ცისტიტი

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, თუმცა შარდის გამომყოფ გზებს ისეთი ანატომიური წყობა აქვს, რომ როდესაც ცისტიტზე ვლაპარაკობთ, შარდის ბუშტის ანთებასთან ერთად შარდსადინარის ანთება – ურეთრიტიც იგულისხმება. ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის.

რა იწვევს ცისტიტს?

მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს (ე.წ. ახალდაქორწინებულთა ცისტიტი). ცისტიტს ხშირად იწვევს ნაწლავის ჩხირი, ქლამიდია, უროპლაზმა, მიკოპლაზმა, ასევე – პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ჰორმონების, ანტიბიოტიკების გამოყენება, იმუნიტეტის დაქვეითება.

არაბაქტერიული (ინტერსტიციული) ცისტიტის მიზეზი უცნობია. ასახელებენ ფსიქოლოგიურ, იმუნოლოგიურ, ნეიროპათიურ დარღვევებს, შარდის ბუშტის დამცავი შრის უკმარისობას, შარდში ტოქსიკური პროდუქტების შემცველობას, თუმცა არც ერთი ეს თეორია დადასტურებული არ არის. ვარაუდობენ, რომ დაავადების ჭეშმარიტი მიზეზია შარდის ბუშტის ამომფენი სტრუქტურული მოლეკულის, გლიკოზამინოგლიკანის, უკმარისობა, რის გამოც შარდის ნივთიერებები შარდის ბუშტის კედელში აღწევს და ანთებას იწვევს. გამომწვევის კვალობაზე, ურეთრიტიც ორგვარია:

ბაქტერიული (გონორეით, ქლამიდიით, ტრიქომონით, ურეაპლაზმით, მიკოპლაზმით, ვირუსებით გამოწვეული) და არაინფექციური წარმოშობის – ალერგიული რეაქციის ან შარდსადინარის ტრავმის (მაგალითად, კათეტერით დაზიანების) შედეგად განვითარებული.

 

ვინ ავადდება

ცისტიტი უმთავრესად ქალებს ემართებათ, რაც მათი სასქესო ორგანოებისა და შარდგამომყოფი სისტემის თავისებურ აგებულებასთან არის დაკავშირებული. ქალის შარდსადინარი ფართო, სწორი და მოკლეა (2,5-3სმ), ამიტომ საშოდან და ანალური მიდამოდან შარდსადინარში მოხვედრილი ინფექცია ადვილად აღწევს შარდის ბუშტში. მამაკაცებიც ავადდებიან, თუმცა იშვიათად. მათი შარდსაწვეთი ვიწრო და გრძელია – 15-30სმ. დაავადება გვხვდება ბავშვებსა და მოხუცებშიც. ცისტიტით ავადობა გოგონებში 3-ჯერ მეტია, ვიდრე ბიჭებში. ქალების დაახლოებით 20-25% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ავადდება ცისტიტის ამა თუ იმ ფორმით. 10% თითქმის მუდმივად უჩივის ცისტიტის ნიშნებს (ქრონიკული ცისტიტი). თუ ცისტიტით უმეტესად ქალები ავადმყოფობენ, ურეთრიტის სიმპტომებს უფრო ადრე და მწვავედ მამაკაცები შეიგრძნობენ (გრძელი და წვრილი ურეთრის გამო). ქალებს სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული და შესაძლოა, შეუმჩნეველიც დარჩეთ, თუ ანთება ცისტიტით არ გართულდა.

 

როგორ ამოვიცნოთ ცისტიტი

ცისტიტის ამოცნობა რთული გამოკვლევების გარეშეც სავსებით შესაძლებელია, თუმცა რამდენიმე თავისებურება მასაც აქვს. დაავადებაზე მიგვითითებს:

  • გახშირებული შარდვა (ნორმაა დღეში დაახლოებით 4-ჯერ);
  • ჭინთვები მოშარდვის სურვილით, რასაც თან სდევს მცირე რაოდენობით სითხის გამოყოფა;
  • მტკივნეული შარდვა;
  • ღამის ან ადრიანი დილის შეუკავებელი ჭინთვა;
  • საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება, ხშირად – ძლიერი, რომლის დახასიათება ძნელია;
  • შარდსადინარის შეკუმშვის შეგრძნება;
  • შარდის უსიამოვნო სუნი;
  • მუქი ფერის ან ფერშეცვლილი შარდი (თუმცა ასეთი რამ მოსალოდნელია ანთების გარეშეც, თუ ფერადი პროდუქტი, მაგალითად, ჭარხალი მიირთვით);
  • შარდვის გაძნელება;
  • მუცლის ქვემოთ ყრუ ტკივილი;
  • ნევროზული მდგომარეობა.

შესაძლებელია:

  • სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო ან მნიშვნელოვანი მომატება;
  • მოშარდვის შემდეგ სისხლის წვეთები;
  • ჩირქოვანი გამონადენი ურეთრიდან;
  • ტეხის შეგრძნება, განსაკუთრებით – წელის მიდამოში.

თუ ამ ნიშნებიდან რამდენიმეს მაინც უჩივით, დაიწყეთ სერიოზული მკურნალობა, სხვაგვარად მწვავე ცისტიტი გადაიზრდება ქრონიკულში და დიდხანს გაგყვებათ, რაც უსიამოვნოდ აისახება თქვენს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. რაც შეეხება ბავშვებში მწვავე ცისტიტის კლინიკურ სურათს, ის ხასიათდება ხშირი და მტკივნეული შარდვით, რომელიც გოგონებს ანტიბაქტერიული მკურნალობის ფონზე სწრაფად, 2-3 დღეში გაუვლით. ბიჭებში ზოგჯერ აღინიშნება შარდვის მწვავე შეკავება, რაც განპირობებულია მკვეთრი ტკივილით შარდის გავლის დროს შარდის ბუშტის ყელის ნაწილში. ამ დროს ტკივილი ვრცელდება შორისის და ანალურ მიდამოში და სასქესო ორგანოზეც. შარდის გამოყოფაზე დაუძლეველი ჭინთვების გამო ხშირად ცრუ შეუკავებლობა ვითარდება, განსაკუთრებით 7-12 წლის ბავშვებში (ვერ ასწრებენ ტუალეტამდე მისვლას) და ჭეშმარიტი შეუკავებლობის სურათი იქმნება. ცისტიტის დროს სისხლის გამოყოფის მიზეზი მოშარდვის ბოლოს (ტერმინალური ჰემატურია) შარდის ბუშტის ლორწოვანის ანთებითი დაზიანებაა. შარდის მუქ ფერს განაპირობებს მასში ლეიკოციტების და ბაქტერიების სიჭარბე. მწვავე ცისტიტის დროს იშვიათია სხეულის ტემპერატურის მომატება, რადგან გაწოვა შარდის ბუშტიდან უმნიშვნელოა. ცისტისტის დროს მაღალი ტემპერატურა და განსაკუთრებით შემცივნება მოწმობს ანთებით პროცესში თირკმელების ჩართვას (პიელონეფრიტი). ცისტიტის დროს ტემპერატურის მომატება აღენიშნებათ მხოლოდ მცირე ასაკის ბავშვებს. ამ დროს ძნელია მწვავე პიელონეფრიტის გამორიცხვა. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით ხშირია ზოგადი სიმპტომების სიჭარბე და მცირეა დაავადების ადგილობრივი, ლოკალური გამოვლინება.

ურეთრიტს ახასიათებს:

  • წვა შარდვისას;
  • სისხლი შარდში;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • გახშირებული ან იშვიათი შარდვა;
  • შარდსადინარიდან გამონადენი, უფრო – დილაობით. ბაქტერიული ინფექციის დროს გამონადენი ჭარბია, ჩირქოვანი, მომწვანო ფერისა და უსიამოვნო სუნის. გონორეული ურეთრიტის დროს გამონადენი დილაობით ვლინდება თეთრი ჩირქის წვეთის სახით.

 

როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს

უწინარეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ხალხური საშუალება, ჩაი იქნება ეს თუ ბალახების ნაყენი, მნიშვნელოვანია, მაგრამ დამატებითი და არა ძირითადი. ისინი აღადგენს შარდის მჟავიანობას და მექანიკურად გამორეცხავს შარდის ბუშტს, მაგრამ ანთების გამომწვევ ბაქტერიებს ვერ სპობს. დღეს ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა. ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება.

 

საკმარისია თუ არა ანტიბიოტიკების მიღება?

სამწუხაროდ, არა. აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები – ისინი შარდის გატუტიანებას იწვევს. აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება (1,5-2ლ დღეში). ძალიან კარგია შტოშის წოწოქურა (მორსი). საშარდე გზებს კარგად რეცხავს ასევე თირკმლის ჩაის, დათვის კენკრას, წითელი მოცვის ფოთლების, მინდვრის შვიტას ნაყენი. ამ ბალახებს აქვთ შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მიღება საჭიროა სიმპტომების გაქრობამდე და შემდეგ კიდევ 5-7 დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე სასურველია მოწევისაგან თავშეკავება, წოლითი რეჟიმი, თბილი სათბურა ფეხებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას. ჩაბანა უნდა მოხდეს წინიდან უკან თბილი ანადუღარი წყლითა და გლიცერინის საპნითAან ინტიმური ჰიგიენური საშუალებით. საწვალებელია, მაგრამ მხოლოდ ასეთი კომპლექსი: ანტიბაქტერიული მკურნალობა, დიეტა, ჭარბი სითხე, რეჟიმი და ჰიგიენა – გახლავთ საწინდარი იმისა, რომ არასასურველ ინფექციას სწრაფად და უკვალოდ დავაღწიოთ თავი.

 

რა შეიძლება მივიღოთ მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

თუ მწვავე ცისტიტი აიკიდეთ, ექიმთან მისვლის საშუალება კი არ გაქვთ (ხართ გზაში, აგარაკზე ან უცხო ქალაქში), აფთიაქში იყიდეთ და მიიღეთ:

  • ნო-შპა – 1-2 აბი ღამით და 2 დღისით, 10 დღის განმავლობაში;
  • ფიტოლიზინი (ინსტრუქციისამებრ);
  • მონურალი – აუცილებლად ცარიელ კუჭზე და აუცილებლად ღამით, დღეში ერთხელ, 2 დღის განმავლობაში. მიღების წინ მოშარდეთ;
  • დაიდეთ თბილი სათბური ფეხებს შორის.

თავი არ მოიტყუოთ, ამ მედიკამენტების მეშვეობით ცისტიტისგან ვერ განიკურნებით. ჩვენ მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების გზებს გასწავლით. ისე რომ, თუნდაც თავი უკეთ იგრძნოთ, პირველივე შესაძლებლობისთანავე მიმართეთ ექიმს. ცისტიტი ბევრს წვრილმანად მიაჩნია, მაგრამ მკურნალობის გარეშე ანთების კერაში შესაძლოა ავთვისებიანი წარმონაქმნი განვითარდეს. თუ ეს არ მოხდა, სიცოცხლის ბოლომდე შეგაწუხებთ ხშირი შარდვის სურვილი. მამაკაცებში შარდის ბუშტის ანთებამ შესაძლოა უნაყოფობა და ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს. ასეთი რამ მოსალოდნელია ურეთრიტის დროსაც – შარდსადინარიდან ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს წინამდებარე ჯირკვალში, შარდის ბუშტში, სათესლე პარკში და პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, ორქიტი განვითარდეს. მართებული მკურნალობის შემთხვევაში 7-10 დღეში სიმპტომები სუსტდება, მაგრამ ეს არ კმარა. კურსის ბოლომდე მისაყვანად 3-5 თვეა საჭირო.

როგორ დავიცვათ თავი ცისტიტისგან?

  • ერიდეთ გადაცივებას.
  • დაიცავით პირადი ჰიგიენა, რათა ბაქტერიები შარდის გამომყოფ გზებში არ მოხვდეს.
  • სვით ბევრი სითხე (განსაკუთრებით კარგია შტოშისა და წითელი მოცვის მორსი).
  • რეგულარულად შედით ტუალეტში – შარდის შეკავება შარდის ბუშტში ბაქტერიების გამრავლებას იწვევს.
  • ნუ ჩაიცვამთ მეტისმეტად მოჭერილ ტანსაცმელს. ეცადეთ, დიდხანს არ იჯდეთ ერთსა და იმავე პოზაში – ეს მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის შეგუბებას იწვევს.
  • ყურადღება მიაქციეთ კუჭის მოქმედებას, ერიდეთ შეკრულობას.
  • იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ცისტიტის უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაშიც კი ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. სწორი დიაგნოზისა და მართებული მკურნალობის შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებებს და თვით დაავადებასაც იოლად დააღწევთ თავს.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: