ორქიტი

ორქიტი

ორქიტი სათესლე ჯირკვლის ანთებაა. ის, ჩვეულებრივ, რომელიმე ინფექციურ-ანთებითი დაავადების გართულების სახით ვითარდება. ორქიტს დასაბამს აძლევს გრიპი, პარაგრიპი, ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა), ქუნთრუშა, პნევმონია (ფილტვების ანთება), ბრუცელოზი, მუცლის ტიფი, თუმცა, ყველაზე ხშირად, სათესლე ჯირკვლის ანთება შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება, ფაქტობრივად თან სდევს ურეთრიტს (შარდსადენი მილის ანთებას), ეპიდიდიმიტს (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებას).
ორქიტი მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც.

 

მწვავე ორქიტი
დაავადება სათესლის არის ტკივილით იწყება. ტკივილი გადაეცემა შორისის, საზარდულის, წელის ან კუდუსუნის არეში. სათესლე პარკი დაავადებულ მხარეზე ორჯერ მსხვილდება, ანთებითი პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წითლდება, ცხელდება, მისი კანის ნაკეცები სწორდება. ამ დროს სათესლე ჯირკვალი გადიდებულია, შეხებისას – მტკივნეული. ადგილობრივ სიმპტომებს ერთვის ზოგადი სისუსტე, ცხელება (38-39 გრადუსი), თავის ტკივილი, გულისრევა და სხვა.

2-4 კვირაში დაავადება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე თავისთავადაც გაივლის. არის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესის გაღრმავების კვალდაკვალ ჯირკვალი ჩირქდება. წარმოიქმნება ე.წ სათესლის აბსცესი. ასეთ დროს სათესლე პარკი ალისფერს იღებს, გლუვდება, შეხებისას კი ძლიერ მტკივნეულია.

მწვავე ორქიტის მთავარი გართულებაა სათესლის დაჩირქება, რასაც საბოლოო ჯამში უნაყოფობამდე მივყავართ. მკურნალობა მოიცავს ანტბიოტიკოთერაპიას, მწვავე პერიოდში – ადგილობრივად ცივ პროცედურებს (ცივ, ყინულიან საფენებს), მწვავე პროცესის ჩაცხრობის შემდეგ კი – თბილ პროცედურებსა და ფიზიოთერაპიას. ორქიტის დროს სათესლე პარკს ფიქსირებულ ამაღლებულ პოზიციას ანიჭებენ.

აბსცესის ჩამოყალიბებისას სათესლის გაკვეთასა და დრენირებას მიმართავენ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში, როცა ჯირკვლის ქსოვილი განილევა და სათესლე მთლიანად ჩირქითაა სავსე, ორქიექტომია ანუ სათესლის ამოკვეთა ხორციელდება.

 

ქრონიკული ორქიტი

ქრონიკული ორქიტი მწვავე ორქიტის არასათანადო მკურნალობისას ვითარდება. ზოგჯერ ის შარდ-სასქესო სისტემის ქრონიკული ინფექციის გართულებაა.

ქრონიკული ორქიტის მთავარი სიმპტომი შეხებისას სათესლე ჯირკვლის მტკივნეულობაა. პროცესის გამწვავებისას ტკივილი სიარულის დროსაც ვლინდება. ქრონიკულად მიმდინარე პროცესი მწვავეზე მეტად აქვეითებს ჯირკვლის სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას და უნაყოფობის განვითარების თვალსაზრისით გაცილებით საშიშია.

მკურნალობა ქრონიკული ორქიტის დროს ხანგრძლივი და რეგულარული უნდა იყოს. ანტიბიოტიკოთერაპიისა და ადგილობრივი პროცედურების პარალელურად აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. კარგ შედეგს იძლევა ფიზიოთერაპიაც.

ეპიდიდიმიტი

პროფილაქტიკა ითვალისწინებს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა დროულ და სათანადო მკურნალობას, ორგანიზმის ცალკეული ორგანოების მდგომარეობის კონტროლს ზოგადი ინფექციის (გრიპის, პარაგრიპის, ქუნთრუშას) დროს.

 

საყურადღებოა
ეპიდემიური პაროტიტი (იგივე ყბაყურა) ასიდან 30 შემთხვევაში ორქიტით რთულდება. დაავადების დაწყებიდან 3-12 დღეში ან ბავშვის გამოჯანმრთელების პირველსავე კვირას სათესლე ჯირკვლებში (ორმხრივად) ზოგჯერ ანთებითი პროცესი აღინიშნება. პაროტიტული ორქიტი არცთუ იშვიათად სათესლის ატროფიით (განლევით) სრულდება.

არასპეციფიკური ორქიტის სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება აუცილებელია. სათესლის ტუბერკულოზურ და სიმსივნურ პათოლოგიას, ორქიტისგან განსხვავებით თან არ სდევს ტემპერატურული რეაქცია. ჯირკვალი ამ დროს თანდათანობით და უმტკივნეულოდ დიდდება.

დიფერენცირების მიზნით ზოგჯერ ულტრაბგერით გამოკვლევას და ჯირკვლის ბიოფსიას მიმართავენ.

 

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ ორქიტის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: