გეტყვით ზუსტად, რა იქნება საჭირო. შეგიძლიათ ისარგებლოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომელიც ნაწილობრივ აფინანსებს მკურნალობის ღირებულების ხარჯს. პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაუკავშირდეთ ქეის–მენეჯერს, ნათია კანკავას 571 311 155. ასევე გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი შემდეგი კომუნიკაციის დასამყარებლად.