26-27 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის II საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. ეს იქნება ჭეშმარიტად უპრეცენდენტო წარმომადგენლობის და გავლენის მქონე სამეცნიერო დღესასწაული, რომელზეც ერთ დიდ გუნდად იქნებიან წარმოდგენილი უროლოგიური კიბოს მკურნალობისა და მეცნიერული კვლევის ლიდერები, როგორც მსოფლიოს წამყვანი, ასევე საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან. კონგრესი უპრეცენდენტო იქნება იმ კუთხითაც, რომ გაიმართება მულტიდისციპლინური სამეცნიერო ფორუმი, რომელიც გააერთიანებს უროლოგიური კიბოს დაძლევის საქმეში ჩართულ (მოღვაწე) ყველა დარგის სპეციალისტს – ონკოუროლოგებს, კლინიკურ ონკოლოგებს, სხივურ თერაპევტებს, რადიოლოგებს, პათოლოგანატომებს, ბიოლოგებს და სხვა. კონგრესს ასევე დაესწრებიან სტუდენტები და რეზიდენტები, რომლებიც სპეციალიზაციას ან სტაჟირებას გადიან ონკოლოგიის შესაბამის სფეროში და მომიჯნავე სპეციალობებში.
კონგრესზე წარმოდგენილი იქნებიან წამყვანი სპეციალისტები – ექსპერტები, პროფესიონალური გაერთიანების ლიდერები, ონკოლოგიური სფეროს ელიტარული ფიგურები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და რა თქმა უნდა, საქართველოდან.
ჩვენი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებას მიეცემა უნიკალური შანსი საქართველოდან გაუსვლელად, მშობლიურ ენაზე მოისმინოს და გაეცნოს მსოფლიო მიღწევებს, უახლეს მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ონკოლოგიური უროლოგიის დარგში (კერძოდ, პროსტატის, შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს).
ის, რომ საქართველო უმასპინძლებს ამ გრანდიოზულ ღონისძიებას – მსოფლიო კონგრესს და მისი ორგანიზატორია საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციია, თავისთავად მეტყველებს ჩვენი ქართული მედიცინის მაღალ დონესა და ავტორიტეტზე მთელ მსოფლიოში, რაც ბუნებრივია, საამაყოა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ექიმი-სპეციალისტებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ეს ღონისძიება ქართველი სპეციალისტებისა და საზოგადოდ ქვეყნისათვის, ონკოუროლოგიის განვითარება-სრულყოფისათვის საქართველოში, ვინ გვეწვევა და რა არის კონკრეტულად დაგეგმილი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კონგრესის მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, MMT-ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი:
– ბატონო გურამ, პროფესიონალმა ექიმებმა კარგად იციან ამ მასშტაბის ღონისძიებათა მნიშვნელობა და ფასი პროფესიული განვითარების კუთხით, შესაბამისად, ყველა მათგანის სახელით მადლობას მოგახსენებთ ამ საინტერესო და გრანდიოზული კონგრესის ორგანიზებისათვის! იმედი გვაქვს პირველი კონგრესის მსგავსად ამჯერადაც ყველაფერი მაღალ დონეზე და წარმატებით ჩაივლის და ეს საერთაშორისო ღონისძიება კიდევ ერთ საპატიო ფურცლად ჩაიწერება ქართული მედიცინის ისტორიაში. მანამდე კი კონგრესის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებებზე მოგვახსენეთ. .
– მოგეხსენებათ, ონკოლოგია სადღეისოდ მეტად აქტუალური და საყურადღებოა, რადგან, გარემოს დაბინძურების, ცხოვრების რიტმისა თუ სხვა ფაქტორთა გამო, სამწუხაროდ, ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო მატულობს. შესაბამისად, მთელ მსოფლიოში ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა – უამრავი კვლევა ტარდება, იხვეწება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები, ყალიბდება ახალი მიდგომები, იქმნება ახალი მედიკამენტები, ყოველივე ეს იმდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და რაც მთავარია, იმდენად ფართომასშტაბურია, რომ ერთი ადამიანისთვის ყველაფრის გაცნობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ფიზიკურად შეუძლებელი, მითუმეტეს რომ ონკოლოგია ვიწრო სპეციალობა არ გახლავთ, მულტიდისციპლინურია, მოიცავს ონკოქირურგიას, კლინიკურ ონკოლოგიას, სხივურ თერაპიას, რადიოლოგიას, პათოლოგანატომიას, საზოგადოდ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ყოველწლიურად იმდენი სიახლე გროვდება, რომ ყველაფრისათვის თვალის მიდევნება, ცალ-ცალკე ყველა სტატიის გაცნობა და ანალიზი შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საექსპერტო დასკვნებს, შეჯერებულ ინფორმაციებსა და გამოყოფილ სიახლეებს (ე.წ აფდეითებს), ასევე სპეციალისტთა საერთაშორისო შეკრებებს, სიმპოზიუმებსა და კონგრესებს, რომლებზეც უზღვავი ინფორმაციის შეჯერება, ანალიზი, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალთა დაახლოება ხდება.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საერთაშორისო კონგრესებში მონაწილეობა ძალიან ძვირი ჯდება (სარეგისტრაციო თანხები ასობით და ზოგჯერ ათასზე მეტ ევროსაც კი უტოლდება), მთლიანობაში დიდ ფინანსებს უკავშირდება სხვა ქვეყანაში მოგზაურობა და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა, გასაგები გახდება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი სპეციალისტებისთვის სამშობლოში ამ ტიპის ღონისძიების ჩატარებას. ჩვენს პრაქტიკოს ექიმებს, მეცნიერებს, ყველა დაინტერესებულ პირს, ეძლევა უნიკალური შანსი მშობლიურ ენაზე მოისმინოს და გაეცნოს ონკოლოგიური სფეროს ყველა სიახლეს, უშუალოდ დარგის მსოფლიო ლიდერებისაგან და ელიტარული წარმომადგენლებისაგან მოისმინოს თანამედროვე მიღწევები;
საერთაშორისო კონგრესი ერთგვარი სარბიელია სპეციალისტებისთვის, რადგან მათ საერთაშორისო მასშტაბის ექსპერტების წინაშე საკუთარი მიგნებებისა და გამოცდილების მოხსენების, აზრთა გაზიარების, საინტერესო კითხვებზე მაღალკვალიფიციური პასუხების მიღების უნიკალური საშუალება ეძლევათ.
საერთაშორისო კონგრესები დიდმნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა გაცნობა-დაახლოების, პროფესიული კონტაქტების ჩამოყალიბების, ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისითაც. ამას ხშირად მოსდევს ხოლმე ექიმთა სტაჟირება უცხოეთში, ერთობლივი პროექტები. ყოველივე ეს კი პოზიტიურად აისახება ექიმთა კვალიფიკაციაზე, ცოდნის ამაღლებაზე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე, საბოლოოდ მსოფლიო მედიცინის განვითარება-სრულყოფასა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე.
ჩვენთვის, როგორც ორგანიზატორებისათვის, საამაყოა, ამ დიდ საქმეში წვლილის შეტანა და როგორც ამბობენ, კიდევ ერთი აგურის დადება!
– ცნობილია, რომ დაგეგმილი ღონისძიება გამორჩეული იქნება თავისი მასშტაბითა და წარმომადგენლობით, მსოფლიოს ცნობილი და წამყვანი სპეციალისტები ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენი ონკოლოგებისათვის ნამდვილი ზეიმი იქნება.
– მართლაც უპრეცენდენტო მასშტაბის კონგრესი ჩატარდება ონკოლოგიურ უროლოგიაში. Aთამამად შემიძლია განვაცხადო, ამ მასშტაბის მულტიდისციპლინური ღონისძიება უროლოგიურ კიბოზე დღემდე არ ჩატარებულა საქართველოში, რადგან უპრეცენდენტო რაოდენობისა და ძალიან მაღალი რანგის მსოფლიო დონის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. პირველად საქართველოს ისტორიაში გვესტუმრება ამერიკის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარე და პროფესორი – ქრისტოფერ ევანსი (კალიფორნია, აშშ); ნევარკის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის, უროლოგიური სამსახურის უფროსი (ნიუ ჯერსი, აშშ) – ვლადისლავ ბარგმანი. გვეწვევიან ჩვენი მეგობრები ევროპიდან, მსოფლიო მასშტაბის ლიდერები:
- ევროპის უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე – ჰენდრიკ ვან პოპელი (ლუვენი, ბელგია);
- ევროპის უროლოგთა ასოციაციის ონკოუროლოგიის სექციის თავმჯდომარე, იტალიის უროლოგიური საზოგადოების ექსპრეზიდენტი – მაურიციო ბრაუსი (მოდენა, იტალია);
- ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების შარდ-სასქესო კიბოს ფაკულტეტის წევრი – ანდრეა ნეჩი (მილანი, იტალია);
- ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, გერმანიის უროლოგთა ასოციაციის ექსპრეზიდენტი, ევროპის უროლოგთა საბჭოს ექსპრეზიდენტი შტეფან მიულერი (ბონი, გერმანია);
- გუსტავ რუზის კიბოს ინსტიტუტის უროლოგიისა და პროსტატის ბრაქითერაპიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი – ალბერტო ბოსი (საფრანგეთი);
- ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ექსგენერალური მდივანი შვედეთიდან – პერ-ანდერს აბრაჰამსონი (მალმო, შვედეთი);
- ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის თირკმლის კიბოს პროგრამის დირექტორი – მანუელა შმიდინგერი (ვენა, ავსტრია);
- ჩარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის შარდ-სასქესო კიბოს მედიცინის, ინტერდისციპლინური სექციის ხელმძღვანელი – მარიადე სანსტისი (ბერლინი, გერმანია);
- ლუნდის უნივერსიტეტის (ლუნდი, შვედეთი) ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, საქართველოს სახელოვანი მეცნიერი ზაალ კოკაია;
- სკანეს უნივერსიტეტის პროფესორი ონკოუროლოგი და რობოტული ქირურგი გორან ალგრენი (მალმო, შვედეთი).
ჩვენი რეგიონის წამყვანი ფიგურები, კერძოდ:
- რუსეთის ონკოუროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მოსკოვის წამყვანი ონკოლოგიური დაწესებულების, აკადემიკოს ბლოხინის სახელობის რუსეთის ნაციონალური კიბოს კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი – ვსევოლდ მატვეევი (მოსკოვი, რუსეთი);
- მოსკოვის გერცენის სახელობის რადიოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ონკოუროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ბორის ალექსეევი (მოსკოვი, რუსეთი);
- უკრაინის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი და უკრაინის კიბოს ცენტრის ონკოუროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ედუარდ სტახოვსკი (კიევი, უკრაინა);
- ბელორუსიის კიბოს ცენტრის ონკოუროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი – სერგეი პოლიაკოვი (მინსკი, ბელორუსია);
- სომხეთის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სერგეი ფანარჯიანი და ვიცეპრეზიდენტი არმენ ავოიანი (ერევანი, სომხეთი);
- აზერბაიჯანის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სამირ ჯავად-ზადე და აზერბაიჯანის ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე და უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ფუად გულიევი (ბაქო, აზერბაიჯანი);
- უზბეკეთის ონკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, კიბოს ეროვნული ცენტრის დირექტორი და უზბეკეთის მთავარი ონკოლოგი მირზაგალებ ტილიაშაიხოვი (ტაშკენტი, უზბეკეთი) და სხვები.
პრაქტიკულად მსოფლიო ონკოლოგთა ელიტა, კონგრესზე მოწვეული იქნება საქართველოს მედიკოსთა ფართო წრე. დასწრება შეეძლება ყველას, ვინც კი ჩართულია ონკოუროლოგიის სფეროში და დაინტერესებულია ამ დარგის სიახლეებითა და მიღწევებით.
კონგრესი ჩატარდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს წამყვანი სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულება, უკვე მეორედ მასპინძლობს საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ უმაღლესი რანგის კონგრესს, რაც ვფიქრობ, ჩვენი ღონისძიების სამეცნიერო ღირებულებისა და მნიშვნელობის თავისებური აღიარებაა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის რექტორს – გიორგი შარვაშიძეს. კონგრესზე პროფესიონალ თარჯიმანთა სინქრონული თარგმანის დახმარებით ქართველ სპეციალისტებს საშუალება ექნებათ მშობლიურ ენაზე მოისმინონ ინფორმაციები და ჩაერთონ შესაბამის დისკუსიებში.
– ბატონო გურამ, უდავოა, რომ ამ რანგის ღონისძიების მასპინძლობა საქართველოსთვის გარკვეულწილად სარეკლამო მნიშვნელობისაა, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებისათვის მის უდიდეს მნიშვნელობაზე, როგორ მოახერხეთ ამ ელიტური ფიგურების, ჩვეულებრივ, ძალზე დატვირთული და დაკავებული ადამიანების შეკრება?
– ჰოო, ეს ნამდვილად ურთულესი ამოცანაა ხოლმე ღონისძიების ორგანიზებისას. ძალიან ძნელია ამ ელიტური ფიგურების ჯერ მოწვევა და შემდეგ მათი დროში დამთხვევა, ასე ერთად შეკრება; მოგეხსენებათ, მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, ჩვეულებრივ, ასე შემთხვევით არ სტუმრობენ ქვეყნებს. ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი ამ პრობლემის გადაჭრისას, წამყვანი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალურ თანამშრომლობას და ავტორიტეტს. ზემოთ ჩამოთვლილი თითქმის ყველა პროფესიონალი პირადად მიცნობს, იცნობს ჩემს საქმიანობას, ჩვენ შევხვედრივართ საერთაშორისო კონგრესებზე, ერთმანეთს ვიცნობთ სამეცნიერო პუბლიკაციებიდან, ზოგიერთ მათგანთან გავდიოდი სტაჟირებას წლების განმავლობაში და ა.შ.
ეს მსოფლიო და რეგიონული ლიდერები პატივს დაგვდებენ და გვეწვევიან ჩემი პირადი მოწვევით, ჩვენი ახლო მეგობრული და პროფესიონალური ურთიერთობის გათვალისწინებითა და ურთიერთთანამშრომლობის პატივისცემით. რაც ვფიქრობ, ჩვენი პოტენციალის, გამოცდილებისა და საზოგადოდ, საქართველოში ონკოუროლოგიის დარგის წარმატების აღიარების დამადასტურებელია; ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პროფესიონალურ დონეზე ვურთიერთობთ, ვთანამშრომლობთ, რომ ქართული ონკოლოგიური უროლოგია და საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის მედიცინა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინის რელსებზეა.
არ დაიჯერებთ და რამდენიმე სპეციალისტი სხვა კონგრესებიდან პირდაპირ ჩამოფრინდება საქართველოში, ბევრმა სპეციალურად გადადო უამრავი საქმე, მოზანმიმართულად მოიცალა კონგრესისათვის, რაც ასევე მეტად დასაფასებელი და საამაყოა ჩვენთვის. ზოგიერთი ლიდერი იმდენად მოუცლელია, რომ დილით უნდა ჩამოფრინდეს, მოხსენება წარმოადგინოს და საღამოს უკან დაბრუნდეს თავის ქვეყანაში – ეს ჩვენი და საქართველოს უდიდესი დაფასებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი კონგრესის ზოგიერთი მონაწილე 2017 წელს გამართულ ღონისძიებასაც ესწრებოდა, აღფრთოვანებული იყო საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის მიერ ორგანიზებული პირველი კონგრესით და წლევანდელ შეკრებაში მონაწილეობის დიდი სურვილი გამოხატა.
ჩემი კოლეგების აღფრთოვანებას არ ჰქონდა საზღვარი, როდესაც შეიტყვეს ამერიკის ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარის – ქრისტოფერ ევანსის სტუმრობის შესახებ. ეს პროფესორი თანამედროვე მეცნიერების უარღესად ავტორიტეტული ფიგურაა, ძალიან დატვირთული და დაკავებული. მისი მოხსენების მოსმენა და მასთან პირადად შეხვედრა დღესასწაულია ნებისმიერი რანგის და ქვეყნის სპეციალისტისთვის, შესაბამისად, თავად განსაჯეთ, რა პატივია მისი სტუმრობა ჩვენი ქვეყნისთვის.
ამგვარად, ჩვენ ეს შევძელით და ყველა ლეგენდარული ფიგურა აუცილებლად ეწვევა საქართველოს. ბუნებრივია, კონგრესის პროგრამა მეტად დატვირთულია, სამეცნიერო ნაწილის გარდა, დაგეგმილია ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია, ღონისძიება იქნება პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული, მაქსიმალურად შევეცდებით უცხოელი სტუმრების მოხიბვლას, რომ მათ დიდი შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებულებმა დატოვონ საქართველო.
დასასრულ არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი დიდი მეგობრისა და მასწავლებლის (ვისთანაც მე გერმანიაში სამი წელი გავატარე, უამრავი რამ ვისწავლე და შევითვისე), გერმანიის უროლოგთა ასოციაციის ექსპრეზიდენტის, ევროპის უროლოგთა საბჭოს ექსპრეზიდენტის, მსოფლიოში ცნობილი ქირურგისა და უროლოგის, ამჟამად ბონის უნივერსიტეტის უროლოგიური დეპარტამენტის დირექტორის – შტეფან მიულერის ვიზიტი, რომელიც მე ყოველთვის განსაკუთრებულად მახარებს. შტეფან მიულერი ხშირად სტუმრობს საქართველოს, გვერდში გვიდგას, გვეხმარება ყველა თანამედროვე მეთოდის დანერგვასა თუ სიახლის გაცნობაში, ჩემთვის საამაყოა, რომ ის თავადაც ბედნიერია და სიამოვნებას იღებს ამ თანამშრომლობით, ერთობლივი მოღვაწეობით. მის მოხსენებას, თირკმლისა და შარდის ბუშტის კიბოს მინიმალურ-ინვაზიურ თერაპიაზე დიდი ინტერესით ელიან სხვადასხვა ქვეყნის კოლეგები.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პირველად ესტუმრება მსოფლიო უროლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ექსგენერალური მდივანი პერ-ანდერს აბრაჰამსსონი. იგი ჩემი მეგობარია, ამ დიდ პროფესიონალთან მე ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი შვედეთში.
ასე რომ ძალიან საინტერესო და მნიშვენლოვანი კონგრესი გველოდება!
– გისურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას იმ რთულ და საპასუხიმგებლო საქმეში, რასაც პაციენტთა მკურნალობასა და გადარჩენასთან ერთად, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის დარგის განვითარება, ქვეყნის სასახელოდ საერთაშორისო ღონისძიებების გამართვა და საზოგადოდ, ქართულ მედიცინაზე ზრუნვა ჰქვია!
ესაუბრა თინათინ გოცაძე