პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე – მის რთულ და გავრცელებულ შემთხვევებზე გვესაუბრება, უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი. MMT ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტი – ბავშვთა და მოზრდილთა უროლოგი, ონკოუროლოგი, პროფესორი.
პროსტატის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ის მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ან მეორე ადგილზეა.
მაგალითად, შვედეთში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე დიდია, ეს დაავადება პირველ ადგილს იკავებს. ზოგიერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში კი – მეორეს, ფილტვის კიბოს შემდეგ.
პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე, ძუძუს კიბოს მსგავსად, მსოფლიო ჯანდაცვის აქტუალური და გავრცელებული პრობლემაა.
დიდი ხანია, მრავალ ქვეყანაში მოქმედებს სკრინინგული პროგრამები პროსტატის სიმსივნური პათოლოგიის გამოსავლენად. თუმცა სიტუაცია იცვლება. დაახლოებით სამი წლის წინ, გავრცელდა ამერიკის პრევენციის სამსახურის რეკომენდაცია, რომ პროსტატის კიბოს სკრინინგი აღარ არის საჭირო.
ამას ძალზე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, უპირველეს ყოვლისა – ამერიკის უროლოგთა ასოციაციის მხრივ. 2013 წელს, კალიფორნიაში,
ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე, საკუთრივ ამერიკის უროლოგთა ასოციაციამაც უარყო პროსტატის კიბოს სკრინინგი.
სკრინინგ პროგრამების გამო აღირიცხა ზედმეტი მკურნალობის უამრავი შემთხვევა. გამოვლინდა უამრავი სიმსივნე. გამოვლინდა მათ შორის ისეთი “უსაფრთხო და უმნიშვნელო პროსტატის კიბოებიც”, რომლებიც ძალიან ნელა პროგრესირებს. ეს კობოები არავითარ პრობლემას არ უქმნის მამაკაცს აქედან გამომდინარე, მკურნალობას არ მოითხოვს.
პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე – არსებობს ისეთი ფორმები, რომლებიც, რომ არა მიზანმიმართული გამოკვლევა, შესაძლოა საერთოდ არ გამოვლენილიყო.
ადამიანმა შესაძლოა იცოცხლოს და საკმაოდ ხანდაზმულ ასაკსაც მიაღწიოს ისე, რომ ვერც კი გაიგოს პროსტატაში არსებული პრობლემის შესახებ. სამწუხაროდ, სკრინინგ პროგრამებმა ასეთი “უსაფრთხო და ნელა პროგრესირებადი კიბოებიც” მოაქცია აქტიური მკურნალობის ფოკუსში.
ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავ ადამიანს ჩაუტარდა ოპერაცია. ჩაუტარდათ სხივური, ჰორმონული თუ ქიმიოთერაპია. უამრავმა ადამიანმა განიცადა ამ მეთოდების უარყოფითი ეფექტები. შესაძლებელი იყო მათ საეროთოდ არ დასჭირვებოდათ მკურნალობა.
ზუსტი კრიტერიუმი იმის განსაზღვრისთვის, რომელი კიბოა მკვლელი და რომელი – არა, დღეს არ არსებობს. ცხადია, სიმსივნური პათოლოგიის გამოვლენისთანავე იწყება კვლევისა და მკურნალობის მთელი კასკადი. ამიტომ იყო, რომ ამერიკის პრევენციის სამსახურმა და ამერიკის უროლოგთა ასოციაციამ პროსტატის კიბოს რუტინული სკრინინგი უარყვეს.
სანაცვლოდ შემუშავდა ასეთი რეკომენდაცია: მამაკაცებს, რომელთაც არ აქვთ მემკვიდრეობითი დატვირთვა, პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენზე (PSA). გამოკვლევა შეუძლიათ ჩაიტარონ 55 წლიდან. 55 წლამდე მამაკაცებმა უნდა მიაკითხონ უროლოგს. ექიმი განუმარტავს მათ, რა მოჰყვება PSA-ს განსაზღვრას, კვლევისა და მკურნალობის რა კასკადი ჩაირთვება.
─ სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი მამაკაცი კარგად იცნობს ამ კასკადს. PSA-ს განსაზღვრა, მომატების შემთხვევაში -პროსტატის ბიოფსია, მორფოლოგიური ანალიზი, “სასიკვდილო განაჩენი”. შემდეგ – ჰორმონო- და ქიმიოთერაპია თავისი გვერდითი მოვლენებით.
─ ერთია პროსტატის “პატარა, უმნიშვნელო კიბოები”, რომლებიც არაფერს აშავებს. მეორეა გავრცობილი სიმსივნეები, რომელთა გავრცელების მაჩვენებელი, ჩვენთანაც ძალიან მაღალია.
პროსტატის შორს წასული კიბო იმით განსხვავდება უსაფრთხო ფორმისაგან, რომ შედარებით სწრაფად კლავს ადამიანს. რა თქმა უნდა, გააჩნია სიმსივნის ფორმასა და სტადიას.
შორს წასული პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე გულისხმობს:
შორს წასული სიმსივნე გულისხმობს პროსტატის ფარგლებს გარეთ გამოსულ კიბოს. ის შეიძლება იყოს ლოკალურად, ადგილობრივად გავრცობილი. როდესაც დარღვეულია პროსტატის კაფსულის მთლიანობა, სიმსივნე ჩაზრდილია შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავში. გავრცობილი ანუ მეტასტაზირებული, როდესაც მეტასტაზური დაზიანებები აღინიშნება რეგიონულ ლიმფურ კვანძებსა და ძვლებშიც. პროსტატის შორს წასული კიბო საკმაოდ აგრესიული სიმსივნეა. უამრავ დისკომფორტს იწვევს – სისხლს შარდში, ტკივილს წელის არეში, პარაპლეგიებს, შარდის შეკავებას და სხვა. ამიტომ ეს პათოლოგია მთელ მსოფლიოში ყურადღების ცენტრშია და აქტიურად შეისწავლება. ადრეულ, უმნიშვნელო, უსაფრთხო კიბოებზე კი დღეს დაკვირვების ტაქტიკას ამჯობინებენ. ამ ფორმამ შესაძლოა არავითარი ზიანი არ მიაყენოს ადამიანს, შესაბამისად, მკურნალობას არ მოითხოვს. უბრალოდ, უნდა დააკვირდნენ და პერიოდულად აკონტროლონ.
─ ბატონო გურამ, რას გვეტყვით პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდებზე, კერძოდ, კასტრაციაზე?
─ სამწუხაროდ, საქართველოში ეს მეთოდი ძალიან ფართოდ გამოიყენება. მაშინაც კი, როდესაც პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე სხვა მეთოდითაც იკურნება. ჩვენში რატომღაც ასეთი მიდგომაა: რა საჭიროა დასხივება, მით უფრო – ოპერაცია, როდესაც არსებობს მარტივი საშუალება – ინექცია. არადა ეს ნემსი არც ისე უსაფრთხოა.
ჰორმონოთერაპიას მრავალი გვერდითი მოვლენა და უარყოფითი ეფექტი ახლავს:
- ლიპიდური ცვლის დარღვევა;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- ინსულტი;
- შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი;
- ოსტეოპოროზი, ძვლის პათოლოგიური მოტეხილობა;
- დეპრესია;
- კასტრაცია მხოლოდ მცირე ხნით აჩერებს კიბოს პროგრესს.
კასტრაცია მხოლოდ მცირე ხნით აჩერებს კიბოს პროგრესს. გარკვეული ხნის შემდეგ წარმოიშობა უფრო აგრესიული სიმსივნური უჯრედები, რომლებიც ჰორმონოთერაპიაზე აღარ რეაგირებს.
გამოდის, რომ მკურნალობის ეს მეთოდი სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით დიდად ეფექტური არ არის. დღეს მთელ მსოფლიოში აქტიურად განიხილება სხვა, უფრო სრულყოფილი და ეფექტური მეთოდები. ბოლო ხანს გამოიკვეთა სრულიად სხვაგვარი მიდგომა – პროსტატის კიბოს შორს წასულ შემთხვევებშიც კი.
პირველადი კერის ლიკვიდაცია შემდგომი მულტიმოდალური თერაპიით გაცილებით შედეგიანია, ვიდრე იზოლირებული კასტრაცია.
საკითხი ძალიან აქტიურად განიხილება ონკოლოგიურ და უროლოგიურ კონგრესებზე. ამასთან დაკავშირებით მე და ჩემმა უცხოელმა კოლეგებმა – მსოფლიოს წამყვანმა უროლოგებმა ჟურნალ “ევროპის უროლოგიაში” სისტემური კოლაბორაციული სტატია გამოვაქვეყნეთ. ჩვენს სტატიაში აღნიშნულია, რომ პროსტატის შორს წასული კიბოს ბიოლოგიას შეიძლება სხვაგვარად შევხედოთ.
თუ წინათ ოპერაციულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, დღეს მიდგომა რადიკალურად განსხვავებულია.
ამას საფუძვლად უდევს უდიდესი მასალის ობიექტურ რეტროსპექტულ ანალიზზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნა. დასკვნას შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს.
კერძოდ, მკურნალობის ახალი ტაქტიკით, ასიდან 80 შემთხვევაში პაციენტთა უმრავლესობას სიცოცხლე მინიმუმ 10 წლით უხანგრძლივდება.
მართალია, მექანიზმები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, მაგრამ ცნობილია, რომ არსებობს კავშირი სიმსივნის დედისეულ ანუ მთავარ კერასა და შვილეულ ანუ მეტასტაზირებულ წარმონაქმნებს შორის. შესაბამისად, საწყისი, ძირითადი კერის მოცილება საგრძნობლად აადვილებს მეტასტაზებთან ბრძოლას. ციტორედუქცია, რაც სიმსივნური მასის შემცირებას ნიშნავს, დიდ როლს ასრულებს გავრცობილი სიმსივნეების მკურნალობაში.
ეს არ გახლავთ მხოლოდ რომელიმე ერთი სპეციალისტის იდეა. ეს არის საკმაოდ დიდ მასალაზე დაყრდნობით მიღებული დასკვნა. სწორედ ამან განაპირობა, რომ უახლეს სახელმძღვანელოებში გაჩნდა ასეთი რეკომენდაციები: პროსტატის კიბოს მე-3, მე-4 სტადიაზეც კი რადიკალური პროსტატექტომია (წინამდებარე ჯირკვლის სრული ამოკვეთა) შემდგომი რადიოთერაპიით, ჰორმონო ან ქიმიოთერაპიით მკურნალობის მნიშვნელოვანი და ეფექტური მეთოდია. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მეტად რთული ქირურგიული ოპერაციებია და უცხოეთშიც კი ყველა კლინიკაში არ ტარდება. არსებობს ცენტრები, რომლებიც დაკავებულნი არიან ამ რთული და არასტანდარტული ოპერაციებით.
─ ფაქტია, საქართველოში ონკოუროლოგები პროსტატის მე-3 და მე-4 სტადიის სიმსივნეებს ოპერაციულად არ მკურნალობდნენ.
მეტიც – ზოგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ მიდგომას. მიიჩნევს, რომ ოპერაცია კიდევ უფრო ართულებს, ავრცობს პათოლოგიურ პროცესს. ჩვენთან მკურნალობის სხვაგვარი ტაქტიკაა მიღებული, ჰორმონოთერაპია კი განსაკუთრბული პოპულარობით სარგებლობს…
─ როგორც მოგახსენეთ, დღეს პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის ბიოლოგია სრულიად სხვა რაკურსით განიხილება. შესაბამისად, აღარავინ კამათობს იმაზე, რომ მონოთერაპია შედეგს გამოიღებს.
ეფექტური და შედეგიანია სიმსივნის მულტიმოდალური მკურნალობა, ხოლო პირველადი კერის ლიკვიდაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
თინათინ გოცაძე
წყარო: mkurnali.ge-ს არქივიდან, 2017 წელი.
MMT ჰოსპიტალი – პროსტატის დაავადებების მკურნალობა, მსოფლიო მედიცინის სტანდარტების
შესაბამისი კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდებით.
საყოველთაო ჯანდაცვა ნაწილობრივ აფინანსებს ოპერაციის თანხებს!
დაგვიკავშირდით:
☎ ტელ.: 0322 23 40 23
✉ ელფოსტა: info@mmt.ge