შარდის გამოყოფის დარღვევები

ნეიროგენული შარდის ბუშტი ანუ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ის ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანი არც კი ამახვილებს ყურადღებას შარდის ბუშტის მუშაობაზე, ვერც კი ამჩნევს როგორ შეუჩერებლივ ფუნქციობს ეს ორგანო.

ნორმაში შარდის ბუშტი შარდის რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს. შარდსაწვეთებით ბუშტში ჩამოსული შარდი ავსებს რა ორგანოს, ამ უკანასკნელის გარკვეულ დონეზე გავსების კვალად ჩნდება მოშარდვის მოთხოვნილება. შარდის ბუშტის ნორმალურად ფუნქციობას განაპირობებს ნერვული სისტემის, შარდის ბუშტისა და ურეთრის (შარდის გამომტანი მილი) რთული ურთიერთქმედება. როცა ამ ერთობლივი სისტემის ფუნქციობაში რომელიმე მექანიმზი ირღვევა, შარდის გამოყოფის დარღვევები იჩენს თავს.

შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია ორი ძირითადი ფორმით ვლინდება: ჰიპოტონიური შარდის ბუშტისა და ჰიპერტონიული შარდის ბუშტის სახით.

ჰიპოტონიური შარდის ბუშტის შემთხვევაში ხდება ორგანოს გადავსება შარდით, თუმცა მოშარდვის სურვილი ადამიანს არ უჩნდება. თუ შარდის ბუშტი ძლიერ გაიწელება, შარდმა შესაძლოა წვეთ-წვეთობით დაიწყოს გამოყოფა.

ჰიპერტონიული შარდის ბუშტის შემთხვევაში პირიქითაა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა შარდის ბუშტში შარდი არ არის, ორგანოს კუნთები სპონტანურად (თავისთავად) და ძლიერად იკუმშება. ამის გამო მოშარდვის დაუოკებელი სურვილი ჩნდება. შესაძლოა შარდის შეუკავებლობამაც კი იჩინოს თავი. ადამიანი ხშირად და მცირე ულუფებით შარდავს, ღამით იღვიძებს შარდის ბუშტის დასაცლელად. ჰიპერტონიული შარდის ბუშტის შემთხვევაში ორგანოს კუნთოვანი მასის ძლიერი შეკუმშვის გამო შესაძლოა შარდმა უკან თირკმელშიც კი გადაინაცვლოს (შარდბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი), რაც ხშირად ძნელად განკურნებადი ქრონიკული ანთებითი პათოლოგიის _ პიელონეფრიტის მიზეზიც კი ხდება.

შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქციის მიზეზი შესაძლოა იყოს ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება – ტრავმა, სიმსივნეები, გაფანტული სკლეროზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე განხორციელებული ოპერაციები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. თუმცა, ზოგჯერ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია აღნიშნულ მიზეზთა გარეშეც ვითარდება.
საერთოდ, შარდი ბუშტში ორგანოს წელვადობის უნიკალური უნარის ხარჯზე გროვდება. შარდის მოცულობის მატებისა და ორგანოს გადიდების მიუხედავად, ბუშტში წნევა შარდის ბუშტის სფინქტერის არეში არსებულ წნევაზე გაცილებით დაბალი რჩება. სწორედ ამის წყალობით შარდი ბუშტში რჩება და გარეთ არ გამოდის.

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი

მუცლის ღრუში წნევის მომატების მიუხედავად, მაგალითად ხველის და დაცემინების დროს, ან კიდევ პროვოკაციული ტესტების ჩატარებისას, როდესაც ადამიანს სთხოვენ ფეხის წვერებზე აიწიოს და შემდეგ მკვეთრად დაეშვას ტერფებზე, შარდის ბუშტი მასში არსებულ შარდს აკავებს.

შარდის ბუშტის დაცლას უზრუნველყოფს ნერვული რეგულაციის მეტად რთული სისტემა. მისი კოორდინირებული აქტივობის წყალობით შარდის ბუშტის სფინქტერი (შარდის ბუშტის ყელისა და შარდის გამომტანი მილის პროქსიმალური ნაწილის გლუვი კუნთები) დეტრუზორის შეკუმშვის დაწყებამდე რამდენიმე მილიწამში დუნდება. დეტრუზორს უწოდებენ შარდის ბუშტის კედლის გლუვ კუნთებს. დეტრუზორის ნორმალურად შეკუმშვის საფუძველზე შარდის ბუშტი სრულად იცლება. თუ შარდის ბუშტი თავისუფლად ივსება და სრულად იცლება, ე.ი. დეტრუზორი არ არის დაზიანებული.

თუ დეტრუზორის სპონტანურად შეკუმშვა (შემდგომში შარდის უნებურად გამოყოფით) გამოწვეულია ნევროლოგიური დარღვევებით, მას დეტრუზორის ჰიპერრეფლექსიას უწოდებენ. ხოლო თუ მისი შეკუმშვის მიზეზი არ არის ნევროლოგიური დარღვევები, მაშინ დეტრუზორის არასტაბილურობაზე საუბრობენ. როდესაც დეტრუზორი შარდის გამოყოფისას არ იკუმშება, მას ჰიპოაქტიურად მიიჩნევენ. თუ ეს მდგომარეობა თავის მხრივ განპირობებულია ნევროლოგიური დარღვევებით (მაგალითად, ზურგის ტვინის გავის ნაწილის ან მენჯის ნერვების დაზიანებით) სახეზეა დეტრუზორის არეფლექსია. აღნიშნული ტერმინები უფრო ნათლად ასახავს შარდის გამოყოფის დარღვევებს და ანაცვლებს ისეთ სამედიცინო განმარტებებს, როგორიცაა “ავტონომიური შარდის ბუშტი”, “დეცენტრალიზებული შარდის ბუშტი”, “ატონიური შარდის ბუშტი” და სხვა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შარდის გამოყოფის მაკონტროლებელი ცენტრი ზურგის ტვინში კი არ არის ლოკალიზებული, როგორც ამას წლების განმავლობაში მიიჩნევდნენ, არამედ თავის ტვინის ღეროში.

დეტრუზორის და სფინქტერების ფუნქციობის კოორდინაცია (სინერგიზმი) შესაძლებელია მხოლოდ შენარჩუნებული ვეგეტატური და სომატური ინერვაციის პირობებში. მაგალითად, ზურგის ტვინის ზედა განყოფილებების ტრავმის შემთხვევაში, ეს სინერგიზმი ირღვევა. ამის გამო თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის სრულად დაუცლელობა, შარდის ბუშტის კედლის ცვლილება (ტრაბეკულური და ფიბროზული ცვლილებები) და თირკმლის უკმარისობაც კი.

სიმარტივისათვის შარდის გამოყოფის დარღვევებს ორ ჯგუფად ყოფენ: შარდის ბუშტის რეზერვუარული ფუნქციის დარღვევა (შარდის დაგროვება და შეკავება) და შარდის ბუშტის ევაკუატორული ფუნქციის დარღვევა (დაცლა). თითოეული დარღვევის დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, რით არის შარდის გამოყოფის პათოლოგია განპირობებული _ დეტრუზორის პრობლემით თუ შარდის ბუშტის ყელისა და შარდის გამომტანი მილის პათოლოგიით; აგრეთვე, აქვს თუ არა პაციენტს ნევროლოგიური პათოლოგია. ზოგჯერ ერთსა და იმავე პაციენტს შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის დარღვევა აღენიშნებოდეს.

თინათინ გოცაძე

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ შარდვის დარღვევების მიზეზების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: