ტეგები: ,

ჰორმონოთერაპია პროსტატის კიბოს დროს

პროსტატის კიბო უხშირესად ვითარდება  50 წელს  გადაცილებულ მამაკაცებში. იგი შედარებით ნელა მზარდი სიმსივნეა და ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მამაკაცებში. პროსტატის შორსწასული კიბოს (T1-4 N0-1 M1) მკურნალობის ოქროს სტანდარტად მოწოდებულია  ჰორმონოთერაპია.

პროსტატის კიბო  თავისი ქსოვილოვანი შენებით არის უხშირესად ადენოკარცინომა (ჯირკვლოვანი) კიბო. პროსტატის ქსოვილი (ნორმალური და სიმსივნური) იზრდება  მამაკაცის  ჰორმონების -ანდროგენების  ზემოქმედებით. ამიტომაც იგი მიეკუთვნება  ჰორმონდამოკიდებულ სიმსივნეთა ჯგუფს, მაგრამ იგი ყოველთვის შეიცავს  ჰორმონებისადმი რეზისტენტულ  უჯრედებს (რომელნიც განაგრძობენ სიცოცხლეს, მიუხედავად კასტრაციისა).

კასტრაციის შემდგომ  ყველა წინამდებარე ჯირკვლის კიბო ოდესღაც (ინდივიდუალურია დროის ხანგრძლივობა) ხდება ჰორმონრეზისტენტული და იმ ეტაპზე იწყება დაავადების პროგრესირება – დაავადება გადადის ე.წ. ჰორმონ-რეფრაქტორულ ფაზაში.

თვითონ ჰორმონოთერაპია,  უფრო გასაგები რომ გახდეს, გულისხმობს  სიმსივნის  „მკვებავი“ ტესტოსტერონის (მამაკაცის სასქესო ჰორმონის) დაბლოკვას ორგანიზმში. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც  მედიკამენტური (ესტროგენები, LH-RH ანალოგები), ასევე ქირურგიული კასტრაცია (ორქექტომია).

როგორც ზემოთ ავხსენით,  ჰორმონოთერაპიული მკურნალობა მიმართულია მამაკაცის ორგანიზმიდან  ანდროგენების  მაქსიმალურად მოცილებისკენ. კაცის ორგანიზმში  ანდროგენების  ძირითადი წყარო  არის სათესლე ჯირკვლები. მიუხედავად აღნიშნულისა, მამაკაცის ორგანიზმში ანდროგენები გამომუშავდება ასევე თიკმელზედა  ჯირკვლებშიც. პროსტატის ქსოვილზე მათი გავლენის გასანეიტრალებლად  დამატებით  გამოიყენება  ე.წ. ანტიანდროგენები, რომელნიც აბლოკირებენ  ანდროგენების მასტიმულირებელ  მოქმედებას  პროსტატის სიმსივნურ უჯრედებზე. ასეთ კომბინაციას (ჰორმონოთერაპია+ანტიანდროგენები) ეწოდება – მაქსიმალური ანდროგენული ბლოკადა.

გონადოტროპული  რილიზინგ ჰორმონის აგონისტებია: გოზერილინი, ლეუპროლიდი, დეკაპეპტილი, დიფერილი და ა.შ. არსებობს 1 თვიანი და 3 თვიანი დოზები. პირველი ინექციის  შემდგომ  პირველ დღეებში ხდება ტესტოსტერონის  მეტაბოლიზმის აქტივაცია (აფეთქების ფენომენი), რამაც შეიძლება  გამოიწვიოს  ტკივილის მომატება მეტასტაზურ უბნებში  და შარდის შეხუთვა. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად LH-RH ანალოგებით მკურნალობის დაწყებამდე  5-7 დღის განმავლობაში პაციენტებს  უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა ანტიანდროგენებით.

ჰორმონოთერაპიას აქვს მთელი რიგი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: ლიპიდური ცვლის დარღვევა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი, ოსტეოპოროზი (უკანასკნელის გართულებას წარმოადგენს პათოლოგიური მოტეხილობა).

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: