ქალს მუცელი სტკივა

ტეგები: ,

ბართოლინიტი

ბართოლინიტი საშოს შესავალთან არსებული ბართოლინის ჯირკვლის ჩირქოვანი ანთებაა. მას უხშირესად გონოკოკი, სტაფილოკოკი, და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს. მაგალითად, ნაწლავის ჩხირი ან შერეული ინფექცია. ბართოლინიტის დროს პათოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ ჯირკვლის გამომტან სადინარს და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს. ბართოლინიტი, ძირითადად, ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო ვითარდება. მისი მიზეზი შეიძლება ვენერული დაავადებები გახდეს. ის ზოგჯერ ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაშიც აღმოცენდება (ავიტამინოზების, სტრესების, იმუნიტეტის დაქვეითების დროს და სხვა). გართულების სახით გვევლინება ქირურგიული ოპერაციებისა და აბორტების შემდეგ.

ბართოლინის ჯირკვლების ძირითადი ფუნქცია ლორწოს შემცველი სეკრეტის გამომუშავებაა. აღნიშნული სეკრეტი ატენიანებს საშოს ლორწოვან გარსს და იცავს მას სიმშრალისაგან. ბართოლინის ჯირკვლების ფუნქციობა დამოკიდებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე. ასე მაგალითად, მენსტრუაციის წინა პერიოდში ლორწოვანი გამონადენის გამოყოფა მატულობს, საკუთრივ მენსტრუაციის დღეებში იკლებს, კლიმაქსისა და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ პერიოდში (მაგალითად, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ამოკვეთის შემთხვევაში) კი პრაქტიკულად წყდება. ამ უკანასკნელის გამო საშოს ლორწოვანი გარსი შრება, რაც ხშირ შემთხვევაში ნახეთქების განვითარებასა და ქავილის აძლევს დასაბამს.
კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ:

  • მწვავე ბართოლინიტს;
  • ქრონიკულ ბართოლინიტს;
  • ცრუ აბსცესს (ის შესაძლოა იყოს პირველადი – ჩირქოვანი კანალიკულიტის ანუ სადინრის ანთების დროს, და მეორეული – ადრე ჩამოყალიბებული კისტის დაჩირქების გამო განვითარებული);
  • ჭეშმარიტ აბსცესს (აბსცესი კაფსულით შემოფარგლული ჩირქგროვაა).

ბართოლინიტის სიმპტომები

თავდაპირველად ვითარდება ბართოლინის ჯირკვლის გამომტანი სადინრის ანთება (კანალიკულიტი), რომელიც ხასიათდება გამომტანი სადინრის სანათურის შეწითლებით. ეს უკანასკნელი საშოს შესავალთან მცირე სასქესო ბაგეზეა განთავსებული. ჩნდება უმნიშვნელო ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. კანი მცირე სასქესო ბაგეზე გამომტანი სადინრის სანათურის არეში უმნიშვნელოდ რბილდება. ამასთან შესაძლოა გადიდებული სადინარი ხელით ისინჯებოდეს. როგორც წესი, ბართოლინის ჯირკვლის ანთება ცალმხრივია ანუ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ცალ მხარეზე ვლინდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბართოლინის ჯირკვლის სეკრეტი (გამონაყოფი) სქელდება და გამომტან სადინარს ახშობს. ვითარდება ბართოლინიტი. ანთებითი პროცესი ჯირკვლის ქსოვილზეც ვრცელდება. ჯირკვლის ანთება შესიებით (ინფილტრაციით) იწყება.

საყურადებოა, რომ ამ სტადიაზე ბართოლინიტი შესაძლოა დასრულდეს ანუ ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრეს, ინფილტრატი გაიწოვოს და მოხდეს თვითგანკურნება. თუ თვითგანკურნება ვერ მოხდა, მაშინ ბართოლინის ჯირკვლის სადინარი დაცობას განიცდის, რაც დასაბამს აძლევს კისტის ან აბსცესის განვითარებას. ბართოლინიტის დროს ანთებადი ჯირკვალი ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) მტკივნეულია. ქალს წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება აწუხებს. უსიამოვნებებს შეიგრძნობს სიარულისას, სქესობრივი აქტისას.

ანთებითი პროცესის ჯირკვალზე და მიმდებარე ქსოვილებზე გავრცელების შემთხვევაში ჭეშმარიტი აბსცესი ყალიბდება (პირველადი აბსცესი). ცრუ აბსცესის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, მეორადად ხდება. მისი მიზეზი წინათ არსებული კისტის დაჩირქებაა. ჯირკვალი ზომაში საგრძნობლად იმატებს. მისმა დიამეტრმა შესაძლოა 5 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს. მწვავე ბართოლინიტს თან ახლავს ცხელება. ტემპერატურა ზოგჯერ 40 გრადუსამდეც კი იმატებს. ამასთან ერთად აღინიშნება ზოგადი სისუსტე, ლოკალურად სიწითლე. მძიმე მიმდინარეობისას რეგიონალური ლიმფური კვანძები დიდდება. ვლინდება ფლუქტუაციის სიმპტომი ანუ ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) ჯირკვლის შიგნით შეიგრძნობა თხევადი შიგთავსის _ჩირქის გადაადგილება. ყველაზე ხშირად აბსცესის თვითგახსნა ხდება. ჩირქი გარეთ გამოდის და პაციენტის მდგომარეობაც უმჯობესდება, ტემპერატურა ქვეითდება და სასქესო ბაგის მტიკვნეულობა ქრება.

ბართოლინიტიმწვავე ბართოლინიტი ზოგჯერ ქრონიკულში გადადის. როგორც სხვა ქრონიკული პათოლოგიები, ქრონიკული ბართოლინიტიც ხასიათდება გამწვავებისა და რემისიის პერიოდების მონაცვლეობით. გამწვავებას იწვევს მენსტრუაცია, გაციება, ორგანიზმის დასუსტება და სხვა ინფექციების გააქტიურება. რემისიის პერიოდში დაავადებას არ ახლავს ნეგატიური სიმპტომები, მაშინ როცა, გამწვავების პერიოდში ქალს უმნიშვნელო ტკივილები აწუხებს დაზიანებული ჯირკვლის არეში, უსიამოვნო შეგრძნებებს განიცდის სქესობრივი კონტაქტისა და სიარულისას.

მკურნალობა
ბართოლინიტის მკურნალობა ადრეულ სტადიაზე მოიცავს ანთებითი პროცესის კუპირებას, რაც თავის მხრივ გულსხმობს ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა და აგრეთვე სიცივის გამოყენებას, მოსვენების რეჟიმის დაცვას.

პროცესის პროგრესირებისა და აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში ამ უკანასკნელის გახსნასა და დრენირებას მიმართავენ.
დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას ნაჩვენებია ფიზიოთერაპიული სეანსები (მაგალითად, მაღალსიხშირული მაგნიტოთერაპია ან მოკლეტალღური ულტრათერაპია).
კისტის განვითარების შემთხვევაში ხშირად დაზიანებული ჯირკვლის ამოკვეთა ხდება.

ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას სხვადასხვა მალამოებითა თუ პრეპარატებით! აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ გინეკოლოგს, რომელიც დაადგენს დაავადების ფორმას, გაერკვევა მისი მიმდინარეობის თავისებურებებში და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ბართოლინიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: