რა არის ვეზიკულიტი

ვეზიკულიტი სათესლე ბუშტუკების ანთებითი პროცესია. შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ ან ქრონიკულად, იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი. პაციენტთა 80-85 %-ს აღენიშნება ორმხრივი ვეზიკულიტი. მწვავე ვეზიკულიტი ხშირად გადადის ქრონიკულ ფორმაში.

სათესლე ბუშტუკების ანთებას იწვევს როგორც არასპეციფიკური გამომწვევები (ენტეროკოკი, ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი), ასევე სპეციფიკური ინფექციური აგენტებიც (მაგალითად, გონოკოკი, ტრიქომონადა და სხვა). ასეპტიური ვეზიკულიტი შესაძლოა განვითარდეს სქესობრივი თავშეკავების შედეგად მცირე მენჯში სისხლის შეგუბებისა და სათესლე ბუშტუკების ტონუსის დარღვევის გამო.

ვეზიკულიტი იშვიათად ვითარდება როგორც დამოუკიდებელი დაავადება. ანთებითი პროცესი სათესლე ბუშტუკებში, როგორც წესი, შარდსასქესო სისტემის მწვავე ან ქრონიკული პათოლოგიების (ურეთრიტი, ეპიდიდიმიტი, პროსტატიტი) გართულების სახით ვითარდება. ვეზიკულიტით შესაძლოა გართულდეს ისეთი ანთებითი დაავადებები (მწვავე), როგორებიცაა ანგინა, გრიპი, ან კიდევ ოსტეომიელიტი და სხვა ქრონიკული პათოლოგიები.

ვეზიკულიტი თან ახლავს ქრონიკულ პროსტატიტს. მის აღმოცენებას ხელს უწყობს მჯდომარე სამუშაო, ზოგადი ქრონიკული გადაციება, სქესობრივი აქტივობის ნორმალური რიტმის დარღვევა (თავშეკავება ან გადაჭარბებული აქტივობა), იმუნიტეტის დაქვეითება, ყაბზობა.

რა ახასიათებს ვეზიკულიტს

მწვავე ვეზიკულიტისათვის დამახასიათებელია უცაბედად დაწყება. ამ დროს სხეულის ტემპერატურა მატულობს, პაციენტს თავის ტკივილი და ციებ-ცხელება აწუხებს. დაავადებას ახასიათებს ტკივილი საზარდულის, სწორი ნაწლავისა და ბოქვენის მიდამოში. ტკივილის სინდრომი ძლიერდება დეფეკაციისა და შარდის ბუშტის ავსების დროს. ტკივილი ირადიაციით ზოგჯერ წელის არესაც გადაეცემა. დეფეკაციას შესაძლოა თან ახლდეს ლორწოსა და სხვა სახის გამონადენის გამოყოფა ურეთრიდან (პროსტატორეა). სპერმა ზოგჯერ სისხლის კვალსაც შეიცავს (ჰემოსპერმია). ზოგიერთ პაციენტს შარდვის გახშირება, ღამის გახანგრძლივებული და გახშირებული ერექცია აღენიშნება.

 

მწვავე ვეზიკულიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა კატარული. თუ ანთებითი პროცესი მიმდებარე ქსოვილებზე გადავიდა (გავრცელდა) _ პარავეზიკულიტზე საუბრობენ.
ქრონიკულ ვეზიკულიტს ახასიათებს სუსტი ყრუ ტკივილი შორისის მიდამოში, კუდუსუნისა და სწორი ნაწლავის არეში. ტკივილი ხშირად ირადირებს (გადაეცემა) სასქესო ორგანოებისკენ. აღინიშნება აგრეთვე შარდვის გახშირება, ღამის გახანგრძლივებული ერექცია, შესაძლოა სპერმაში სისხლის გამოჩენა, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა. ერექცია ამ დროს მტკივნეულია, ორგაზმის ხარისხი ქვეითდება, ზოგჯერ სრულიად ქრება. ზოგიერთ პაციენტთან ქრონიკული ვეზიკულიტი სუსტად გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს ან საერთოდ უსიმპტომოდ.

რა გართულებები ახლავს ვეზიკულიტს

არანამკურნალები ვეზიკულიტი შესაძლოა სათესლე ბუშტუკების დაჩირქებით (ემპიემა) გართულდეს. დაავადების ქრონიკული ფორმის დროს, ანთებითი პროცესის სათესლის დანამატებზე გავრცელების შემთხვევაში ვითარდება ქრონიკული ეპიდიდიმიტი. ქრონიკული ორმხრივი ეპიდიდიმიტი კი თავის მხრივ მამაკაცთა ობტურაციული ფორმის უნაყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

როგორ ხდება ვეზიკულიტის დიაგნოსტიკა
ვეზიკულიტის დიაგნოსტიკა ექიმ-უროლოგის პრეროგატივაა. პაციენტს უტარდება რექტალური (სწორი ნაწლავიდან) თითით გასინჯვა, სასქესო ორგანოთა ულტრაბგერითი გამოკვლევა (სათესლე ბუშტუკები გადიდებულია), სათესლე ბუშტუკების სეკრეტის ანალიზი (ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით ერითროციტები და ლეიკოციტები ვლინდება), შარდის და სისხლის საერთო ანალიზი (დასტურდება ანთებითი პროცესის არსებობა).

სპერმოგრამის შედეგებით ვლინდება ჰემოსპერმია (სისხლის არსებობა სპერმაში), სპერმის წებოვნების მატება, ეაკულატის რაოდენობის ცვლილება (მოცულობის მატება ან შემცირება), სპერმატოზიოდების რაოდენობისა და მოძრაობის სიჩქარის დაქვეითება.

მკურნალობა
ვეზიკულიტის მკურნალობა კომპლექსურია – მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას, ტკივილგამაყუჩებელ და საფაღარათო საშუალებებთან კომპლექსში (პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად), ფიზიოთერაპიას, სამკურნალო აბაზანებს, ცხელ სათბურებსა და მიკროოყნებს. ემპიემის დროს ნაჩვენებია იპერაციული ჩარევა – ჩირქის ევაკუაცია სათესლე ბუშტუკების პუნქციითა და შემდგომი დრენირებით.

 

MMT ჰოსპიტალი ვეზიკულიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: