baqteriuria

ტეგები: , ,

ბაქტერიურია – ბაქტერიები შარდში

ბაქტერიურია შარდში ბაქტერიების არსებობაა. ბაქტერიურიაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ახლად გამოყოფილი შარდის ერთ მილილიტრში 100 ათასზე მეტი მიკრობი გამოვლინდება (მხედველობის არეში ერთზე მეტი ბაქტერია).

ჯანმრთელი ადამიანის შარდი სტერილურია ანუ მასში ბაქტერიები არ არის. თუ ადამიანს თირკმელები ან საშარდე ტრაქტი დაინფიცირებული აქვს, მაშინ შარდის ბუშტში მოხვედრილი მიკრობები ინტენსიურ გამრავლებას იწყებენ. ბაქტერიები შარდში პათოლოგიური პროცესის შედეგად გორგლოვანი ფილტრაციის დარღვევის შემთხვევაში ხვდება. თუ ბაქტერიოლოგიური მეთოდით ბაქტერიათა კოლონიების რაოდენობრივი იდენტიფიკაცია არ აღემატება 105-ს ერთ მილილიტრში _ ეს უბრალოდ შარდის დაბინძურებაა, ხოლო თუ მათი რაოდენობა ძალიან დიდია, მაშინ ჭეშმარიტ ბაქტერიურიაზე საუბრობენ.

ბაქტერიები შარდში შესაძლოა ორი გზით მოხვდნენ:

1) დაღმავალი გზით (თირკმელებში, შარდის ბუშტში, წინამდებარე ჯირკვალში – პროსტატაში არსებული ანთებითი კერებიდან, ან კიდევ შარდის გამომტანი მილის უკან არსებული ჯირკვლებიდან),
2) აღმავალი გზით (ინსტრუმენტული ჩარევის შედეგად _ კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია და სხვა).

შარდის ანალიზის რაოდენობრივი ბაქტერიოლოგიური მეთოდები საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით დათვლილ იქნას მიკრობთა კოლონიები და ზუსტად განისაზღვროს ბაქტერიურიის დონე. კვლევამ შესაძლოა 24-დან 48 საათს გასტანოს. ბაქტერიოლოგიური ტესტების ცრუ-უარყოფითი შედეგები შესაძლოა განპირობებულ იყოს შარდის დიდი განზავებით, რასაც თავის მხრივ დიდი რაოდენობით წყლის დალევა და უროსეპტიკური საშუალებების მიღება იწვევს. დადებითი შედეგების მიღებისას აუცილებელია განისაზღვროს, რომელმა ბაქტერიებმა განიცადეს კულტურაში ზრდა და როგორია მათი მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდებისადმი. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რაციონალური მკურნალობის დანიშვნისათვის.

ინფექციის კერის ანუ ბაქტერიათა განმაპირობებელი წყაროს დადგენისათვის გამოიყენება უროლოგიური კვლევის მეთოდები:
1) ცისტოსკოპია,
2) შარდში ბაქტერიების რაოდენობის განსაზღვრა,
3) შარდსაწვეთების კათეტერიზაცია,
4) შარდის ნალექში ანტისხეულებით დაფარული ბაქტერიების აღმოჩენის მეთოდი და სხვა.

თუ ბაქტერიურია მიმდინარეობს სხვა დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების გარეშე, უსიმპტომო ბაქტერიურიაზე საუბრობენ. ჩვეულებრივ, მაღალი დონის ბაქტერიურია თან ახლავს სერიოზულ უროლოგიურ დაავადებებს, მაგალითად, მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტის ზოგიერთ სტადიას, ურეთრიტს (შარდის გამომტანი მილის ანთება), ცისტიტსა (შარდის ბუშტის ანთება) და პროსტატიტს (წინამდებარე ჯირკვლის-პროსტატის-ანთებითი დაავადება).

ხალხურ მედიცინაში საშარდე გზების მკურნალობის უამრავი საშუალებაა ცნობილი. ბევრი მცენარე მართლაც ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს და წარმატებით გამოიყენება შარდის გამომყოფი სისტემის ცალკეული ნაწილების ანთებითი დავადებების სამკურნალოდ.
თუმცა, შარდში მხოლოდ ბაქტერიების აღმოჩენის საფუძველზე თვითმკურნალობას არ გირჩევთ. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, რომელიც შარდის ყველა საჭირო ანალიზისა და სხვა დამატებითი გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, განსაზღვრავს ზუსტ დიაგნოზს და სათანადო მკურნალობასაც დაგინიშნავთ. მხოლოდ მცენარეული ნაყენებით მკურნალობა და შარდის ბაქტერიებისაგან გაწმენდა, ხშირად არ არის საბოლოო გამოსავალი. დაავადება ზოგჯერ განუკურნებელი რჩება, მდგომარეობა და შესაბამისად, შარდის ანალიზი დროებით უმჯობესდება, ინფექციის კერა კი რჩება და ხელსაყრელი პიროებებისთანავე პათოლოგიური პროცესი კვლავ განიცდის მიმდინარეობას. ასე რომ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმ-სპეციალისტს!

საყურადრებოა: შარდის უსიამოვნო სპეციფიკური სუნი სხვადასხვა პათოლოგიით შეიძლება იყოს განპირობებული. გაუწყლოებული შარდი ბევრად უფრო კონცენტრირებულია და ამიაკის სუნიც უფრო მძაფრად აქვს გამოხატული, ვიდრე ჩვეულებრივ შარდს. შარდის სუნზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს ზოგიერთი საკვებისა და მედიკამენტის მიღება. შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციური დაავადებების დროს შარდი განსაკუთრებულად ცუდ სუნს იძენს, მუქი ფერის ხდება და იმღვრევა.

 

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშარდე გზების ინფექციის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: