პროსტატიტი

ტეგები: , , , ,

პროსტატიტი – რა აწუხებთ ამ დროს მამაკაცებს

პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის ანთებაა. ის ჯირკვალში ინფექციის შეჭრის შედეგად ვითარდება. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სისხლის გზითაც (ე.წ ჰემატოგენურად) ორგანიზმში არსებული ანთების რომელიმე კერიდან და შარდსადინარიდანაც აღმავალი გზით (მაგალითად, ინსტრუმენტული გამოკვლევის დროს). ინფექცია პროსტატაში ანთებითი ინფილტრატების განვითარებასა და წვრილი ჩირქოვანი კერების წარმოქმნას იწვევს.

მამაკაცები მწვავე პროსტატიტის ადრეულ სიმპტომებს ზოგჯერ ყურადღებას არ აქცევენ და ამით ანთებითი პროცესის გაღრმავებას უწყობენ ხელს. წვრილი ჩირქოვანი კერები (განსაკუთრებით დასუსტუბულ ორგანიზმში) ერთიანდება და დასაბამს აძლევს პროსტატის აბსცესს – შემოფარგლულ ჩირქგროვას (ჩირქოვან ანთებას).

რა აწუხებთ ამ დროს მამაკაცებს
უპირველეს ყოვლისა, გახშირებული და მტკივნეული შარდვა. წინამდებარე ჯირკვლის ანთების დროს მამაკაცი ხშირად და ცოტ-ცოტას შარდავს, მოშარდვის დასაწყისში და დამთავრებისას მწვავე ტკივილს შეიგრძნობს. შარდვის პროცესში ეს შეგრძნება ზოგჯერ ასოს თავსაც გადაეცემა. შემაწუხებელი ტკივილი აღინიშნება პროსტატის, შორისისა და კუდუსუნის არეშიც. ზოგჯერ უკანა ტანში ისეთი შეგრძნება ვითარდება, როგორიც ბუასილის არსებობისას. ეს იმით აიხსნება, რომ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი სწორ ნაწლავს აწვება და მის ვენურ სისტემაში შეგუბებითი პროცესის განვითარებას უწყობს ხელს.

ავადმყოფს აღენიშნება ტემპერატურის მომატებაც. სწორი ნაწლავიდან თითით გასინჯვისას (პალპატორულად) გადიდებული ჯირკვალი მტკივნეულია. ცვლილებები აღინიშნება სისხლშიც. ლეიკოციტების რიცხვი და ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს-ი) მატულობს. შარდი მუქდება და ლეიკოციტებით ჯერდება.

ამ დროს ინსტრუმენტული გამოკვლევები უკუნაჩვენებია. გამონაკლისი გახლავთ შარდის შეკავება, რომლის დოსაც აუცილებელი ხდება კათეტერიზაცია და დაგროვილი შარდის გამოშვება.

მკურნალობა
მედიკამენტური თერაპია ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდური პრეპარატებით მკურნალობას გულისხმობს. ტკივილის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) საშუალებების შემცველი სანთლები გამოიყენება. Aავადმყოფებს ეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელების, მწარე, ცხარე და მარილიანი საკვების მიღება. არ არის რეკომენდებული ასევე შებოლილი, დაკონსერვებული და შემწვარი პროდუქტების საკვებად გამოყენებაც. სათანადო მკურნალობის შედეგად დაავადების მწავე ფაზა 8-10 დღეში ცხრება. მერე კი თანდათან პროსტატიტის ნარჩენი მოვლენებიც ქრება.

გართულებები
არანამკურნალევი მწვავე პროსტატიტი დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე პროსტატის აბსცესით რთულდება. შემოფარგლული ჩირქოვანი ანთება ჯირკვლის ქსოვილს ძლიერ აზიანებს. პაციენტის საერთო მდგომარეობა ძალზე მძიმდება – სისუსტე, ცხელება, მჩხვლეტავი ტკივილი შორისის მიდამოში, შარდის შეკავება და მასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავდება. თუ აბსცესი შარდის ბუშტში ან ურეთრაში (შარდის გამომტან მილში) გასკდა, შარდთან ერთად ჩირქიც გამოიყოფა.

პროსტატის აბსცესის დროს მედიკამენტური თერაპიის გარდა ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო. არასწორი და დაგვიანებული მკურნალობის გამო ზოგჯერ პროცესი გენერალიზდება და უროსეფსისი ანუ შარდის ბაქტერიული გახრწნით განპირობებული უროგენული სეფსისი (ორგანიზმის საერთო დასნებოვნება) ვითარდება.

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ პროსტატიტის და მისი გართულებების მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: