შარდის ანალიზი

რას გვეუბნება შარდის ანალიზი

შარდის ანალიზი ერთ-ერთ გავრცელებულ ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს. შარდის წარმოქმნის მექანიზმის გათვალისწინებით, იგი პირველ რიგში შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას ასახავს. ამავდროულად, შარდის საშუალებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ორგანიზმში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებაც, კერძოდ შარდის ანალიზი იცვლება დიაბეტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, პანკრეასის, სისხლის დაავადებების, ცხელების, ტუბერკულოზის, სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიის, მოწამვლების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ასევე მთელი რიგი პათოლოგიების დროს. ამიტომაც, ეს გამოკვლევა ხშირად ინიშნება ექიმების მიერ, როგორც სკრინინგული ტესტი და ასევე შედის აუცილებელი გამოკვლევების ნუსხაში ნებისმიერ პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში.

შარდის გამოკვლევის დროს ხდება:

  • შარდის სადღეღამისო რაოდენობის განსაზღვრა;
  • შარდის ფიზიკური თვისებების (სუნი, ფერი, ხვედრითი წონა, pH) შესწავლა;
  • შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი (ეპითელიუმი, ლეიკოციტები, ერითროციტები, ცილინდრები, ბაქტერიები, ლორწო);
  • შარდის ბიოქიმიური გამოკვლევა.

 

შარდის შეგროვების წესი
შარდი უნდა აიღოთ საფუძვლიანი ტუალეტის შემდეგ, სპეციალურ, სტერილურ კონტეინერში, შუა ულუფა. თანამედროვე თვალთახედვით, შარდის აღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება, მაგრამ ანალიზისთვის მაინც დილის შარდი ჯობს. ჰიგიენური პროცედურების დაუცველობამ შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს. მცდარ მონაცემებს ვიღებთ მენსტრუაციის დროსაც, ამიტომ, თუ განსაკუთრებით მწვავე შემთხვევა არ არის, ამ პერიოდში შარდის ანალიზისგან თავს ვიკავებთ.
ანალიზი შარდის აღებიდან ორი საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. თუ მეტი ხანი გავიდა, პასუხი ნაკლებად სანდოა.

რას გვეუბნება შარდის საერთო ანალიზი?
საერთო ანალიზით ფასდება შარდის ფიზიკური და ქიმიური თვისებები და მისი ნალექი.
შარდის ფიზიკურ თვისებებს განეკუთვნება რაოდენობა, ფერი, სუნი, რეაქცია, ხვედრითი წონა. თითოეულ ამ მაჩვენებელს თავისი სადიაგნოსტიკო ღირებულება აქვს.

შარდს ფერს მასში გახსნილი პიგმენტები – ურობილინი და უროქრომი აძლევს. ნორმალური შარდი ყვითელია. მის ფერზე გავლენას ახდენს საკვები (მაგალითად, ჭარხალი) და ზოგიერთი მედიკამენტი. შარდი ფერს იცვლის ზოგიერთი პათოლოგიის დროსაც. თუ ის წითელია და მღვრიე, სავარაუდოა სისიხლდენა შარდის ბუშტიდან და შარდსადინარიდან; თუ წითელია და გამჭვირვალე – თირკმლიდან; ბილირუბინის არსებობისას შარდი მუქი ლუდის ფერია, მოყვითალო-მოთეთრო და მღვრიე შესახედაობა კი შარდში ბაქტერიებისა და ლეიკოციტების არსებობაზე მიანიშნებს.

ინფორმაციულია სუნიც. ნორმალურ შარდს სპეციფიკური სუნი აქვს. სიდამპლის მძაფრი სუნი მასში ლეიკოციტებისა და ბაქტერიების არსებობასა და, შესაბამისად, ანთებით პროცესზე მიუთითებს. კეტონური სხეულები შარდს აცეტონის სუნს აძლევს.
შარდის ხვედრითი წონა დამოკიდებულია მასში გახსნილ და შეწონილ ნივთიერებებზე. მაგალითად, გლუკოზის არსებობა ზრდის ხვედრით წონას, თირკმლის მიერ კონცენტრაციის უნარის დაკარგვისას კი ის მკვეთრად მცირდება.

საერთო ანალიზით ფასდება შარდის რეაქციაც. ნორმალური შარდის რეაქცია სუსტი ტუტედან სუსტ მჟავამდეა. მცენარეული საკვები ტუტიანობის მატებას იწვევს, ცილოვანი კი – მჟავიანობისას. ძლიერი მჟავა რეაქცია გვხვდება დიაბეტის, თირკმლისა და შარდის ბუშტის ტუბერკულოზის, შარდში კეტონური სხეულების არსებობის დროს. ტუტე რეაქცია დამახასიათებელია შარდის ბუშტის ქრონიკული დავადებებისთვის, ცისტიტისთვის, გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ჰემატურიისთვის.

 

ადამიანისთვის ნორმალურია დღე-ღამეში 1,5 ლიტრამდე შარდის გამოყოფა, დღისა და ღამის დიურეზის თანაფარდობა კი 3:1 უნდა იყოს. შარდის რაოდენობა, უწინარესად, დამოკიდებულია მიღებულ საკვებსა და სითხეზე, თუმცა მასზე გავლენას ახდენს პათოლოგიებიც. შარდის რაოდენობის მომატებას პოლიურიას ვუწოდებთ. ის უმთავრესად შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი. შარდის რაოდენობის შემცირება (ოლიგურია) ან მისი გამოყოფის შეწყვეტა (ანურია) თირკმლის მძიმე პათოლოგიებზე მეტყველებს და საგანგაშო ნიშანია.

პროტეინურია
პროტეინურია შარდში ცილის არსებობაა. ნორმაში შარდში ცილა იმდენად ცოტაა, რომ მას სპეციალური ტესტჩხირები ვერ აფიქსირებს, ამიტომ მიიჩნევა, რომ შარდში ცილა არ არის. მისი გაჩენა პათოლოგიაზე მიუთითებს. განასხვავებენ არათირკმლისმიერ და თირკმლისმიერ პროტეინურიას. არათირკმლისმიერი პროტეინურიიის დროს შარდში ცილა შარდსასქესო ორგანოებიდან ხვდება, უმეტესად – პროსტატიტის, ურეთრიტის და სხვა ანთებითი პროცესების დროს. რაც შეეხება თირკმლისმიერ პროტეინურიას, ის ფუნქციურიც შეიძლება იყოს და ორგანულიც. ფუნქციური თირკმლისმიერი პროტეინურიის დროს თირკმლის პარენქიმა დაზაიანებული არ არის; უბრალოდ, ამა თუ იმ გამღიზიანებელი ფაქტორის საპასუხოდ იმატებს თირკმლის ფილტრის განვლადობა, რაც შარდში ცილის გადასვლას უწყობს ხელს. ეს ფაქტორებია მძიმე ფიზიკური შრომა, ხანგრძლივი ვარჯიში. ორგანული პროტეინურია ვითარდება თირკმლის ქსოვილის დაზიანებისას, რაც თირკმლის მძიმე დაავადებებს ახლავს თან. 24-საათიან შარდში 3 გრამზე მეტი ცილის აღმოჩენა ნეფროიდულ სინდრომზე მეტყველებს.

ნორმალურ შარდში არც გლუკოზა და კეტონური სხეულები ჩანს. მათი მატება უმთავრესად შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი. როდესაც თირკმლის ნეფრონში ირღვევა ფილტრაციისა და რეაბსორბციის პროცესები, ვითარდება თირკმლისმიერი გლუკოზურია, ამიტომ როდესაც შარდში გლუკოზა ჩნდება, აუცილებელია სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა. ფიზიოლოგიური გლუკოზურია ვითარდება დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღებისას, ასევე – მძიმე ემოციური დატვირთვისას. კეტონური სხეულები შარდში გვხვდება დიაბეტის, ხანგრძლივი შიმშილის, პირღებინების დროს.
საერთო ანალიზით ფასდება შარდში ბილირუბინისა და ურობილინის არსებობაც. ბილირუბინი ჩნდება ობტურაციული, მექანიკური სიყვითლის, ღვიძლის პარენქიმის დაზიანების დროს (ბოტკინის დაავადება, ციროზი, ქრონიკული ჰეპატიტები). ჰემოლიზური სიყვითლის დროს კი შარდში გვხვდება არა ბილირუბინი, არამედ დიდი რაოდენობით ურობილინი. სწორედ ეს გახლავთ სხვადასხვა ეტიოლოგიის სიყვითლის ერთ-ერთი სადიფერენციაციო ნიშანი.

შარდის ფორმიანი ელემენტები
ვინაიდან მთელი შარდსასქესო სისტემა ამოფენილია ეპითელური უჯრედებით, შარდში განსაზღვრული რაოდენობის ეპითელიუმი ყოველთვის არის. განასხვავებენ ბრტყელ, გარდამავალ და თირკმლის ეპითელიუმს. ეპითელიოციტები, ეპითელუმის უჯრედები, შარდში ხვდება საშარდე გზებიდან, სასქესო ორგანოებიდან კენჭოვანი დაავადებების დროს. ლეიკოციტების მატება, ლეიკოციტურია, თირკმლისა და შარდის ბუშტის ანთებაზე, ინფექციებზე მიუთითებს.

ჰემატურია
ჰემატურია შარდში ერითროცეიტების არსებობაა. შარდში ორგვარი ერითროციტები გვხვდება: შეცვლილი, რომლებშიც ჰემოგლობინი აღარ არის და შეუცვლელი, რომლებიც სავსეა ჰემოგლობინით. ჰემატურია თირკმლისმიერიც შეიძლება იყოს და არათირკმლისმიერიც. არათირკმლისმიერი ჰემატურია ვითარდება ტრავმის, მძიმე ფიზიკური შრომის, ხანგრძლივი ვარჯიშის დროს. თირკმლისმიერი ჰემატურიის მიზეზებია შარდკენჭოვანი დაავადება, გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, თირკმლის დაწევა და სხვა.
საერთო ანალიზით ფასდება შარდში ცილინდრების არსებობაც. ცილინდრები ცილოვანი წარმოშობის სხეულებია – მარცვლოვანი, ჰიალინური და ცვილისებრი. შარდში მათი გაჩენა თირკმლის მძიმე პათოლოგიებზე მიუთითებს.

მარილები და ბაქტერიები შარდში
შარდის არაორგანიზებული ნალექი მოიცავს მარილებს, მჟავე შარდში – ოქსალატებს, მჟაუნმჟავას, ურატებს, ტუტე შარდში –ტრიპელფოსფატებს, ამორფულ ფოსფატებს, ამონიუმის მარილებს.
თუ შარდში ბაქტერიებია, აუცილებელია შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ინფექციის დასაზუსტებლად.

 

MMT ჰოსპიტლის ულტრათანამედროვე ლაბორატორია გთავაზობთ ყველა საჭირო გამოკვლევას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

 

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: