იანვარში ერთი წელი შესრულდა, რაც ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში (KRC) რობოტული ქირურგია დაინერგა. ეს ტექნოლოგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვაციური მიღწევაა, რომელიც უმაღლესი სიზუსტის ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული მეთოდი პაციენტებისთვის უკეთეს შედეგებს, სწრაფ გამოჯანმრთელებასა და უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას უზრუნველყოფს.
რობოტული ქირურგიის სერვისი ამიერკავკასიაში ერთადერთია და მას უამრავი პრიორიტეტი აქვს, ვიდრე ღია ოპერაციას ან ლაპარასკოპიას. პირველი რობოტული ოპერაცია ქარაზანაშვილის კლინიკაში 2024 წლის 27 თებერვალს ჩატარდა და ერთი წლის განმავლობაში მისმა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. რობოტული ოპერაციები ტარდება უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და მუცლის ღრუს ქირურგიაში.
„რობოტული ქირურგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარდატეხაა მედიცინაში, ის თანამედროვე ქირურგიის განვითარების უახლესი საფეხურია, დღევანდელობაა და თუ გვინდა, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, ეს ნორმალური ქირურგიის გარეშე არ იქნება. ვფიქრობ, ჩვენი ქირურგია ამით განვითარებული ქვეყნების დონეზე დადგა. ეს მეთოდი იძლევა იმის გაკეთების საშუალებას, რაც შეუძლებელი იყო ლაპარასკოპიით, ან ღია წესით ქირურგიისთვის. რობოტული ქირურგია გაუმჯობესებული ვარიანტია, უფრო კომფორტულია, რა დროსაც ქირურგი 3 D განზომილებაში ხედავს წვრილმან დეტალებს, არის მინი ინვაზიური, იძლევა ძალიან ნატიფი მოძრაობის საშუალებას, რაც შესაბამისად, პაციენტზეც ძალიან დადებითად აისახება. “, _ გვეუბნება პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რობოტული ქირურგი, ონკო-უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი, რომელმაც საქართველოში პირველად, მის კლინიკაში რობოტ ასისტირებადი ქირურგია დანერგა და ადამიანებისთვის მედიცინის ულტრათანამედროვე დასავლური სტანდარტი ხელმისაწვდომი გახადა.
- ბატონო გურამ, აგვიხსენით რაში მდგომარეობს რობოტული ქირურგიის არსი და რა უპირატესობა აქვს ამ ტექნოლოგიას ტრადიციული ქირურგიის სახეობებთან შედარებით?
რობოტული ქირურგია თანამედროვე ქირურგიის განვითარების უახლესი საფეხურია. ადრე იყო ღია ქირურგია, მერე შემოვიდა ლაპარასკოპია და ახლა – რობოტული ლაპარასკოპია, უფრო კონკრეტულად, ამას ჰქვია რობოტ ასისტირებული ლაპარასკოპია. ეს ლაპარასკოპიის განვითარების შემდგომი ეტაპია, რა დროსაც ქირურგი საკუთარი ხელებით კი არ მართავს ინსტრუმენტებს, არამედ ადამიანი-რობოტის ხელების საშუალებით.
ჩვეულებრივი ლაპარასკოპიის პრობლემა თვითონ ინსტრუმენტებშია, რომელთაც არ აქვთ არანაირი მოქნილობა, ორგანიზმში მათ ვერანაირად მართავ. როგორც ჩვენ, ქირურგებს შეგვიძლია სხვადასხვა მიმართულებით ვამოძრაოთ ჩვენი მაჯა და ხელის მტევანი, ასევე მოძრაობს რობოტის ინსტრუმენტი, მას აქვს სახსრები ისევე, როგორც ადამიანის მტევანს და პაციენტის ორგანიზმში ის ჩვენი მიკროსკოპული ხელია. ეს სახსრები საშუალებას გვაძლევს, რომ მოძრაობები იყოს ისეთივე დახვეწილი, როგორიც აქვს ადამიანის ხელს. რობოტის სახსრიანი ინსტრუმენტები და რობოტის თვალი (ფაქტობრივად, ჩვენი მიკროსკოპული თვალი) ლაპარასკოპიული ხვრელების საშუალებით თავსდება მუცლის ღრუში, რასაც მართავს ქირურგი. ამ მეთოდის უპირატესობა არის ის, რომ ქირურგი საოპერაციო არეს ხედავს 3D რეჟიმში უწვრილმანეს დეტალებში, რობოტი მუშაობს ხელოვნური ხელის მსგავსად და უზრუნველყოფს იდეალურ რეზულტატს.
გარდა ამისა, მას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს – ქირურგს აქვს 2 ხელი, რობოტს კი – 4, ანუ ქირურგი გარდა საკუთარი ორი ხელისა, ერთდროულად მართავს 4 ხელს, რომელიც შეყვანილია მუცლის ღრუში. ამ შემთხვევაში რობოტი ქირურგის ინსტრუმენტია, მას ქირურგი მართავს სამართავი კონსოლით და არის, ასე ვთქვათ, მისი ყმა – Master slave, ასე იწოდება ინგლისურად.
- სისტემის დაცვის მექანიზმზე რას იტყვით, რამდენად დაცული და უხიფათოა პროცესი და რობოტის მწყობრიდან გამოსვლის შანსი თუ არსებობს?
რობოტული ქირურგია თავის დროზე კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის, დისტანციური ოპერაციებისთვის შეიქმნა. ამ შემთხვევაში რობოტი იმართება პულტიდან, რომელიც შეიძლება იყოს დიდი დაშორებითაც. ეს არის უმაღლესი ტექნოლოგია, რობოტი არა თუ საფრთხეს უქმნის ექიმს, ან პაციენტს, ნებისმიერი პრობლემისას ის მომენტალურად იბლოკება. რობოტის მწყობრიდან გამოსვლის შანსი არ არსებობს, მას ძალიან ბევრი დაცვის მექანიზმი აქვს, ქირურგს მაქსიმალურად რომ შეუწყოს ხელი ოპერაციის წარმატებით ჩატარებაში და ამავდროულად, გამორიცხოს პაციენტისთვის ოდნავი ზიანის მიყენებაც კი. მაგ. დავუშვათ ქირურგი ოპერაციისას ცუდად გახდა, ან ინსტრუმენტი გაუვარდა ხელიდან, როგორც კი ის კონსოლიდან თავს გაწევს, ანუ როგორც კი რაიმე უჩვეულო, არანორმალური ხდება, რობოტი მთლიანად იბლოკება. ეს უმაღლესი ტექნოლოგია საფრთხეს კი არ ქმნის, ქირურგს შემთხვევითი მოძრაობებისგან და შეცდომებისგან იცავს. გარდა ამისა, რობოტის ის სახეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს („TOUMAI“), მსოფლიოში ლიდერია ტელემედიცინაში. ტელექირურგია უკვე მომავალი აღარაა, აწმყოა. რობოტი იმდენად სტაბილურია და სანდო, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია დისტანციური ოპერაციები, რომლებიც რუტინულად კეთდება 5-დან 13 000კმ-ის სიშორეზე. .
- რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც რობოტულ ქირურგიას ნერგავდით საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დადექით, რთული იყო იმ ნიუანსების ათვისება, რაც ამ ტექნოლოგიას თან ახლავს?
ტექნოლოგიის დანერგვის მიზანი იყო, ჩვენც ვყოფილიყავით თანამედროვე მედიცინის და ქირურგიის დონეზე. დღეს რობოტული ქირურგია განვითარებული ქვეყნების ქირურგიაა _ ევროპაში, ამერიკასა თუ თურქეთში ის სტანდარტული პროცედურაა. საქართველოში ამ მხრივ, ფაქტობრივად, ჩამორჩენილები ვიყავით, არ გვქონდა თანამედროვე ქირურგია. აქამდე ათასობით ოპერაცია მაქვს გაკეთებული ღია წესით და ლაპარასკოპიულად და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ქირურგიული გამოცდილება. რობოტით რამე ახალს კი არ ვაკეთებ, ვატარებ ოპერაციებს, ოღონდ, ახალი ინსტრუმენტით.
ლაპარასკოპია აღარ არის თანამედროვე ქირურგია, ის წარსულია, რობოტული ქირურგია კი – დღევანდელობა და ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, ეს ნორმალური ქირურგიის გარეშე არ იქნება. ვფიქრობ, ჩვენი ქირურგია ამით განვითარებული ქვეყნების დონეზე დადგა. სხვათა შორის, რობოტული ქირურგია ერთი კლინიკის საქმე არაა, სტრატეგიული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი პაციენტები თანამედროვე ქირურგიული დახმარების მისაღებად თურქეთში, ისრაელსა და გერმანიაში არ გარბოდნენ. ჩვენი ფასები იმავე თურქეთის ფასებზე 3-4-ჯერ ნაკლებია. დარწმუნებული ვარ, სხვა კლინიკებშიც მალე გაჩნდება რობოტები იმიტომ, რომ ეს არის დიდი ბიძგი ყველა კლინიკისთვის.
- ქირურგიული რობოტის მეშვეობით ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენი და რა სახის ოპერაცია ჩატარდა კლინიკაში?
ერთი წლის განმავლობაში 150-ზე მეტი ოპერაცია გვაქვს ჩატარებული. ჩვენს კლინიკაში ყველა ტიპის ოპერაცია კეთდება: უროლოგიური, გინეკოლოგიური, მუცლის ღრუს ქირურგია, ნებისმიერი სახის უროლოგია _პროსტატის, შარდის ბუშტის, თირკმლის, ონკოლოგიური ოპერაციები, ქალებში შარდოვანი ფისტულების აღდგენა, შარდის შეუკავებლობა, რომელიც შარდის ბუშტის დაწევითაა განპირობებული, შარდსაწვეთის რეინპლანტაცია, პლასტიკები, თირკმლის სიმსივნე, თირკმლის ნაწილობრივი ლიკვიდაცია (ანუ სიმსივნის ლიკვიდაცია ისე, რომ თირკმელი შენარჩუნდეს, რაც ძალიან რთული ოპერაციაა), პროსტატის სიმსივნის ოპერაციები ისე, რომ მამაკაცს პოტენცია შეუნარჩუნდეს და არ ჰქონდეს შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის სიმსივნეები და სხვა. ჩვენ უროლოგიიდან იმიტომ დავიწყეთ, რომ ზოგადად, მსოფლიოში რობოტული ქირურგია უროლოგებმა დაიწყეს, ვინაიდან უროლოგიაში არის გარკვეული ტიპის რთული ოპერაციები და ასეთ სიტუაციებში შეუცვლელია რობოტები. მთელი უროლოგია, ჩვენი გუნდი გადასულია რობოტულ ქირურგიაზე. ასევე მოვამზადეთ მუცლის ღრუს ქირურგი და გინეკოლოგი, რომლებმაც დაიწყეს ოპერაციების კეთება, გაკეთებულია კუჭის სიმსივნის, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის, საკვერცხისა და საშვილოსნოს სიმსივნეების ოპერაციები. ასე რომ, მუცლის ღრუს ქირურგია მთლიანად რობოტულ ქირურგიაზე გადაგვყავს.
- ყველაზე რთული რობოტული ოპერაცია რომელი იყო თქვენს პრაქტიკაში?
უროლოგიაში ძალზე რთული ოპერაციები გვაქვს ჩატარებული, მაგ. შარდის ბუშტის სიმსივნის, როდესაც უნდა ამოიკვეთოს შარდის ბუშტი, პროსტატა და მერე ნაწლავისგან გაკეთდეს ხელოვნური შარდის ბუშტი. პროსტატის ლიკვიდაციის ოპერაცია ძალიან რთულია იმ მხრივ, რომ პროსტატის ლოკაცია ღრმაა, მის გარშემოა სისხლძარღვები, ნერვები, ძვლოვანი სტრუქტურები, ნაწლავები, მოკლედ, ძალზე ფაქიზი ოპერაციაა. პროსტატის სიმსივნე ძალზე ხშირი დაავადებაა, ყოველ მე-7 მამაკაცს შეიძლება დაემართოს, მაგრამ მისი პლუსი ისაა, რომ დროულად თუ აღმოაჩენ, სიმსივნის ლიკვიდაციის შემდეგ განკურნება შესაძლებელია. ეს განკურნება ისე უნდა მოხდეს, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი არ დაირღვეს _ რობოტი იძლევა საშუალებას, ისე ფაქიზად ჩავატაროთ ეს ურთულესი ოპერაცია, რომ პაციენტს არ დაეწყოს მაგ. შარდის შეუკავებლობა, ან პოტენცია არ დაკარგოს და 3 დღეში შინ წავიდეს. ბოლო ხანებში გავაკეთეთ თირკმლის სიმსივნის ოპერაცია _ ახალგაზრდა მამაკაცს ჰქონდა დიდი ზომის, 7 სმ-იანი სიმსივნე, მას ყველგან ეუბნებოდნენ, რომ თირკმელი უნდა ამოეღოთ, ჩვენ სიმსივნეც ამოვიღეთ და თირკმელიც შევუნარჩუნეთ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის საოცარი ტექნოლოგია სისხლის ნულოვანი დანაკარგით და ამ 150 შემთხვევიდან არც ერთხელ სისხლის გადასხმა არ დაგვჭირვებია, გამოჯანმრთელებაც უსწრაფესია.
- ქირურგისთვის რომ კომფორტულია „TOUMAI“– ქირურგიული რობოტი, ეს გასაგებია, პაციენტებისთვის რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდით ჩატარებულ ოპერაციას?
ოპერაცია მინიმალურ რისკებს შეიცავს, არის სისხლის ნულოვანი დანაკარგი 2. ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა სტრუქტურის (სისხლძარღვები, ნერვები…) შენარჩუნება ისე, რომ პაციენტის ცხოვრების ხარისხი არ გაუარესდეს. მარტო ის ხომ არ არის, ადამიანს ყველაფერი ამოვუღოთ, ჩვენ გვინდა, რომ მას ჰქონდეს ცხოვრების ხარისხი, რის საშუალებასაც რობოტი იძლევა. 3. ტკივილის ნაკლებობა თუნდაც ლაპარასკოპიასთან შედარებით. გამომდინარე იქიდან, რომ ლაპარასკოპიას მოუქნელი ინსტრუმენტები აქვს, რობოტის შემთხვევაში კი მოქნილ სახსროვან ინსტრუმენტებთან გვაქვს საქმე, ამიტომ გაცილებით ნაკლები ტრავმირება ხდება, პოსტოპერაციული ტკივილი მინიმალურია, ან საერთოდ არ არის. 4. უსწრაფესი რეაბილიტაცია – ეს პერიოდი ორჯერ მოკლეა იმავე ლაპარასკოპიასთან შედარებით. ასე რომ, ამ მეთოდს უზარმაზარი პლუსები აქვს.
- ამასობაში პოპულარული და მოთხოვნადი თუ გახდა ეს ინოვაცია, მომართვიანობა როგორია? როგორც ვიცი, უცხოეთიდანაც გყოლიათ პაციენტები…
ის ფაქტი, რომ ერთი წლის განმავლობაში 150-ზე მეტი ოპერაცია გავაკეთეთ, რაც ევროპისთვისაც კი დიდი მაჩვენებელია, ალბათ მიუთითებს იმაზე, რომ რობოტული ქირურგია საქართველოში უკვე პოპულარულია. ვფიქრობ, მასზე წარმოდგენა აქამდეც ჰქონდათ და ამიტომაც დადიოდნენ ქართველები უცხოეთში. რადგან რობოტი საქართველოშია, ახლა უკვე ჩვენ მოგვმართავენ. ჩვენი სამეზობლოდან სერიოზული ინტერესია და დიდი მომართვიანობა. გვყოლია პაციენტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან, რუსეთის სამხრეთ ნაწილიდან. ასევე, მყოლია პაციენტები, რომლებიც ამერიკიდან და ევროპიდანაც კი ჩამოსულან.
- სამომავლოდ, რა სიახლეებს გვთავაზობთ ამ მიმართულებით, სხვა ექსკლუზიური ტექნოლოგიები თუა კლინიკაში?
ჩვენი კლინიკა შავი ზღვის არეში ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, განსაკუთრებით უროლოგიის მიმართულებით. ჩვენ გაგვაჩნია სხვა რობოტული ტექნოლოგიებიც, მაგ. რობოტული ფოკალური თერაპია – მისი საშუალებით პროსტატის სიმსივნეს ისე ვანადგურებთ, რომ პროსტატას ოპერაციის გარეშე ვინარჩუნებთ. გვაქვს პროსტატის ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის ისეთი საშუალებები, რომლებიც მაგნიტურ რეზონანსზე უფრო ეფექტური და იაფიცაა, უფრო მასობრივად, რამდენიმე ადგილას ინტენსიურად ვავლენთ სიმსივნეებს. გვაქვს კენჭის დამშლელი შვეიცარული აპარატი, რომელიც ნებისმიერ კენჭს შლის. ადამიანი ხუთჯერ რომ უნდა მივიდეს კენჭის დასაშლელად, მაგრამ მაინც ვერ შლიან მისი მდებარეობის, ან სიმკვრივის გამო, ჩვენთვის მსგავსი რამ უცხოა, ამ აპარატით ოპერაციის გარეშე შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის კენჭის დაშლა. რობოტული ტექნოლოგიები მუდმივ განვითარებაშია, ვაპირებთ მივდიოთ მას და სამომავლოდ სულ უფრო მეტი მიმართულებით გამოვიყენოთ. რობოტული ქირურგია დღეს უკვე გავრცელდა ნეიროქირურგიაში და კარდიოქირურგიაშიც კი, გამოდის ახალ-ახალი სახის რობოტები, ეს არის დაუშრეტელი მიმართულება და ჩვენ, როგორც რობოტული ცენტრი, ვაპირებთ, რომ ფეხდაფეხ მივყვეთ ამ ტექნოლოგიების განვითარებას თანამედროვე მედიცინაში.
“ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი გახლავთ” კავკასიაში ერთადერთი კლინიკა, სადაც ოპერაციები რობოტული სახით ტარდება.
სტატიის ავტორია ნანა ფიცხელაური