უროლოგი, უროლოგია, ონკოუროლოგი, პროსტატა, შარდის ბუშტი, პროსტატის კიბო, თირკმელი, ადენომა, თირკმლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, კენჭის დაშლა, ბავშვთა უროლოგი, ტეგები: , , ,

ჰიდროცელე – სათესლის წყალმანკი

ჰიდროცელე იგივე სათესლის წყალმანკი, რეალურად სათესლე ჯირკვლის გარსების წყალმანკია. ამ პათოლოგიის დროს სეროზული სითხე გროვდება საკუთრივ სათესლის შიგნითა გარსის პარიეტალურ და ვისცერულ ფურცლებს შორის, რის გამოც სათესლე პარკი შესაბამის მხარეზე დიდდება. დაგროვილი სითხის მოცულობა 20-დან 200 მლ-ის ფარგლებში მერყეობს, იშვიათად 1-3 ლიტრამდეც შეიძლება მიაღწიოს.

დაავადება გვხვდება როგორც ბავშვებთან, ასევე ზრდასრულებთან. ბავშვებთან, ჩვეულებრივ, დიაგნოსტირდება თანდაყოლილი ჰიდროცელე, ზრდასრულებთან კი _ შეძენილი. დიაგნოსტიკა ხდება ვიზუალური დათვალიერების, დიაფანოსკოპიისა და ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია.

 

რატომ ვითარდება სათესლის წყალმანკი

თანდაყოლილი ჰიდროცელე

მუცლადყოფნის პერიოდში განვითარება-ჩამოყალიბების კვალად სათესლე ჯირკვალი საზარდულის არხით ეშვება სათესლე პარკში. მასთან ერთად სათესლე პარკში ეშვება პერიტონეუმის ნაწილიც (მას სხვაგვარად მუცლის ფარის საშოსებრ ანუ ვაგინალურ წანაზარდსაც უწოდებენ). სათესლის პარკში ჩაშვების შემდეგ სანათური პერიტონეუმსა და საშოსებრ წანაზარდს შორის იხურება. თუ ეს პროცესი დაირღვა, სითხე, რომელიც მუცლის ღრუში წარმოიქმნება (პროდუცირდება) სათესლე პარკში მოხვდება და იქ დაგროვდება.

ვაგინალური წანაზარდის ვისცერული ფურცლის უჯრედები თავად გამოყოფენ სითხეს. როდესაც სანათური პერიტონეუმსა და ვაგინალურ წანაზარდს შორის დახურულია (შეზრდილია), სითხე ასევე გროვდება სათესლის გარსის ფურცლებს შორის და ვითარდება წყალმანკი.

აღნიშნული სანათური ახალშობილი ბიჭების 80 %-თან ღიაა. წლინახევრის ასაკისათვის ბავშვების უმრავლესობასთან ეს სანათური ხორცდება (იხურება). შესაბამისად, თანამედროვე უროლოგიური მიდგომებით სათესლის წყალმანკის აღმოჩენის შემთხვევაში 18 თვის ასაკამდე ბავშვებს არ მკურნალობენ. სათესლის გარსების წყალმანკი შესაძლოა თავისით გაქრეს, სანათურის შეხორცება-დახურვის კვალად სითხე თავად გაიწოვოს.

 

შეძენილი ჰიდროცელე

შეძენილი წყალმანკის მიზეზი ძირითადად საკუთრივ სათესლის გარსის მიერ გამოყოფილი სითხის პროდუქციასა და აბსორბციას (შეწოვას) შორის დისბალანსია. ამ დისბალანსს ანუ გამოყოფა-შეწოვის ბალანსის დარღვევას ხელს უწყობს სათესლე პარკისა და მისი ორგანოების ტრავმა, სიმსივნე, ანთებითი პროცესი, ასევე სათესლე პარკიდან ლიმფის გადინების დარღვევა.

 

 

რა სიმპტომებით ხასიათდება ჰიდროცელე

მწვავე წყალმანკი სათესლე პარკის მკვეთრი გადიდებითა და მტკივნეულობით ხასიათდება, ხშირია ჰიპერთერმიაც.

ქრონიკული წყალმანკი შეიძლება მწვავე პროცესის გამოსავალი იყოს ან გამოწვეული სათესლისა და მისი დანამატის ქრონიკული პათოლოგიით. ქრონიკული ჰიდროცელეს დროს პაციენტს აწუხებს სიმძიმის შეგრძნება სათესლე პარკის არეში. დაზიანებული მხარე მოცულობაში გადიდებულია. თანდაყოლილი წყალმანკის დროს სათესლე პარკი ზომაში დღის განმავლობაში მატულობს, ღამით, ძილის დროს კი მცირდება. შეძენილი წყალმანკის დროს სათესლე პარკის მოცულობა არ იცვლება.

ქრონიკული წყალმანკი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტკივილისა და შარდვის დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. სითხე, ჩვეულებრივ, ნელ-ნელა გროვდება (სათესლე პარკი ამ დროს უმნიშვნელოდ დიდდება), თუმცა, შესაძლებელია ერთბაშადაც დაგროვდეს. გამოხატული წყალმანკის დროს ირღვევა შარდის გამოყოფისა და სქესობრივი აქტები, ვითარდება სათესლე პარკის ორგანოთა ჰიპოტროფია და ირღვევა სპერმატოგენეზი.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა ეფუძნება ვიზუალურ დათვალიერებას, დიაფანოსკოპიასა (სათესლე პარკის განათებას) და ულტრაბგერით (ექოსკოპიურ) კვლევას. ამ უკანასკნელით განისაზღვრება სითხის მოცულობა, ფასდება სათესლისა და მისი დანამატის მდგომარეობა.

 

მკურნალობა

სათესლის შეძენილი წყალმანკის მკურნალობა ძირითადი დაავადების თერაპიას გულისხმობს. პაციენტს ურჩევენ სიმშვიდეს. არ არის რეკომენდებული სპორტული და სხვა სახის ფიზიკური დატვირთვა.
სითხის ევაკუაციისა და ჰიდროცელეს ღრუში მასკლეროზებელი პრეპარატების შეყვანის მიზნით მიმართავენ პუნქციას.

იმის გამო, რომ დაავადება რეციდივს განიცდის, მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. არსებობს ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი (მაგალითად, ვინკელმანის, ლორდის, ბერგმანის, როსის).

თანდაყოლილი ჰოდროცელეს ოპერაციული მკურნალობა 1,5 წლამდე ასაკის ბავშვებთან არ ტარდება.

 

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ჰიდროცელეს მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: