მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მკერდის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. გამოკვლევის ეს მეთოდი ითვლება ერთ-ერთი ყველაზე ინფორმატიულად, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში არაპალპირებადი, მცირე ზომის წარმონაქმნების აღმოჩენა, ანუ სიმსივნური დაავადების გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა ან ხელით შეგრძნება შეუძლებელია. შესაბამისად, მამოგრაფიის წყალობით, ექიმებს საშუალება აქვთ დანიშნონ დროული მკურნალობა.
მსოფლიოში, ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული, სიცოცხლისათვის საშიში და გავრცელებული დაავადებაა.აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბოს მაჩვენებელი საქართველოშიც ძალიან მაღალია და მეტიც, შეიმჩნევა დაავადების გაახალგაზრდავება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ისევე როგორც სიმსივნის სხვა სახეობების შემთხვევაში, მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის სკრინინგის მნიშვნელობა სასიცოცხლოა, რადგან დაავადების ადრეული დიაგნოსტირებისას მკურნალობა გაცილებით ეფექტურია და ზრდის პაციენტის გადარჩენის მაჩვენებელს.
რა არის მამოგრაფია და როდის ინიშნება ის?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამოგრაფია გულისხმობს სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიურ კვლევას. მამოგრაფიის დროს, სარძევე ჯირკვლის სურათის მისაღებად, გამოიყენება უსაფრთხო, დაბალი დოზის რეტგენის სხივები. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა და რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი.
პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდირებულია, რომ მამოგრაფია ჩატარდეს 40 წელს ზევით ქალებში ჩივილის გარეშეც, ნებისმიერ ასაკში არსებული ჩივილების დროს- ეს იქნება მკერდის ტკივილი, გამონადენი, თუ ახალი ნაოჭი სარძევე ჯირკვალზე, ასევე პლასტიკური ოპერაციის დაგეგმამდე, რადგან მცირე გადახრასაც კი შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
რენტგენი, რომლითაც ტარდება მამოგრაფია არის არაინვაზიური და სრულიად უმტკივნეულო. მამოგრაფია გამოიყენება, როგორც საშუალება მკერდის სხვადასხვა ფორმის ანომალიების გამოსაკვლევად და დასადგენად, როგორიცაა ძუძუს კიბო, მკერდის ცისტები, სიმსივნეები, ან მკერდის ქსოვილში კალციუმის დაგროვება (კალციფიკაცია). 40 წლისა და უფროსი ასაკის ქალებისთვის ან გენეტიკურად ძუძუს კიბოს რისკის ქვეშ მყოფი ქალებისთვის რეკომენდებულია მამოგრაფიის რეგულარული ჩატარება.
ითვლება, რომ თუ მკერდის სიმსივნის რისკი დაბალია ან საშუალოა, მამოგრაფია უნდა განმეორდეს ყოველ ერთ ან ორ წელიწადში.
როგორ მოვემზადოთ მამოგრაფიისთვის?
მამოლოგები გვთავაზობენ რეკომენდაციებს, რომლებიც ქალებმა მამოგრაფიამდე უნდა დაიცვან, ესენია:
- გამოკვლევიდან 3-4 დღით ადრე, კვების რაციონიდან გამორიცხეთ შოკოლადი, ალკოჰოლი, ყავა, ძლიერი ჩაი, რადგან მათ შეიძლება მომატება გამოიწვიოსსარძევე ჯირკვლების მგრძნობელობა და ტკივილის გამოვლენა პროცესისას.
- რამდენიმე დღით ადრე, უარი თქვით დეზოდორანტებისა და ლოსიონების გამოყენებაზე, ვინაიდან კოსმეტიკურ საშუალებებში მოთავსებულ ტალკი მკერდზე მოხვედრისას სურათებზე გამოჩნდება როგორც ჩრდილები, რაც პათოლოგიის ნიშნად ჩაითვლება.
- პროცედურის დაწყებამდე უნდა მოიცილოთ სამკაულები
გახსოვდეთ, სარძევე ჯირკვლის დაავადების უმეტესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. სარძევე ჯირკვალზე დაკვირვება დაგეხმარებათ დროულ დიაგნოსტიკაში. მამოგრაფია გამოავლენს ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება ვერ ინახოს კლინიკური გასინჯვის დროს – პათოლოგიების ადრეული გამოვლენა კი წარმატებით მკურნალობის საწინდარია.
დაგვიკავშირდით 0322 23 40 23