საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი წყლული

საშვილოსნოს წყლული ფაქტობრივად მისი ლორწოვანი გარსის დეფექტია ქსოვილოვანი ნეკროზის (ადგილობრივი სიკვდილის) გამო. მშობიარობის შემდგომი წყლული შეიძლება იყოს როგორც ტრავმული, ასევე ინფექციური წარმოშობის. მისი განვითარების მიზეზი უხშირესად ორივე ფაქტორის კომბინაციაა. მშობიარობის დროს განვითარებული ჭრილობის დაინფიცირება ზოგჯერ დასაბამს აძლევს წყლულის განვითარებას.

ჭეშმარიტი წყლული (ანუ ეპითელური ქსოვილის დეფექტი) ფაქტიურად წითელი ფერის ჭრილობაა ლორწოვან გარსზე. მას მოლურჯო ელფერი და ხავერდოვანი ზედაპირი აქვს. ხშირად სისხლმდენია. პერიფერიული ქსოვილი ჰიპერემიული (სისხლსავსე და შეწითლებული) და შეშუპებულია, (მშობიარობის შემდგომი წყლული შესაძლოა შორისის ან საშოს არეშიც გაჩნდეს).

ანთებითი პროცესი ამ დროს ნეკროზული ნადების განვითარებით გამოირჩევა. თან ახლავს სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს არეში, ზოგჯერ ირადიაციით კუდუსუნის მიდამოში, ასევე ტემპერატურული რეაქცია.

არის შემთხვევები, როდესაც საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი წყლული უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
მშობიარობის შემდგომი წყლული, როგორც წესი, სარკეებით დათვალიერებისას ადვილად ვლინდება.

მკურნალობა

განსაკუთრებული მნიშვნელოვა ენიჭება ადგილობრივ მკურნალობას, რომელიც მიმართულია ნეკროზული (ხშირად ჩირქიანი) ნადების მოცილებისა და ქსოვილის რეგენერაციისაკენ (აღდგენისაკენ).

ჭრილობის ნადებისაგან განთავისუფლების მიზნით იყენებენ ნატრიუმის ქლორიდის 10%-ან ხსნარში დასველებულ დოლბანდის ტამპონებს. დაწყლულებული ზედაპირის ნადებისაგან მაქსიმალურად გაწმენდის შემდეგ გრანულაციური ქსოვილის სტიმულაციის მიზნით ჭრილობის ტამპონადას პროტეოლიზური ფერმენტებით (ტრიფსინი, ქიმოტრიფსინი) გაჯერებული ტამპონებით ახდენენ (პრეპარატის 10-20 გრამს ნოვოკაინის 0,25 % -ან ხსნარში ხსნიან).

სასურველია წყლულოვანი ზედაპირის ჩამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარებით და ამის შემდეგ სხვადასხვა მალამოს (ლევომეკოლის, სინტომიცინის, ვიშნევსკის) აპლიკაცია.
წყლულის მკურნალობის მეთოდებიდან ტრადიციული და ყველაზე მეტად გავრცელებულია დიათერმოკოაგულაცია (იგივე მოწვა).

იყენებენ აგრეთვე კრიოდესტრუქციას (პათოლოგიურად შეცვლილ უბანზე თხევადი აირის ზემოქმედებას) და ლაზერით მკურნალობას.

საყურადღებოა

წყლულს, ისევე როგორც საშვილოსნოს სხვა პათოლოგიებს, დროული და რაციონალური მკურნალობა ესაჭიროება. ამიტომაც აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი.

პასიურობა და ჯანმრთელობისადმი გულგრილი დამოკიდებულება იმ მოტივით, რომ წყლული საშიში არ არის ან კიდევ მის მკურნალობას აზრი არ აქვს, რადგან ის შეიძლება ისევ განვითარდეს _ ყოვლად დაუშვებელია!

საშვილოსნოს წყლულის რეციდივი (ანუ გამეორება) სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული, (მას ხელს უწყობს ჰორმონული დისბალანსი, გარკვეული სახის კონტრაცეპტივების გამოყენება, ქრონიკული ანთებითი ფონი და სხვა…).

ყველა შემთხვევაში აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, თანმხლები პათოლოგიის განსაზღვრა, ქრონიკული ინფექციების (ჰერპესი, გონოკოკი და ა. შ.) გამორიცხვა, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესწავლა და ისე მკურნალობა!

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: