გურამ ქარაზანაშვილმა მორიგი უნიკალური ოპერაცია ჩაატარა

MMT ჰოსპიტალში გუშინ მორიგი უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა მეტად იშვიათი პათოლოგიის  – ორმონდის დაავადების – შედეგად შევიწროებული შარდსაწვეთების პლასტიკა გააკეთა ბადექონის გამოყენებით.

მკითხველს წარმოდგენა რომ შეექმნას, რაზეა საუბარი, მოკლედ გიამბობთ ამ ვერაგ დაავადებაზე:

ორმონდის დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. მუცლის ღრუში  იწყება ფიბროზულ-ცხიმოვანი ქსოვილების არაჩირქოვანი ხასიათის ანთება, რასაც შედეგად მოყვება კომპრესია ანუ ზეწოლა მუცლის ღრუს ორგანოებზე და ტუბულარული (მილოვანი) სტრუქტურების შევიწროება. განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ეს პროცესი შარდსაწვეთებზე.

მდგომარეობა იმდენად რთულდება, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტის გარდაცვალების მიზეზიც ხდება. ვითარდება თირკმლისმიერი ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ამავდროულად შეიძლება განვითარდეს მსხვილი სისხლძარღვების: აორტის, ქვემო ღრუ ვენისა და თეძოს არტერიის კომპრესია.

დაავადების საწყის სტადიაზე ჰორმონოთერაპია და იმუნოდეპრესანტებით მკურნალობა ტარდება, მაგრამ როდესაც კომპრესია მკვეთრად არის გამოხატული, აუცილებელი ხდება ოპერაციული ჩარევა.

სწორედ ასეთი შემთხვევა აქვს პაციენტს, რომელსაც გურამ ქარაზანაშვილმა ჩაუტარა ურთულესი და უნიკალური ოპერაცია. პაციენტს ორივე შარდსაწვეთი ჰქონდა შევიწროვებული იმგვარად, რომ შარდის გამოყოფის პროცესი მნიშვნელოვნად იყო შეფერხებული. როგორც უკვე გითხარით, თუ დროული ოპერაციული მკურნალობა არ ჩატარდებოდა, პაციენტს სერიოზული გართულებები ელოდა.

ორივე დაზიანებული შარდსაწვეთის პლასტიკა გაკეთდა ბადექონით და მთელ სიგრძეზე მოხდა შარდსაწვეთების გამოყოფა, შენარჩუნება, სისხლძარღვოვანი კვების აღდგენა და დაცვა ბადექონში გახვევის გზით.

პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ ინტერვიუს ბატონ გურამ ქარაზანაშვილთან ამ ოპერაციის შესახებ.

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ავტორი : თამაზ ბერიძე

    კარგია ასეთი ექიმები რომ გვყავს საქართველოში და საზღვარგარეთ არ მიდის ხალხი ოპერაციისათვის, მადლობა ბატონო გურამ

  • ავტორი : მაია რომაშვილი.

    მინდა უღრმესი მადლიერება და მადლობა გამოვხატო ბატონ გურამის მიმართ, აქ პაციენტი ჩემი მეუღლეა, მადლობთ ბატონ გურამ და თქვენს მთლიანად დამხმარე მედ.პერსონალს ჩემი მეუღლის გადარჩენისთვის, ჩემთვის ღმერთისგან გამოგზავნილ ადამიანი ბრძანდებით,მინდა ჯანმრთელობა,წარმატებები და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ, მე პირადათ საქართველოში არ ვარ და არ მერგო წილად თქვენი ახლო გაცნობა,მადლობთ რომ ამუცხო ქვეყანაში მეც საშვალება მომეცით რომ დავმშვიდე.

  • ავტორი : ნოდარი ბებრიშვილი

    მე მგონის მეც ეგ დაავადება მჭირს, როდის შეიძლება კონსულტაცია?

    • ავტორი : mmthospital

      მოგესალმებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გურამ ქარაზანაშვილის ასისტენტს და დაგეხმარებათ, ნათია +995 571 31 11 55.