სათესლის განუვითარებლობა

უროლოგი, უროლოგია, ონკოუროლოგი, პროსტატა, შარდის ბუშტი, პროსტატის კიბო, თირკმელი, ადენომა, თირკმლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, კენჭის დაშლა, ბავშვთა უროლოგი,

სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზია – როცა სათესლე ჯირკვალი განუვითარებელია

სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზია ერთი ან ორივე სათესლის თანდაყოლილი განუვითარებლობაა, რომელიც ანდროგენულ უკმარისობას იწვევს.
სათესლეების ჰიპოპლაზიას ახასიათებს:
• ჯირკვლების ზომაში შემცირება;
• სათესლე პარკის ასიმეტრია;
• მცირე ზომის სასქესო ასო (პენისი);
• სქესობრივი მომწიფების დარღვევა;
• ფსევდოგინეკომასტია;
• ლიბიდოს დაქვეითება;
• იმპოტენცია;
• მამაკაცის უნაყოფობა.

სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზია განვითარების ანომალიაა, რომელიც ორგანოს მცირე ზომასა და ფუნქციურ უკმარისობას განაპირობებს. ის ახალშობილი ვაჟების 5-7 % -ს აღენიშნება. პათოლოგია შეიძლება სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდეს, დაწყებული გონადების უმნიშვნელო შემცირებით, დამთავრებული მათი სრული არარსებობით (ასეთ დროს აპლაზიაზე საუბრობენ).

სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზია შეიძლება იყოს ცალმხრივი (ამ დროს ერთი სათესლე ჯირკვალია განუვითარებელი, მეორე კი ნორმალური ზომისაა) და ორმხრივი (როდესაც ორივე, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სათესლის ზომა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნორმას).

სათესლეები მამაკაცის სასქესო ჯირკვლებია (წყვილი ორგანო), რომლებიც ორმაგ ფუნქციას ასრულებს: რეპროდუქციულს (ანუ გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო უჯრედებს –სპერმატოზოიდებს) და ენდოკრინულს (წარმოქმნის მამაკაცის ძირითად სასქესო ჰორმონს- ტესტოსტერონს). სწორედ სათესლეები განსაზღვრავს პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას, მამაკაცთა რეპორდუქციული პოტენციალის რეალიზებას.

სათესლეები მკვრივი კონსისტენციის ოვალური ფორმის ორგანოა, ნორმაში მათი ზომებია: 4-5 სმ სიგრძეში, 2-3 სმ სიგანეში, წონა კი 20-30 გ-ს შეადგენს. სათესლეები მოთავსებულია სათესლე პარკში და ერთმანეთისაგან გამიჯნულია ძგიდით (ტიხარით). ჯირკვლების ასეთი ლოკალიზაცია დაკავშირებულია ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფასთან (32ºC), რომელიც სპერმატოგენეზისთვისაა აუცილებელი. თითოეული სათესლე ჯირკვალი რამდენიმე გარსითაა დაფარული და წილაკებისაგან შედგება.
რა იწვევს სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზიას

ერთი ან ორივე სათესლის ჰიპოპლაზია ვითარდება ემბრიონული განვითარების ადრეულ ეტაპზე მათი ფორმირებისას. რაც უფრო ადრე (ადრეულ ეტაპზე) ირღვევა ეს პროცესი, მით მეტადაა გამოხატული ანომალია.

ჰიპოპლაზიის ძირითადი მიზეზი ქრომოსომული და გენეტიკური პათოლოგიებია (სასქესო ქრომოსომების სტრუქტურისა და რაოდენობის დარღვევა, ნაყოფის სქესის დიფერენციაციაზე პასუხისმგებელი გენების დაზიანება).

პათოლოგიის განვითარებისადმი წინასწარგანწყობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს: ორსულობის პერიოდის პათოლოგიები, ჰორმონული დისბალანსი, სხვადასხვა ფაქტორის ტერატოგენული ზემოქმედება, მძიმე მშობიარობის დროს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და სხვა.
სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზიას შეიძლება თან ახლდეს სხვა ენდოკრინული ჯირკვლების, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია. ზოგჯერ პათოლოგიას განაპირობებს გონადების ქსოვილთა ტროფიკული ან აუტოიმუნური დაზიანებები.

დაავადების ძირითადი სიმპტომები
სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით ვლინდება უროლოგთან ვიზიტისას. ერთი ან ორივე ჯირკვლის ზომაში შემცირების გამო სათესლე პარკიც რამდენადმე შემცირებულია. ხშირად აღინიშნება სათესლე ჯირკვლის დანამატისა და პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ჰიპოპლაზიაც.

სათესლეების ჰიპოპლაზიის ძირითადი სიმპტომი ჰორმონული ფონის დარღვევაა, რაც თავის მხრივ ტესტოსტერონის დონის დაქვეითებით განისაზღვრება. ცალმხრივი ჰიპოპლაზიის დროს კომპენსატორული მექანიზმების წყალობით, მეორე, ჯანმრთელი ჯირკვალი თავის თავზე იღებს ფუნქციას და, შესაბამისად, ჰორმონთა დონე უმნიშვნელოდ იცვლება. ამასთან ეს ჯანმრთელი ჯირკვალი ზომაში რამდენადმე დიდდება.

უმნიშვნელო (სუსტად გამოხატული) ჰიპოპლაზიის შემთხვევაში სპერმატოგენეზი ნორმალურად მიმდინარეობს და მამაკაცი განაყოფიერებისუნარიანია. ორმხრივი ჰიპოპლაზიის დროს კი მწვავე ანდროგენული უკმარისობა ვითარდება, ირღვევა სქესობრივი მომწიფება, აღინიშნება ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, ირღვევა სპერმატოგენეზი.

როგორ მკურნალობენ სათესლის ჰიპოპლაზიას
სათესლის ჰიპოპლაზიის მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში მედიკამენტურია, მოიცავს შენაცვლებით და სტიმულაციურ ჰორმონულ თერაპიას. ცალმხრივი ჰიპოპლაზიის დროს მიმდინარეობს ჰორმონული სტატუსის რეგულარული მონიტორინგი, ჩვენებისამებრ ინიშნება ტესტოსტერონის პრეპარატები.
სპერმატოგენეზის ჰორმონული სტიმულაცია სასქესო უჯრედების მორფოლოგიის ხანგრძლივი დროით გაუმჯობესების საშუალებას იძლევა, ქმნის სპერმის კრიოკონსერვაციის საშუალებას და შორეულ პერსპექტივაში მისი გამოყენების შესაძლებლობას.

ზოგჯერ ერთი სათესლე ჯირკვლის ჰიპოპლაზიისა და მეორე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისას განუვითარებელი სათესლის ქირურგიულ ამოკვეთას (ორქიეკტომიას) მიმართავენ, შემდგომ კი პაციენტის სურვილისამებრ ორგანოს ესთეტიკურ პროთეზირებას (ხელოვნური სათესლის იმპლანტაციას) ახორციელებენ.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ სათესლე ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: