მოძრავი თირკმელი

ტეგები: ,

ნეფროპტოზი – თირკმლის დაწევა

პტოზი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და დაწევა-ჩამოშვებას ნიშნავს. ამ ტერმინით აღინიშნება სხეულის რომელიმე ორგანოს ან ნაწილის დაწევა.

თირკმლის დაწევა (ანუ ნეფროპტოზი) არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება თირკმლის გადამეტებული მოძრაობითა და შარდსასქესო სისტემის ორგანოთა ნორმალური ანატომიური ურთიერთმდებარეობის დარღვევით. ნეფროპტოზი, ანუ მოძრავი თირკმელი, თავის მხრივ ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა პიელონეფრიტი, ჰიდრონეფროზი, თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზია და სხვა.

ნორმაში თირკმლის მოძრაობის (ფიზიოლოგიური გადაადგილების) დიაპაზონი 1-2 სმ-ს არ აღემატება. ნეფროპტოზის დროს თირკმლის შემაკავებელი (საფიქსაციო) სტრუქტურები სუსტდება, ორგანო დაწევა-დაშვებას განიცდის და შესაბამისად, სხვადასხვა გართულებათა განვითარების ალბათობაც მატულობს.

ნეფროპტოზის გავრცელების სიხშირე მამაკაცებსა და ქალებს შორის შესაბამისად 0,1% და 1,5%-ს შეადგენს. მაჩვენებლებს შორის ასეთი დიდი განსხვავება ქალის ორგანიზმის გარკვეული, ძირითადად, რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული თავისებურებებით აიხსნება (შედარებით ფართო მენჯი, მუცლის კედლის დაბალი ტონუსი, მყესების დიდი ელასტიკურობა, ვისცერალური (შინაგანი) გაცხიმოვნებისკენ ნაკლები მიდრეკილება).

ნეფროპტოზის განვითარების ძირითადი მიზეზებია:

  • მკვეთრად გახდომა და თირკმლის ცხიმოვანი კაფსულის საგრძნობლად შემცირება;
  • წელის ან მუცლის არის ტრავმა, თირკმლის საფიქსაციო აპარატის სერიოზული დაზიანებით;
  • ორსულობა და მშობიარობა (ზოგიერთ შემთხვევაში).

ნეფროპტოზის დროს ირღვევა შარდის ნორმალური გამოყოფა, ამის შედეგად თირკმლის შიდა წნევა მატულობს და იცვლება ორგანოს სისხლის მიმოქცევა. თირკმლის ორგანოს დიდი კომპენსატორული შესაძლებლობების წყალობით ნეფროპტოზი ზოგჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ვლინდება. იმავდროულად ამ პერიოდში შესაძლოა თირკმლის პარენქიმაში შეუქცევადი ცვლილებები განვითარდეს და ორგანოს ჰიდრონეფროზული ტრანსფორმაცია მოხდეს.

ნეფროპტოზის გართულების ერთ-ერთ საშიშ სახეს წარმოადგენს პიელონეფრიტი, რომელიც ადგილმდებარეობის ცვლილების გამო ორგანოდან შარდის გამოყოფის დარღვევის შედეგია. ამასთან დაკავშირებით ადამიანს შესაძლოა აღმოაჩნდეს თავის ტკივილი, სისუსტე, ადვილად დაღლა, მუცლის არის ტკივილი, პერიოდულად ცხელება და სხვა სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში პიელონეფრიტი შესაძლოა მწვავედ მიმდინარეობდეს მკვეთრად გამოხატული ტკივილის სინდრომით – თირკმლის კოლიკით; ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ნეფროპტოზის დროს თირკმლის არტერიათა გადახლართვის გამო, ხშირად თავს იჩენს არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ცუდად ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას.

ნეფროპტოზის მკურნალობა

ნეფროპტოზის მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც კონსერვატული, ასევე ქირურგიული. პირველ შემთხვევაში პაციენტს სთავაზობენ გარკვეული წესების დაცვას, სპეციალური ბანდაჟის ტარებასა და ორგანოს საფიქსაციო აპარატის გამაგრებისათვის განკუთვნილი სამკურნალო ვარჯიშთა კომპლექსის რეგულარულად ჩატარებას; კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას – თირკმლის ქირურგიული მეთოდით ფიქსაციას- ნეფროპექსიას.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ნეფროპტოზის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: