myoma

ტეგები: ,

როგორ მკურნალობენ საშვილოსნოს მიომებს

საშვილოსნოს მიომა მისი სხეულის ან ყელის კედელში კუნთოვანი გარსიდან (მიომეტრიუმიდან) განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. მას ხშირად ფიბრომიომასაც უწოდებენ შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტების შემცველობის გამო ან ლეიომიომის სახელით მოიხსენიებენ.

მიომა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიაა (გინეკოლოგიურ დაავადებათა 12-25 %-ს შეადგენს). ავადობის განსაკუთრებით მაღალი სიხშირე გვიანი რეპროდუქციული ხანის ან კლიმაქსის წინა პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.

ე.წ. მიომატოზური კვანძი ქაოტურად გადახლართული გლუვკუნთოვანი ბოჭკოებისაგან შექმნილი გორგალია. კვანძების უმრავლესობა, ჩვეულებრივ, რამდენიმე მილიმეტრის ან სანტიმეტრის დიამეტრისაა, თუმცა, ზოგი კვანძი ძალიან დიდ ზომას აღწევს და რამდენიმე კილოგრამსაც იწონის. ყველაზე დიდი კვანძი, რომელიც მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაშია აღწერილი _ 63 კგ-ს იწონიდა.

მიომის ყველა კვანძი ერთი გლუვკუნთოვანი უჯრედის არასწორი დაყოფის შედეგად აღმოცენდება, აქედან გამომდინარე, კვანძის ყველა უჯრედი იდენტურია. საშვილოსნოს მიომა ჰორმონდამოკიდებულ სიმსივნედ მიიჩნევა.

ამას ამყარებს შემდეგი ფაქტორები:
• სიმსივნურ წარმონაქმნში აღმოჩენილია სასქესო ჰორმონების რეცეპტორები;
• მიომა ვითარდება რეპროდუქციულ ასაკში, როდესაც ესტროგენების დონე მაღალია;
• მიომა რეგრესირებს მენოპაუზის შემდეგ, როდესაც ესტროგენების დონე იკლებს;
• მიომა ზოგიერთ ქალს უვითარდება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ესტროგენების შემცველი პრეპარატების მიღების ფონზე;
• ლეიომიომები ესტრადიოლს ესტრონში გარდაქმნიან;
• ლეიომიომები შეიცავს დიდი რაოდენობით ციტოქრომ პ450 არომატაზას, რომელიც ანდროგენებს ესტროგენებად გარდაქმნის.
განასხვავებენ მიომის ერთეულოვან და მრავლობით ფორმებს. საშვილოსნოში კვანძების განლაგების მიხედვით კი გამოიყოფა:
• სუბმუკოზური ანუ ლორწქვეშა მიომები _ რომლებიც უფრო მეტად საშვილოსნოს ღრუსკენაა განთავსებული, შედარებით იშვიათად გვხვდება, ზოგჯერ წვრილი ფეხი აქვთ და საშვილოსნოს ყელში ან საშოში ეშვებიან. ასეთ დროს “დასაბადებელ” კვანძებზე საუბრობენ;
• ინტერსტიციული, ინტრამურული (კუნთშიდა) მიომები – როდესაც კვანძები საშვილოსნოს კედლის სისქეში, უშუალოდ კუნთოვან შრეშია განთავსებული;
• სუბსეროზული (სეროზული გარსის ქვეშ მდებარე) მიომები _ რომლებიც მუცლის ღრუსკენაა ლოკალიზებული უშუალოდ პერიტონეუმის ფურცლის ქვეშ, შეიძლება ჰქონდეთ ნაკლები დიამეტრის საფუძველი, ვიდრე საკუთრივ კვანძს, ამიტომაც მათ უწოდებენ “კვანძებს ფეხზე;”
• საშვილოსნოს ყელის მიომები.
ყველაზე გავრცელებულია ინტერსტიციული მიომა. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით მისი სიხშირე 51-დან -61 %-მდე მერყეობს.

რა იწვევს მიომის განვითარებას?
საშვილოსნოს მიომის განვითარება უხშირესად ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებს უკავშირდება – ძირითადად ესტროგენების კონცენტრაციის მომატებას. ეს უკანასკნელი რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდა ქალბატონებთან შეინიშნება. ესტროგენების ბუნებრივი (ფიზიოლოგიური) შემცირების ფონზე მენოპაუზის შემდეგ საშვილოსნოს მიომა შესაძლოა თავისთავად, ყოველგვარი თერაპიის გარეშე გაქრეს.

მიომის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს:
• გენეტიკური წინასწარგანწყობა;
• ჰორმონული ძვრები;
• ადენომიოზი;
• სასქესო ოგანოთა ანთებითი დაავადებები;
• ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მათ შორის შაქრიანი დიაბეტი);
• ქრონიკული სისტემური დაავადებები;
• ჭარბი წონა და უმოძრაობა;
• ქრონიკული სტრესული მდგომარეობა;
• საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივების გამოყენება,
მიომა შეიძლება განვითარდეს აბორტების ან ანორგაზმიის (სქეოსობრივი დაუკმაყოფილებლობის) შედეგად.

ძირითადი სიმპტომები
50% შემთხვევაში საშვილოსნოს მიომა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთი მიმდინარეობა ძირითადად მცირე ზომის ერთეულოვან ან მრავლობით კუნთშიდა და სუბსეროზულ მიომებს ახასიათებთ.

დიდი ზომის მიომები ყოველთვის ავლენს თავს. ტიპიურ სიმპტომს წარმოადგენს მენორაგია (ჭარბი მენსტრუაცია), მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება. მენორაგიები ძირითადად ლორწქვეშა მიომებს ახასიათებთ. მიომის ზრდის კვალად მენსტრუაცია სულ უფრო ჭარბი და ხანგრძლივი ხდება, რაც ხშირად ანემიის განვითარებასაც იწვევს. მუცლის ქვედა არის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება უფრო მეტად სუბსეროზულ და კუნთშიდა მიომებს ახასიათებთ, განსაკუთრებით კვანძის დიდი ზომებისას.

ტკივილი უხშირესად მენსტრუაციის დროს აღმოცენდება და შეტევითი ხასიათისაა (შემბოჭავი), შეიძლება მჭრელი ხასიათისაც კი იყოს, – მიომატოზური კვანძის ფეხზე შემოგრეხვის შემთხვევაში (შედარებით იშვიათი გართულებაა). საშვილოსნოს მიომის იშვიათი სიმპტომებიდან აღსანიშნავია უნაყოფობა და მეზობელი ორგანოების (შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის) ფუნქციური დარღვევები.

როგორ მკურნალობენ 
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია კვანძების ზომასა და რაოდენობაზე, ასევე გამოხატულ სიმპტომებსა და მათ ინტენსივობაზე. მცირე ზომის, უსიმპტომოდ მიმდინარე კვანძების შემთხვევაში ლოდინისა და დინამიკაში დაკვირვების ტაქტიკას მიმართავენ, მით უფრო, თუ ქალი კლიმაქსის პერიოდს უახლოვდება.

ქირურგიული მკურნალობა
წინათ საშვილოსნოს მიომის მკურნალობის ერთადერთ მეთოდს ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) წარმოადგენდა. ბოლო პერიოდში თანამედროვე, ნაკლებტრავმული და მაღალეფექტური მეთოდების დანერგვის გამო ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება.

ენდოსკოპიური მეთოდი
მიომატოზურ კვანძებს ენდოსკოპიური ჩარევითაც მკურნალობენ (კვეთენ), სუბსეროზულ კვანძებს – ლაპარასკოპიით, ხოლო ლორწქვეშა კვანძების მოკვეთას ჰისტეროსკოპიით მიმართავენ.

ემბოლიზაცია
არსებობს საშვლოსნოს მიომის ემბოლიზაციის მეთოდით მკურნალობა. Aამ დროს ხდება საშვილოსნოს არტერიათა დახშობა – ემბოლიზაცია, რის გამოც მიომატოზურ კვანძს სისხლის მიმოქცევა, კვება უწყდება და ის დროთა განმავლობაში გაიწოვება. აღნიშნული პროცედურის დროს ბარძაყის არტერიიდან საშვილოსნოს არტერიაში შეიყვანება კათეტერი (კვანძის მკვებავ სისხლძარღვს ზოგჯერ საშვილოსნოს ღრუდანაც უდგებიან კათეტერით); მოძიებულ, ე.წ. სამიზნე არტერიაში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვის დახშობას- ემბოლიზაციას იწვევს. ამ ტიპის ჩარევა ნაკლებინვაზიურ მეთოდად მიიჩნევა, ნარკოზსა და პაციენტის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

ფუზ-აბლაცია
ფუზ-აბლაცია საშვილოსნოს მიომების მკურნალობის ნაკლებინვაზიური და ორგანოშემნახველი მეთოდია, რომლის დროსაც მიომატოზური კვანძის კოაგულაცია – თერმულად დაზიანება, იგივე დესტრუქცია, მაღალინტენსიური, ფოკუსირებული ულტრაბგერითი იმპულსებით ხდება. საყურადღებოა, რომ ფუზ-აბლაცია ძირითადად გამოიყენება ფიბრომიომების სამკურნალოდ (ეს უკანასკნელი მიომების 70 %-ს შეადგენს), რადგან ფოკუსირებული ულტრაბგერითი იმპულსების მთავარ სამიზნეს მიომატოზურ კვანძში არსებული შემაერთებელი ქსოვილი წარმოადგენს. სწორედ შემაერთებელ ქსოვილში აკუმულირდება თერმული ნეკროზისათვის საჭირო ენერგია და ტემპერატურა.

მიომატოზურ კვანძებს მათი ლოკალიზაციისა და ჩვენების მიხედვით ღია წესით (მუცელკვეთით) მიმდინარე ოპერაციული ჩარევებითაც აცილებენ, ჰისტერექტომიას ანუ საშვილოსნოს მთლიანად ამოკვეთას კი მაშინ მიმართავენ, როდესაც სხვა ნაკლებრადიკალური მეთოდების გამოყენება შეუძლებელია.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდსა და ჩარევის ტაქტიკას პაციენტის მდგომარეობისა და არსებული კვანძების თავისებურებათა მიხედვით ექიმი-სპეციალისტი განსაზღვრავს.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშვილოსნოს მიომების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • sopo :

    gamarjobat mioma maqvs da mshobiaroba tu sheicleba bolo tveshi var miomac didia

    • mmthospital :

      მოგესალმებით სოფო, მიომური კვანძის ზომასთან და მდებარეობასთან დაკავშირდებით მშობიარობის შემდეგ სისხლდენის რისკი არსებობს. ამიტომ მეან–გინეკოლოგმა უნდა შეაფასოს შესაძლო გართულებები.