დისტანციური ლითოტრიფტორი

დისიტანციური ლითოტრიფტორი წარმოადგენს კენჭების დისტანციურად დამშლელს. ამ მეთოდით მკურნალობისას კენჭი იშლება მასზე მიმართული ძლიერი ენერგეტიკული დარტყმებით. კენჭის ადგილმდებარეობა ფიქსირდება რენტგენით და ექოსკოპიის მეშვეობით. ლითოტრიფტორის  გენერატორის მიერ ელექტრო-მაგნიტური გზით გამომუშავებული იმპულსები კომპიუტერის მეშვეობით ფოკუსირდება საშარდე გზებში არსებულ კენჭზე.

კენჭი იშლება ქვიშად ან სხვადასხვა სიდიდის ფრაგმენტებად, რომლებიც ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით შარდთან ერთად გამოიყოფა.

მკურნალობა ტარდება სეანსებით. დაახლოებით ერთსაათიანი სეანსის დროს გამოყენებული დარტყმითი ბიძგების ენერგეტიკული დონე და სიხშირე მართვადია და დამოკიდებულია კენჭის სიდიდესა და სიმკვრივეზე. სეანსის წინ პაციენტს უკეთდება დამამშვიებელი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ინექცია, იშვიათად, უმეტესად ბევშვებისთვის, საჭირო ხდება ზოგადი ანესთეზია.

დისტანციური ლითოტრიფსიის შედეგიანობა ანუ კენჭის დაშლადობა ძირითადად დამოკიდებულია მის ზომასა და ქიმიურ შემადგენლობაზე. რაც უფრო დიდია კენჭი, მით მეტი სეანსის ჩატარება ხდება საჭირო. ჩვენი და საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემებით ოპტიმალურია 20 მმ-დე კენჭის დაშლა, რომელსაც საშუალოდ 1,8 სეანსი სჭირდება. შესაძლებელია უფრო მეტი მოცულობის კენჭის დაშლის ცდაც (დაახლოებით 40 მმ-დე), მაგრამ ამისთვის სეანსების შორის 7-10 დღიანი ინტერვალების გამო შედარებით დიდი დროა საჭირო.

გვხდება კენჭები, რომელთა დაშლა აღნიშნული მეთოდით ვერ ხერხდება (კალციუმის მონოჰიდრატი). ასეთ შემთხვევათა რიცხვი დაახლოებით 3%-ს შეადგენს.

ცალკეულ შემთხვევებში კენჭების დაშლის დისტანციურ მეთოდთან დამატებითი სამკურნალო ღონისძიებების შეთავსება ხდება საჭირო.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: