პროსტატის ადენომა

პროსტატის ადენომა წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიური გადიდება – კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაა. ის ყველაზე ხშირად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უვითარდებათ. აქედან გამომდინარე მის განვითარებაში დიდ როლს მიაკუთვნებენ ჰორმონულ დისბალანსს – ანდროგენებსა და ესტროგენებს (შესაბამისად მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონებს) შორის თანაფარდობის დარღვევას. ამ და სხვა, დღემდე უცნობ მიზეზთა გამო წინამდებარე ჯირკვალი თანდათანობით დიდდება და შარდის გამომტან მილს აწვება.

 

შარდის გამომტანი მილი S-სებურად მოდრეკილი, 20 სმ- სიგრძის ორგანოა. მისი ფუნქცია შარდისა და თესლის გატარებაა. როდესაც გადიდებული პროსტატა (პროსტატის ადენომა) შარდსადინარს აწვება, ირღვევა შარდის გამოყოფის პროცესი. ამის გამო, შარდის ბუშტს, შარდისგან დასაცლელად სულ უფრო მეტი წინაღმდეგობის დაძლევა უხდება. ზედმეტი დაძაბვის გამო კი შარდის ბუშტის კუნთოვანი გარსი ჰიპერტროფიას განიცდის – სქელდება.

 

ამ ეტაპზე შარდვა გახშირებულია, განსაკუთრებით ღამით. ადამიანს უჩნდება შარდვის იმპერატიული მოთხოვნილება – მალ-მალე მოშარდვის ძლიერი სურვილი, – ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება კი უჭირს, მოშარდვის მოთხოვნილებიდან შარდის პირველი წვეთების გამოყოფამდე ინტერვალი თანდათან იზრდება, გამოყოფილი შარდის ნაკადი წვრილდება, მისი ტრაექტორია იცვლება – ვერტიკალური ხდება.

 

ბუშტის შარდისგან დასაცლელად ადამიანს სულ უფრო მეტად უწევს დაძაბვა და ჭინთვა. ამის გამო მოგვიანებით ვითარდება შარდის ბუშტის ჰიპოტონია – ბუშტის კუნთოვანი გარსის ტონუსი ქვეითდება და შარდის ბოლომდე გამოყოფას ვეღარ უზრუნველყოფს. ყოველი მოშარდვის შემდეგ ბუშტში გარკვეული ოდენობის ე. წ. ნარჩენი შარდი რჩება და თავს იჩენს ბუშტის დაუცლელობის შემაწუხებელი შეგრძნება.

 

მამაკაცები ამ პერიოდში შესამჩნევად იკლებენ წონაში, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი ტანჯავთ. ნარჩენი შარდი მათ ბუშტში გუბდება, ინფიცირდება და ხშირად შარდგამომყოფი სისტემის ამა თუ იმ ნაწილის ინფექციურ დაავადებასა და ანთებას იწვევს.
პროსტატის ადენომის კლინიკური მიმდინარეობის საბოლოო ფაზა შარდის სრული შეკავებაა, რამაც თირკმლის უკმარისობა და ურემია – მავნე ნივთიერებათა გამოუყოფლობის გამო ორგანიზმის თვითმოწამვლა – შეიძლება გამოიწვიოს.

 

როგორ ხდება დიაგნოსტიკა

პროსტატის ადენომის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. გამოცდილი სპეციალისტი გადიდებულ შარდის ბუშტს პალპაციითაც და პერკუსიითაც კი ამოიცნობს, თუმცა, სადღეისოდ კვლევის აპარატურულ-ინსტრუმენტული მეთოდების წყალობით, ეს აღარც კი არის საჭირო.

 

წინამდებარე ჯირკვალს სწორი ნაწლავიდან თითით სინჯავენ (პროსტატა ისინჯება როგორც გლუვზედაპირიანი, ელასტიკური და უმტკივნეულო ჯირკვალი). შარდის ბუშტის კათეტერიზაციით ნარჩენი შარდის რაოდენობას ადგენენ. ამ უკანასკნელზე წარმოდგენა იქმნება ექოსკოპიური კვლევითაც. გარდა ამისა, დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ცისტოსკოპია – შარდის ბუშტის ღრუს დათვალიერება ენდოსკოპით – და ცისტოგრაფია – შარდის ბუშტის რენტგენოკონტრასტული გამოკვლევა. პროსტატის ადენომის ზომის შეფასება ულტრაბგერის მეშვეობით ხდება.

 

მკურნალობა და რეჟიმი

თუ პროსტატის ადენომა გაწუხებთ, კვებისა და ფიზიკური დატვირთვის თავისებური რეჟიმი უნდა დაიცვათ. გეკრძალებათ მწარე, ცხარე, მჟავე, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტებისა და ალკოჰოლის მიღება. თქვენი რაციონი მდიდარი უნდა იყოს რძის პროდუქტებითა და მცენარეული საკვებით. ნაკლები რაოდენობით უნდა მიირთვათ ხორცეული და კვერცხი. მენჯის ღრუს ორგანოებში შეგუბებითი პროცესების ასარიდებლად, საჭიროა კუჭ-ნაწლავის მოქმედების კონტროლი. ამისათვის აუცილებელია სისტემატურად ვარჯიში და ყოველდღიურად 1-1,5 საათის განმავლობაში სეირნობა.

 

სამუშაო, რომელიც ჯდომას მოითხოვს, განსაკუთრებულად მავნეა. ასევე არ შეიძლება შარდის შეკავება – როგოც კი მოთხოვნილებას იგრძნობთ, მაშინვე მოშარდეთ, რადგან შარდის ბუშტის კედლების გაწელვის გამო შესაძლოა შარდის მწვავე შეკავება განვითარდეს.
აღნიშნული წესების დაცვით ავადმყოფთა მდგომარეობა რამდენადმე უმჯობესდება, თუმცა, ადენომა ამით სრულად ვერ იკურნება. მკურნალობის ერთადერთი რადიკალური მეთოდი, რომელსაც შორსწასულ შემთხვევებში იყენებენ, ადენომექტომია ანუ ადენომის ამოკვეთაა.

დაგაინტერესებთ!

როგორ აორთქლებენ პროსტატის ადენომას MMT ჰოსპიტალში

MMT ჰოსპიტალი გთავაზობთ პროსტატის ადენომის მკურნალობას მსოფლიო მედიცინის სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით. 

დაგვიკავშირდით: 2 23 40 23

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი:

  • ავტორი : რომან ხვადაგიანი

    გამარჯობათ: ვარ პენსიონერი 69წლის, მაწუხებს პროსტატა,ექმის თქმით ადენომა არ ამეღნიშნება, მაგრამ თქვენი განმარტებით, ზუსტათ ისეთივე სიმტომები გამაჩნია როგორსაც აღწერთ, როგორ მოვხვდე თქვენთან გასაგებია, ოღონდ მაინტერესებს რა ხარჯის გაწევა მომიწევს კონსულტაციისათვის და მკურნალობისათვის?

    • ავტორი : mmthospital

      მოგესალმებით რომან, შეგიძლიათ ჩაეწეროთ პროფესორთან, გურამ ქარაზანაშვილთან. ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით, ასევე კონსულტაციაზე ჩასაწერათ დაუკავშირდით ასისტენტს +995 571 31 11 55