რა კავშირი აქვს მაღალ არტერიულ წნევას ერექციულ დისფუნქციასთან

იმპოტენციის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთია მაღალი არტერიული წნევა.

ამერიკის გერიატრიული საზოგადოების ჟურნალში ჯერ კიდევ 1988 წელს დაიბეჭდა საინტერესო კვლევის შედეგები. როგორც გამოცემაშია მითითებული, არტერიული ჰიპერტონიით დაავადებული 40-დან 79 წლის ასაკის პაციენტების 49%-ს ერექციული დისფუნქცია აღენიშნებოდა. მოგვიანებით ჩატარებული კვლევების თანახმად კი, რომელთა შედეგებიც გამოქვეყნდა 2000 წელს ჟურნალში `უროლოგია~ (აშშ), მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტთა 68%-ს იმავდროულად სხვადასხვა დონის ერექციული დისფუნქციის პრობლემაც ჰქონდა. ამასთან, იმპოტენციით დატანჯულ პაციენტთა 45%-ს ჰიპერტონიის მძიმე ფორმა აღენიშნებოდა.

ჰიპერტონიის დროს ირღვევა სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლით ავსებაზე პასუხისმგებელი არტერიების გაფართოება. გარდა ამისა, ირღვევა ასოს გლუვკუნთოვანი აპარატის მოდუნების უნარი (ფუნქცია) ტვინიდან მოსული იმპულსაციის საპასუხოდ.

ყოველივე ამის შედეგად, ასოს მღვიმოვანი სხეულის მღვიმეებში ვერ აღწევს სათანადო რაოდენობით სისხლი ნორმალური ერეგირებისათვის. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ემატება ისიც, რომ ჰიპერტონიის მქონე ზოგიერთ მამაკაცს სისხლში ტესტოსტერონის დაბალი დონეც აღენიშნება. მოგეხსენებათ, ტესტოსტერონი მთავარი მამრობითი სასქესო ჰორმონია (მთავარი “მამაკაცური ჰორმონი”, როგორც მას ხშირად უწოდებენ), რომელიც დიდ როლს თამაშობს სქესობრივ აგზნებაში.

არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ჰიპერტონიამ თავისთავადაც შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია. მაგალითად, ათეროსკლეროზის დროს, რომელიც თავად არის არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორი, აღინიშნება ათერომული ფოლაქების განვითარება საზოგადოდ არტერიათა კედლებზე, მათ შორის, თეძოს არტერიების კედლებსა და აორტის ბიფურკაციის (გაყოფა-დანაწევრების) ადგილზე.

სასქესო ასოს არტერიები კი სწორედ ამ მსხვილი არტერიებისაგან გამოიყოფა (უფრო კონკრეტულად ასოს ღრმა და ზედაპირული არტერიები შიგნითა და გარეთა სასირცხო არტერიების ტოტებია). პათოლოგიური პროცესის გამო, საბოლოოდ, არტერიათა სანათური ვიწროვდება და მათში სისხლის ნაკადი ირღვევა.

საყურადღებოა ისიც, რომ ჰიპერტონიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, გვერდითი მოვლენის სახით, ასევე იწვევს ერექციულ დისფუნქციას. ასეთი ეფექტის მქონე პრეპარატებს შორის გამოიყოფა შარდმდენები (დიურეზული საშუალებები) და ბეტაბლოკატორები.

დიურეზული საშუალებები (ე.წ. დიურეტიკები) ის პრეპარატებია, რომლებიც თირკმლის საშუალებით აძლიერებს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას. ისინი რეალურად სისხლის მიმოქცევის ქსელში (კალაპოტში) ამცირებენ სისხლის მოცულობას, შედეგად, ერექციის პროცესში სისხლის ნაკადი სასქესო ასოსკენაც მცირდება. გარდა ამისა, შარდმდენები ორგანიზმში თუთიის შემცველობას ამცირებს. თუთია კი ტესტოსტერონის პროდუქციისა და საზოგადოდ, წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციობისათვის უმნიშვნელოვანესი მინერალია.

ბეტაბლოკატორებიც ხელს უწყობს იმპოტენციის განვითარებას, ამცირებს რა ნერვული იმპულსებით სასქესო ასოს კუნთოვანი აპარატის სტიმულაციას. გარდა ამისა, აღნიშნული პრეპარატები არღვევს არტერიათა გაფართოების უნარს ერექციის დროს და სასქესო ასომდე ბევრად ნაკლები სისხლი მოედინება. ისიც ცნობილია, რომ ბეტაბლოკატორები დეპრესიის აღმოცენებაშიც აქტიურად მონაწილეობს, ფსიქოლოგიურ განწყობას კი, ერექციის ფუნქციისა და საზოგადოდ, სქესობრივი აქტის ნორმალურად წარმართვისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს.

საყურადღებოა შემდეგიც, ჰიპერტონიასთან შეუღლებული ზოგიერთი მავნე ჩვევა აღრმავებს როგორც არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობას, ასევე იმპოტენციის განვითარებას. ეს ეხება კონკრეტულად თამბაქოს მოწევას. მოწევა იწვევს წვრილი არტერიების შევიწროებას, აზიანებს სისხლძარღვთა კედლებს, არის ათეროსკლეროზული პროცესების განვითარების მთავარი რისკფაქტორი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ მწეველებთან იმპოტენცია გაცილებით მაღალი სიხშირით გვხვდება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ერექციული დისფუნქციის მიზეზების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

მსგავსი პოსტები