ტესტოსტერონი

უროლოგი, უროლოგია, ონკოუროლოგი, პროსტატა, შარდის ბუშტი, პროსტატის კიბო, თირკმელი, ადენომა, თირკმლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, კენჭის დაშლა, ბავშვთა უროლოგი, ტეგები: ,

ტესტოსტერონი – მამაკაცური შესაძლებლობების საფუძველი

მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მომატებასთან ერთად ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითება მამაკაცისთვის ნორმალური მოვლენაა, ამ ჰორმონის დაბალმა დონემ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. ტესტოსტერონი ის ნივთიერებაა, რომელიც მამაკაცს მამაკაცად აქცევს. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მისი დონის სწრაფი მომატება კუნთების ზრდის, ხმის ტემბრის დადაბლების, სქესობრივი მოწიფების დაჩქარების მიზეზია. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტესტოსტერონი ორგანიზმს მამაკაცურ შესაძლებლობებს უნარჩუნებს.

ტესტოსტერონის დონე ორმოცი წლიდან იწყებს კლებას, მაგრამ უმნიშვნელო ტემპით – წელიწადში დაახლოებით 1-2%-ით. საშუალო ასაკის და ამაზე უფროსი მამაკაცების უმრავლესობა თითქმის ვერ ამჩნევს ტესტოსტერონის დონის კლებას. სისხლში ჰორმონის შემცველობის მკვეთრი დაცემა კი მეტად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. მაშ, რა არის ტესტოსტერონის დონის დაქვეითება – დაბერების თანმხლები ბუნებრივი მოვლენა თუ სამედიცინო პრობლემა? ექიმები გვარწმუნებენ, რომ თუ მამაკაცი არაფერს უჩივის, ტესტოსტერონის დონის განმსაზღვრელი ტესტის ჩატარება აუცილებელი არ არის. არ არსებობს ცნობები იმის თაობაზე, რაიმე შედეგს იძლევა თუ არა სიმპტომების უქონლობის შემთხვევაში ტესტოსტერონის დაბალი დონის მკურნალობა. მაგრამ თუ სიმპტომები აშკარაა, მკურნალობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

რა ხდება, როცა ტესტოსტერონის დონე დაბალია
თუ დეცილიტრ სისხლში ტესტოსტერონი 300 ნანოგრამზე ნაკლებია, მისი დონე ნორმაზე დაბალია. ასეთ დროს მოსალოდნელია სქესობრივი ლტოლვის დარღვევა, ერექციის პრობლემები, გუნება-განწყობილების შეცვლა, დაღლილობა, ძილის დარღვევა. იმ მამაკაცთა ნახევარი ან ორი მესამედი, რომელსაც ტესტოსტერონი ნორმაზე დაბალი აქვს, სწორედ ამ სიმპტომებს უჩივის. ქალთა მენოპაუზისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ესტროგენის დონის დაქვეითება ყოველთვიურად ხდება, “ანდროპაუზა” – ტესტოსტერონის დონის დაქვეითება – წლობით მიმდინარეობს. ორგანიზმზე მისი გავლენა შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. თანამედროვე მედიცინა აქ ფაქტობრივად ერთსულოვანია: ის ტესტოსტერონის ხელოვნური განახლების მეთოდს გვირჩევს. ჰორმონის მარაგის შევსება შეიძლება გელის, კანზე მისამაგრებელი ფირფიტების, ტაბლეტებისა და ინექციების მეშვეობით. ამ შემთხვევაში საერთო რეკომენდაცია ტესტოსტერონის ნორმალურ დონემდე მომატებაა.

ტესტოსტერონის დაბალი დონის გავლენა ჯანმრთელობაზე
შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ თითქმის უცნობია, რა ხანგრძლივ ეფექტს ახდენს ჯანმრთელობაზე ტესტოსტერონის დაბალი დონე. მას უკავშირებენ ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებას, მაგალითად, სიმსუქნეს, დიაბეტს, დეპრესიას, შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც, მაგრამ დაუზუსტებელია, იწვევს თუ არა ტესტოსტერონის დაბალი დონე ამ დაავადებებს. ეს ჰორმონი ძვლების შემადგენლობაშიც შედის, ამიტომ მისმა უკმარისობამ შესაძლოა ძვლის სტრუქტურის ცვლილება გამოიწვიოს, რომელსაც ოსტეოპოროზს უწოდებენ. თუ მამაკაცს ბარძაყის ძვალი მოსტყდა, სავარაუდოდ, მას ტესტოსტერონის დონე დაბალი აქვს. არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ტესტესტერონის დონის მომატება ამცირებს მოტეხილობის რისკს. და მაინც, ექიმების უმრავლესობა ტესტოსტერონის დაბალ დონესა და ძვლების მომატებულ სიმყიფეს ერთმანეთს უკავშირებს.

ტესტოსტერონის დონის მომატება: პლუსები და მინუსები
რამდენიმე წელია, გაიზარდა ტესტოსტერონზე გამოწერილი რეცეპტების რაოდენობა. ზოგიერთი სპეციალისტი მიესალმება ამას, სხვები კი ეჭვის თვალით უყურებენ. ტესტოსტერონის ხელოვნური მომატება ნორმალური დოზებით, საერთო ჯამში, უსაფრთხოა, მაგრამ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ ბოლომდე მსგავსი პროცედურების შორეული შედეგები. არსებობს მონაცემები, რომ ტესტოსტერონის ნაკლებობის სიმპტომების მქონე მამაკაცების დიდი ნაწილი საერთოდ არ მკურნალობს. ცნობილია მკურნალობის მრავალი სხვა საშუალებაც, რომელიც ტესტოსტერონის დონის ხელოვნურად მომატებას ცვლის. ეს ჰორმონი ყოველთვის რომ გვეხმარებოდეს, შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

ექიმების მტკიცებით, იმ მამაკაცთა დაახლოებით 10%, რომელთაც ასეთი მკურნალობა ჩაიტარეს, სასურველ შედეგს ვერ იღებს. დაახლოებით 90% მდგომარეობის გაუმჯობესებას აღნიშნავს, მათი მეათედი კი ძალიან კმაყოფილია. სამედიცინო კვლევების თანახმად, მამაკაცთა უმრავლესობამ მკურნალობის შედეგად გაიუმჯობესა სექსუალური ცხოვრება და თავი დააღწია ერექციის პრობლემებს. აშშ-ის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის კლინიკური რჩევების თანახმად, ზოგიერთმა მამაკაცმა ხელოვნურად არ უნდა მიიღოს ტესტოსტერონი. პროსტატის კიბოთი დაავადებულთათვის მისი მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ჰორმონმა შესაძლოა კიბოს უჯრედების განვითარების სტიმულირება მოახდინოს.

ტესტოსტერონის მიღების შედეგად სხვა დაავადებებიც შეიძლება გამწვავდეს, მაგალითად, აპნოე, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია, გულის უკმარისობა. უკვე რამდენიმე ათეული წელია, მიმდინარეობს ტესტოსტერონის კლინიკური კვლევა, მაგრამ მეცნიერები საერთო აზრამდე ჯერ კიდევ არ მისულან, ამიტომ მამაკაცებმა, რომელთა სისხლის ანალიზმაც ამ ჰორმონის დაბალი დონე აჩვენა, საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანონ. ეს მათაც ეხება, ვინც, ყველაფრის მიუხედავად, შეძლო ექიმთან საუბარი ტესტოსტერონის დაბალი დონით გამოწვეული სიმპტომების შესახებ. ექიმების თქმით, მამაკაცთა უმრავლესობა ამ თემაზე საუბარს გაურბის, რაც მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს, არადა, მკურნალობის მარტივი მეთოდების გამოყენებით მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება სულ ადვილად შეიძლება.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: