აცეტონი შარდში

აცეტონურია – აცეტონი შარდში

აცეტონურია წარმოადგენს შარდში აცეტონური სხეულების არსებობას. აღნიშნული სხეულები, განსაკუთრებით კი აცეტონი, შესაძლოა ზოგჯერ ჯანმრთელი ადამიანის შარდშიც აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იკვებებოდა ცილებითა და ცხიმებით მდიდარი საკვებით და ნახშირწყლებს კი შედარებით შეზღუდული რაოდენობით მიირთმევდა. ასეთ დროს ცხიმებისა და ცილების არასრული ჟანგვისათვის ხელსაყრელი პირობები იქმნება.

აცეტონური სხეულები ასევე ჩნდება იმ ადამიანთა შარდშიც, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში შიმშილობენ, რომელთაც საყლაპავის სტენოზი, კუჭის კიბო, ანემიის მძიმე ფორმები და კახექსია აღენიშნებათ.

ცნობილია აგრეთვე შიმშილობის შედეგად განვითარებული ხანგრძლივი ღებინების გამო გამოხატული აცეტონურია. ამ ტიპის აცეტონურია ვლინდება შეუჩერებელი ღებინების დროს ბავშვებთან და ორსულებთან, აგრეთვე ეკლამფსიის დროს.

აცეტონური სხეულები აერთიანებს აცეტონს, აცეტოძმარმჟავას და ბეტა-ოქსიერბოს მჟავას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ისინი ძირითადად ცხიმების და ნაწილობრივ ცილების არასრული ჟანგვის პროდუქტია.

აცეტონურია შიმშილობის დროს

მოშიმშილეთა აცეტონურია ხანმოკლეა. ამასთან ამ დროს აცეტონური სხეულების რაოდენობა შარდში არ არის მაღალი, მით უფრო, არასოდეს აღწევს ისეთ დონეს, რომელიც დამახასიათებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებულად კომის დროს.
საყურადღებოა ისიც, რომ აცეტონურია შესაძლოა გამოვლინდეს ნარკოზის შემდეგ, ძირითადად ქლოროფორმული ნარკოზის შემდეგ, როდესაც ის 1-2 დღე გრძელდება. აგრეთვე ფოსფორით, ტყვიით, ნახშირჟანგით, ატროპინით მოწამვლისას და სხვა.

აცეტონურია შაქრიანი დიაბეტის დროს
აცეტონური სხეულები უხშირესად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა შარდში ვლინდება, როგორც საშუალო, ასევე მძიმე ფორმების დროს. ამ შემთხვევაში აცეტონურია ვითარდება იმის გამო, რომ ორგანიზმი გლუკოზის სახით ნახშირწყლების მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს, ხოლო სისხლში დარჩენილი ნახშირწყლები არასაკმარისია ცილებისა და განსაკუთრებულად კი ცხიმების სრული დაჟანგვისათვის. შაქრიანი დიაბეტის დროს აცეტონურიის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ ის გამოირჩევა სისხლში აცეტონური სხეულების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაგროვებით, რაც თავის მხრივ, დიაბეტური კომისათვის დამახასიათებელი აციდოზის საფრთხეს ქმნის. (აციდოზი ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის ფორმაა, რომელსაც ახასიათებს ანიონთა და კათიონთა თანაფარდობის გადახრა ანიონების მატებისაკენ).

მიუხედავად ამისა, დიაბეტიანთა აცეტონურიის შეფასებისას კრიტიკული მიდგომაა საჭირო, რათა არ მოხდეს მისი ერთგვარი გადაფასება – ჰიპერდიაგნოსტიკა, რამეთუ ის ყოველთვის არ გვევლინება ესოდენ საშიშ სიმპტომად. ერთის მხრივ, გასათვალისწინებელია ის, რომ აცეტონური სხეულების გამოჩენა შარდში სრულებითაც არ მიანიშნებს მნიშვნელოვან აციდოზზე, რადგანაც ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ მდიდარია “ტუტოვანი” რეზერვებით აციდოზური გადახრების გამოსასწორებლად (საკორექციოდ) და სისხლის რეაქციის გარკვეულ დონეზე შესანარჩუნებლად.

თუმცა, სისხლის “სარეზერვო ტუტიანობა” ამ დროს შესაძლოა დაქვეითდეს და სისხლის რეაქციის გამოსწორება-კორექციის შესაძლებლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდეს. ზოგადად კი, ნახშირწყლოვანი შიმშილის პირობებში მჟავე აცეტონური სხეულების პროგრესირებადმა დაგროვებამ შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს აციდოზის განვითარება. ამიტომაც, ჩვეულებრივ, შაქრიანი დიაბეტის დროს აციდოზის აღმოცენებას ყოველთვის უსწრებს წინ აცეტონური სხეულების ხანგრძლივად და მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყოფა შარდში.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ აცეტონურიის მიზეზების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: