თირკმლის და საშარდე ფზების ინფექცია ქალებში

საშარდე გზების ინფექცია

თირკმელები, შარდსაწვეთები, შარდის ბუშტი და შარდსადენი საშარდე სისტემის ნაწილებია. ინფექციური პროცესი შესაძლოა ნებისმიერ მათგანში აღმოცენდეს. ამ მდგომარეობას საშარდე გზების ინფექციას უწოდებენ. ქვემო საშარდე გზების ინფექცია მოიცავს შარდსადენს, შარდის ბუშტს და პროსტატას – მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალს. ზემო საშარდე გზების ინფექცია თირკმლის ინფექციას გულისხმობს. თირკმლის ინფექციას პიელონეფრიტს უწოდებენ.

რა არის საშარდე გზების ინფექციის მიზეზი?
შარდი, ორგანიზმის სხვა სითხეების მსგავსად, მნიშვნელოვანი ბაქტერიული ინფექციის არარსებობისას სტერილურია. შარდში ბაქტერიების არსებობა ანომალიურ მდგომარეობად განიხილება. ის შეიძლება საშარდე გზების ინფექციის მიზეზად იქცეს. ბაქტერია საშარდე სისტემაში, წესისამებრ, შარდსადენიდან ხვდება. შემდგომ მან შესაძლოა თირკმელსაც მიაღწიოს და თირკმლის ინფექცია გამოიწვიოს. ზემო საშარდე გზების (თირკმლის) ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ქვემო საშარდე გზებისა. ამის მიზეზია ბაქტერიების სისხლში მოხვედრის ანუ ბაქტერიემიის აღმოცენების შესაძლებლობა. შარდსადენში ბაქტერია შეიძლება სწორი ნაწლავიდან ან საშოდან მოხვდეს. არის შემთხვევები, როცა ბაქტერია კანიდანაც ხვდება შარდასდენში. ქალებს საშარდე გზების ინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ, რაც საშარდე გზების ანატომიურ თავისებურებას – შარდსადენის სიმოკლეს – უკავშირდება.

თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციათა რისკფაქტორები
ცნობილია მრავალი ფაქტორი, რომლებიც თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციის რისკს ზრდის. ქალისთვის ასეთი ფაქტორია სქესობრივი კონტაქტი. ამის მიზეზია უცხო ბაქტერიების მოხვედრა შარდსადენთან. სწორედ ამ ფაქტორთან არის დაკავშირებული შარდის ბუშტის ანთება – ცისტიტი – პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდგომ, რომელსაც თაფლობის თვის ცისტიტსაც უწოდებენ. საშარდე გზებისა და პიელონეფრიტის რისკს ზრდის ორსულობაც. დადგენილია, რომ ორსულობისას ქალთა 2-8%-ს გადააქვს საშარდე გზების ინფექცია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შარდსადენში შარდის დინების შეფერხება, რაც გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლით არის გამოწვეული. საშარდე გზებისა და თირკმლის ინფექციის რისკს ზრდის შარდსადენის კათეტერიც (ფოლის კათეტერი). ასეთ კათეტერს მაშინ იყენებენ, როცა ავადმყოფს არ შეუძლია მოშარდვა დამბლის, მძიმე დაავადების, შარდის შეუკავებლობის ან შარდის ბუშტის დისფუნქციის გამო. კათეტერის მეშვეობით ბაქტერიები თავდაპირველად შესაძლოა უშუალოდ შარდის ბუშტში მოხვდნენ, ხოლო შემდგომ – მის ზემოთაც. თირკმლის ინფექციის მიზეზი შესაძლოა იყოს თირკმლის კენჭი ან საშარდე სისტემის სტრუქტურული ანომალია. დარღვეული დრენირება და შარდის პასაჟის ბლოკირება შესაძლებელს ხდის თირკმელში ბაქტერიების შეღწევას, ხოლო შარდის მეშვეობით მათი მოცილება ვეღარ ხერხდება. შარდის დინების ნებისმიერი დარღვევა შესაძლოა ინფექციური პროცესის აღმოცენებისა და საშარდე გზების სხვა ნაწილებში მისი გავრცელების მიზეზი გახდეს. ბავშვებისთვის საშარდე გზების ინფექციის რისკფაქტორებია მდედრობითი სქესი, საშარდე გზების განვითარების ანომალიები, კავკასიური რასა. ცნობილია, რომ კავკასიელებში საშარდე გზების ინფექცია 4-ჯერ ხშირად გვხვდება, ვიდრე აფროამერიკელებში.

როგორ ვლინდება საშარდე გზების ინფექცია
საშარდე გზების ინფექციის ფართოდ გავრცელებული სიმპტომებია:

  • ცხელება;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • მუცლის ტკივილი;
  • შემცივნება;
  • ოფლიანობა;
  • მტკივნეული შარდვა;
  • წელის ტკივილი;
  • საერთო სისუსტე.

პაციენტის გასინჯვისას ექიმი აღმოაჩენს ცხელებას, წელის არეში კუნთების დაჭიმულობას. შარდის ანალიზი ინფექციის სიმპტომებს ავლენს. ხანში შესულ და დასუსტებულ პაციენტებს საშარდე გზების ინფექციის დროს აღენიშნებათ გონების დაბინდვა, გულისცემის აჩქარება, წნევის დაქვეითება, სითხის კარგვა.

თირკმლის ინფექციის დიაგნოსტიკა
თირკმლის ინფექციის დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის სრულყოფილ გასინჯვას და მონაცემების დეტალურ შეკრებას. ექიმი განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს, სისხლის წნევას, სხეულის ტემპერატურას, სუნთქვის სიხშირეს, დეჰიდრატაციის სიმპტომებს, წელის მიდამოს მდგომარეობას. ახალგაზრდა მამაკაცებს უტარდებათ მენჯის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა, ქალებს – ორსულობის ტესტი. საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია შარდის საერთო ანალიზი. შარდი უნდა შეგროვდეს წესების დაცვით. აუცილებელია მოშარდვამდე შორისის არის დაბანა, რათა თავიდან ავიცილოთ შარდის კონტამინაცია ბაქტერიებით, რომლებიც შარდსადენის ირგვლივ კანზე ბინადრობენ. მოშარდვის დაწყებისას შარდის პირველ ულუფას არ ვიღებთ – ის უნიტაზში უნდა ჩავიდეს. კონტეინერში, რომელიც ლაბორატორიას უნდა ჩავაბაროთ, გროვდება შარდის შუა ულუფა. საკმარისია 10-15 მლ. ამის შემდეგ პაციენტი განაგრძობს მოშარდვას და დარჩენილ შარდს კვლავ უნიტაზში უშვებს. საშარდე გზების ინფექციაზე მეტყველებს შარდში ლეიკოციტების ან ბაქტერიების არსებობა. თუ შარდის გამოკვლევამ საშარდე გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ გამოავლინა, განიხილება სხვა დიაგნოზის შესაძლებლობა.

თირკმლის ინფექციის ყველაზე გავრცელებული გამომწვევია ნაწლავის ჩხირი – ეშერიხია კოლი. დადგენილია, რომ ათიდან 8 შემთხვევაში ინფექციას სწორედ ის იწვევს. გარდა ამისა, გავრცელებული ბაქტერიებია კლებსიელა, პროტეუსი, ფსევდომონა, ენტეროკოკი, საპროფიტული სტაფილოკოკი.

ინფექციის მკურნალობა
თირკმლის ინფექციის მკურნალობისას, ისევე როგორც სხვა ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში, ძალზე მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების დროული მიღება. ჩვეულებრივ, როცა თირკმლის ინფექციის დიაგნოზს სვამენ, იწყება ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია – ანტიბიოტიკებით მკურნალობა ბაქტერიების მგრძნობელობის განუსაზღვრელად. ამავე დროს ხდება სისხლისა და შარდის ჩაბარება ლაბორატორიული კვლევისთვის და ტარდება სისხლისა და შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის დროსაც ბაქტერიებს სპეციალურ საკვებ ნიადაგზე გამოზრდიან და განსაზღვრავენ მათ მგრძნობელობას ანტიბიოტიკების მიმართ. შედეგის კვალობაზე, ანტიბიოტიკი შეიძლება შეიცვალოს. ეს მაშინ, თუ გამოვლინდა აღმოჩენილი ბაქტერიების რეზისტენტობა (მდგრადობა) დაინშნული ანტიბიოტიკების მიმართ. გაურთულებელ შემთხვევებში საკმარისია ტაბლეტირებული ფორმით ანტიბიოტიკების მიღება და წყლითა და სითხით უზრუნველყოფა. ამ დროს მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ბინაზე. როცა სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, მდგომარეობა მძიმეა, გულისრევა და ღებინება შეუძლებელს ხდის მედიკამენტების მიღებას ან ტაბლეტირებული პრეპარატები უეფექტოა, აუცილებლად მიიჩნევა პაციენტის სტაციონარში მოთავსება ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიისა და სითხის მიწოდებისთვის, სიმპტომების აგრესიული მართვისთვის. ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია გართულებული თირკმლის ინფექციის შემთხვევებშიც.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან ინფექცია
განსაზღვრული წესების დაცვით შეიძლება შევამციროთ თირკმლის ინფექციის რისკი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ:

  • ჰიგიენაზე. ვინაიდან საშარდე გზების ინფექციათა გამომწვევი ბაქტერიები ორგანიზმში შარდსადენიდან აღწევენ, ძალზე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენა. დადგენილია, რომ ქალებში ტუალეტისა და ბანაობის შემდეგ შორისის არის გაწმენდა ზემოდან ქვემოთ, წინიდან უკან საგრძნობლად ამცირებს ანუსისა და საშოს არის ბაქტერიების შარდსადენში მოხვედრის შანსს.
  • სქესობრივ კონტაქტზე. ვინაიდან სქესობრივი კონტაქტი თირკმლის ინფექციის ერთ-ერთი რისკფაქტორია, რეკომენდებულია შარდის ბუშტის დაცლა (მოშარდვა) სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. ეს ხელს უწყობს შარდის ბუშტში მოხვედრილი ბაქტერიების სწრაფად მოცილებას.
  • საკვებზე. ცნობილია, რომ შტოში და შტოშის წვენი ხელს უწყობს თირკმლის ინფექციის პროფილაქტიკას.
  • კათეტერზე. მისი გამოყენების აუცილებლობისას რეკომენდებულია, კათეტერი შეიცვალოს ექიმის მეთვალყურეობით ან მისი მითითებების ზუსტი დაცვით, პროცედურამდე სათანადოდ დამუშავდეს შორისის არე.
  • თირკმლის კენჭებზე. თირკმლის ინფექციის დროს კენჭები ინფექციის პოტენციური კერაა, რის გათვალისწინებითაც რეკომენდებულია უროლოგთან მისვლა და კენჭების მოცილების შესაძლებლობის განხილვა ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

 

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ საშარდე გზების ინფექციის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: