PSA  და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები

PSA (პი-ეს-ეი იგივე პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი) გოგირდოვანი პროტეაზაა. ის პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის)  უჯრედების მიერ გამომუშავდება (პროდუცირდება) და სათესლე სითხეში გამოიყოფა (სეკრეტირდება). ამ ცილის ძირითადი ფუნქცია სათესლე სითხის გათხევადებაა; რომ არა PშA, სათესლე სითხეს სქელი გელის კონსისტენცია ექნებოდა. წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა ნორმალური არქიტექტონიკის პირობებში  PSA სისტემურ ცირკულაციაში  უმნიშვნელო რაოდენობით ხვდება; სისხლში ის, ჩვეულებრივ,  ორი ფორმით არსებობს _  თავისუფალი (5-35 %) და პროტეაზას ინჰიბიტორებთან შეკავშირებული სახით (65-95 %).

პროსტატის ქსოვილთა სტრუქტურული რღვევის შედეგად  PSA სისხლში დიდი რაოდენობით ხვდება ანუ სისხლში მისი დონე მატულობს.  ამგვარად, ეს ცილა, რეალურად, არა ონკოლოგიური, არამედ პროსტატსპეციფიკური მარკერია. მისი დონე სისხლში შეიძლება გაიზარდოს  როგორც პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და ინფექციური გენეზის ანთებითი პროცესების დროს. PSA შემცველობა სისხლში იზრდება  წინამდებარე ჯირკვალზე გარკვეული მანიპულაციების შემდეგაც, მაგალითად, მასაჟის, ბიოფსიის, პროსტატის ტრანსურეთრული რეზექციის და სხვა ჩარევების დროს.

პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის დროს აღნიშნული ანტიგენის (PSA) კონცენტრაცია სისხლში იმატებს  წინამდებარე ჯირკვლის არქიტექტონიკის რღვევისა და სისხლძარღვთა  განვლადობის მომატების გამო და არა მისი გამომუშავების (პროდუქციის) ზრდის ხარჯზე. რეალურად სიმსივნური უჯრედები პროსტატის ჯანმრთელ უჯრედებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ PSA გამოიმუშავებენ.

 

ცოტა რამ ისტორიიდან

დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ  მეცნიერები ეძებდნენ მარკერებს, რომლებიც გამოადგებოდათ სექსუალური ძალადობის  ფაქტებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მსვლელობისას, სხვები დაინტერესებულნი იყვნენ ისეთი ანტიგენების მოძიებით, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა მამაკაცთა ინფერტილობასთან. იყვნენ ისეთი მკვლევარებიც, რომლებსაც წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ცვლილებების მარკერთა აღმოჩენა ჰქონდათ მიზნად დასახული.

ასეა თუ ისე, ყველაფერი ერთ შედეგამდე მივიდა, გასული საუკუნის 80-იანი წლებისთვის  მეცნიერთა დაახლოებით 10 ჯგუფი ერთად “შეეჯახა” PSA. ყველა მეცნიერს ნივთიერების მისეული  სახელწოდება ჰქონდა, საბოლოოდ ანტიგენის დასახელების  განსაზღვრა წილად ხვდა რიჩარდ აბლინს, რომელიც ჯანმრთელ და სიმსივნით დაავადებულ პროსტატებს იკვლევდა.

“პროსტატის დაწმენდილი ანტიგენის” აღმოჩენასა და იდენტიფიკაციაზე პატენტი მიიღო  ჩუ მინმა 1984 წელს. ამ უკანასკნელმა კოლეგებთან ერთად არა ერთი კვლევა ჩაატარა იმის დასადასტურებლად, რომ PSA გამოყენება შეიძლება  სხვადასხვა სადიაგნოსტიკო მიზნით. სწორედ ამ შრომებისათვის ჩუ მინმა მოგვიანებით არა ერთი ჯილდო მიიღო –  ამერიკის უროლოგთა ასოციაციისგან (American Urological Association), უროლოგიურ დაავადებათა ამერიკული ფონდისა (American Foundation for Urologica) და სხვა  სამედიცინო-სამეცნიერო  თუ პროფესიონალური საზოგადოებებისგან.

 

რაზეა დამოკიდებული PSA დონე?

პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის რისკი PSA დონეზე დამოკიდებულებით ვარირებს. ამის გამო წამოიჭრა საკითხი – PSA რომელი კონცენტრაცია ჩაითვალოს ზღურბლად, ანუ მის რომელ მაჩვენებელზე (დონეზე) მიეცეს პაციენტს ბიოფსიის რეკომენდაცია. იმის გათვალისწინებით, რომ 40 წელს გადაცილებული ჯანმრთელი მამაკაცების 97 %-ს PSA –ის <4,0 ნგ/მლ დონე აღენიშნება, ეს კონცენტრაცია  XX  საუკუნის 90 –იან წლებში ზღურბლოვან მაჩვენებლად მიიჩნიეს.

Aასაკთან ერთად აღნიშნული მარკერის  კონცენტრაცია სისხლში მატულობს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს  პროსტატის კეთილთვისებიანი ასაკობრივი ჰიპერპლაზიით. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებისათვის განსაზღვრულია PSA  კონცენტრაციის სხვადასხვა ზღურბლი:

40-49 წელი – 2,5 ნგ/მლ

50-59 წელი  – 3,5 ნგ/მლ

60-69 წელი  – 4,5 ნგ/მლ

70-79 წელი  – 6,5 ნგ/მლ

პროსტატის უჯრედების მიერ PSA გამომუშავებაზე გავლენას ახდენს ანდროგენები (მამაკაცის სასქესო ჰორმონები). პაციენტებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში მკურნალობენ 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებით,  სისხლში PSA დონე 50 % -ით უქვეითდებათ.

სპეციფიკური ანტიგენის დონეზე ასევე გავლენას ახდენს რასობრივი წარმომადგენლობა, ასაკი, სხეულის მასის ინდექსი და სხვა ფაქტორები. მაგალითად, ევროპეიდული რასის წარმომადგენლებთან შედარებით ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს PSA ბევრად უფრო მაღალი დონე აქვთ სისხლში. სიმსუქნით დაავადებულებს PSA კონცენტრაცია დაქვეითებული აქვთ, რაც სავარაუდოდ ესტროგენების დონის მომატებითაა განპირობებული.

საყურადღებოა, რომ 2009 წელს  პროსტატის კიბოს სკრინინგის ევროპული რანდომიზირებული კვლევის (ERSPC) შედეგებზე დაყრდნობით დადგენილ იქნა  PSA-სკრინინგის უდიდესი როლი პროსტატის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის  მნიშვნელოვან შემცირებაში.

2011 წელს კი გაჩნდა  ახალი მონაცემები და მიდგომები PSA სკრინიგის აუცილებლობის საკითხთან დაკავშირებით.  ამერიკის უროლოგთა ასოციაციამ  მიიღო გადაწყვეტილება, რომ რანდომიზირებული მულტიცენტრული კვლევების, კერძოდ PROTECT – Prostate Testing for Cancer and Treatment; PRIAS – Prostate Cancer Research International: Active Surveillance study; PIVOT – Prostate Cancer Intervention versus Observation Trial საფუძველზე უროლოგებმა აუცილებლად უნდა გადახედონ  PSA  სკრინინგის აუცილებლობისა და საზოგადოდ, პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის საკითხებს.

 

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: