გინეკოლოგიური ოპერაციები MMT ჰოსპიტალში

არსებობს ისეთი გინეკოლოგიური პათოლოგიები, რომელთა მკურნალობაც მედიკამენტური მეთოდით შეუძლებელია. ამიტომ, ე.წ. “ქალური პრობლემები” ხშირად ოპერაციული ჩარევით გვარდება; შესაბამისად, გინეკოლოგიური ოპერაციების სწორად დაგეგმვასა და მაღალტექნიკურად შესრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

რომელი გინეკოლოგიური ოპერაციები ტარდება უხშირესად, რა შემთხვევაში გამოიყენება რეკონსტრუქციული მეთოდები, საზოგადოდ, რომელ პათოლოგიებს სჭირდება ქირურგიული მკურნალობა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება “ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის” გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, წამყვანი სპეციალისტი, ონკო-გინეკოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი დავით ყარსიმაშვილი. ბატონი დავითი დიდი პრაქტიკული გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ქირურგია. აკადემიზმთან ერთად, პაციენტებთან მეტად გულისხმიერი დამოკიდებულებაც ახასიათებს. საქმის უზომო სიყვარულისა და პაცინტებისადმი თავდადების გამო, ეს ონკო-გინეკოლოგი განსაკუთრებულად უყვართ:

ბატონო დავით, ძირითადად რომელი პათოლოგიების დროს ტარდება გინეკოლოგიური ოპერაციები?
– ეს დაავადებები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად:

  • საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები. ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი პათოლოგიაა საშვილოსნოს მიომა (ლეიომიომა, ფიბრომიომა). ოპერაციული ჩარევის ჩვენებებია: დიდი ზომის, სწრაფად მზარდი კვანძები, რომელთაც ხშირად თან სდევს ტკივილი. ასევე კვანძები, რომლებიც იზრდება საშვილოსნოს ღრუში (სუბმუკოზურად) და იწვევს სისხლდენებს.

 

  • კვანძები ფეხზე, რომელთა შემოგრეხვის ან კიდევ ტროფიკის დარღვევის გამოც ნაჩვენებია ოპერაცია. ოპერაციული მკურნალობა იყოფა რადიკალურ და ორგანოშემანარჩუნებელ ოპერაციებად. იმ ქალებთან, რომელთაც რეპროდუქციული ფუნქციის (შვილოსნობის) შენარჩუნება სურთ, ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, ანუ ამოიკვეთება მხოლოდ კვანძები და საშვილოსნო ნარჩუნდება, შედარებით ასაკოვან პაციენტებთან კი მთლიანად ვიღებთ საშვილოსნოს. ოპერაციები ტარდება როგორც მუცელკვეთით (ე.წ. ღია წესით), ასევე ლაპაროსკოპიით (ენდოსკოპიური მეთოდით). ოპერაციების უმრავლესობა სრულდება ლაპაროსკოპიული მიდგომით, თუმცა, ჩვენების მიხედვით, მუცელკვეთასაც ვაწარმოებთ. საშვილოსნოს ღრუს შიდა კვანძების ამოკვეთა ტარდება ჰისტერორეზექტოსკოპით. საშვილოსნოს ღრუში შედის სპეციალური აპარატი და ვიზუალური კონტროლით მიზანმიმართულად იკვეთება მიომის კვანძი.

 

  • საკვერცხის კისტები: დერმოიდული და ენდომეტროიდული კისტები, რომლებიც 4 სმ-ზე მეტი ზომისაა; კისტის ფეხზე შემოგრეხისას ან კაფსულის მთლიანობის დარღვევის დროს თანმდევი სისხლდენით, აუცილებელი ხდება ოპერაციული ჩარევა. ჩვეულებრივ, მცირე ზომის კისტები არ არის ოპერაციის ჩვენება. საკვერცხის კისტების ოპერაციისას, ქირურგი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ნაკლებად დააზიანოს საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი.

 

  • ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთაგანაც ხშირია საშვილოსნოს ტანის, ყელისა და საკვერცხის სიმსივნეები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავთვისებიანი სიმსივნეების დროულ და სწორ დიაგნოსტირებას, რადგანაც ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი პათოლოგიის და სწორად შესრულებული ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, დაავადება პრაქტიკულად სრულად იკურნება.

 

რა შემთხვევაში ხდება რეკონსტრუქციული გინეკოლოგიური ჩარევა?

– ძირითადად პროლაფსების დროს, როდესაც აღინიშნება საშვილოსნოს, საშოს სრული ან არასრული გამოვარდნა და გვსურს საშვილოსნოს და საშოს დავუბრუნოთ ბუნებრივი მდებარეობა, პოზიცია. თუ ქალბატონი ფერტილურ ასაკშია და შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება სურს, მაშინ ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, თუ რეპორდუქციული ასაკი აღარ აქვს და საშვილოსნოს ამოღების ჩვენებაა, მაშინ სრულდება რადიკალური ოპერაცია.

ყველა პაციენტს ვუდგებით ინდივიდუალურად და მხოლოდ ამის შემდგომ წყდება, ოპერაცია ლაპაროსკოპიული მიდგომით შესრულდეს თუ ვაგინალურით. წინასწარ ვიკვლევთ პაციენტს, გამოვრიცხავთ ონკოპათოლოგიას და ვგეგმავთ ოპერაციას. პროლაფსის დროს “ოქროს სტანდარტად” ითვლება ლაპაროსკოპიული პრომონტოფიქსაცია. როგორც წესი, 60 წლამდე ასაკის პაციენტებთან საკვერცხეებს ვტოვებთ, რადგან მათ, როგორც მოგეხსენებათ, ქალის ორგანიზმისათვის უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ფუნქცია აქვთ.

ამგვარად, თუ არ არსებობს რაიმე უკუჩვენება (არ აღინიშნება სხვა რომელიმე პათოლოგია, ქალს გენეტიკა არ აქვს დამძიმებული), საკვერცხეებს ვტოვებთ და ვაკეთებთ ლაპარასკოპიით საშვილოსნოს ამპუტაციას, ვაწარმოებთ შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის დისექციას, შემდგომ სპეციალური სინთეზური ბადის ერთ ბოლოს ვაფიქსირებთ საშოს წინა კედელზე, საშვილოსნოს ყელზე, საშოს უკანა კედელზე და მენჯის ფსკერზე (კუნთოვან აპარატზე), მეორე ნაწილს კი ვამაგრებთ გავის ძვალზე.

ამ მეთოდს ის უპირატესობა აქვს, რომ ის უკეთ უნარჩუნებს თავის ბუნებრივ პოზიციას საშოს და საშვილოსნოს ყელს, რეციდივი ანუ პროლაფსის განმეორება პრაქტიკულად არ ხდება, შანსი ძალიან მცირეა. პაციენტები ხშირად დაჟინებით ითხოვენ ყველაფრის ამოღებას, მაგრამ ასე არ ხდება. ხშირად საშვლოსნოსთან ერთად, საშოს კედელიც დაწეულია, ამიტომ მარტო საშვილოსნოს ამოღება პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მეტიც, პროლაფსი შესაძლოა გაღრმავდეს კიდეც.

ბადის გამოყენების შემთხვევაში მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი დაჩირქების რისკი, გართულებებს საგულდაგულო მოვლა სჭირდება. ბადე ხომ ორგანიზმისათვის უცხო სინთეზური სხეულია, შესაბამისად, მისი მოცილების რეაქციის კვალად ყოველთვის არსებობს დაინფიცირებისა და დაჩირქების რისკი. საშვილოსნოს ყელის ამოღებისა და საშოს გაკერვის შემთხვევაში დიდია ბადის დაინფიცირების რისკი, ამიტომაც ყელს ვტოვებთ და ზემოდან ვაკერებთ ბადეს. პაციენტს ყოველივეს საფუძვლიანად ვუხსნით, ოპერაციის მიზანს და ყველა შესაძლო გართულებას.

რა ოპერაცია უტარდებათ ქალებს შარდის შეუკავებლობის დროს?
– ხშირია სტრეს-შეუკავებლობა, როდესაც ქალს დაცემინებისა თუ დახველების დროს შარდის შეუკავებლობა აღენიშნება. ასეთ დროს ოპერაციული ჩარევის ორი ვარიანტია. პირველი – TVT, TOT ოპერაცია, რომელიც სრულდება ვაგინალური მიდგომით. საშოს წინა კედელსა და შარდსადენს შორის თავსდება სინთეზური ბადე (ზონარი), რომელიც შარდსადენს უქმნის საფიქსაციო მექანიზმს (ჰამაკს), სტრესის (დახველების, დაცემინების…) დროს შარდსადენი „მიეჭყლიტება“ ბადეზე და შესაბამისად, აღარ ხდება შარდის უნებლიე დაღვრა. მეორე ვარიანტია ბარჩის ოპერაცია – საშოს კედელს ვაკერებთ და ვამაგრებთ ბოქვენის ძვალთან. აღნიშნული ჩარევა სრულდება ლაპაროსკოპიითაც და მუცელკვეთითაც. შარდის შეუკავებლობა მარტო სტრესული არ არის, შეიძლება იყოს ურგენტული, რომლის გამომწვევი მიზეზებია – შარდსასქესო ინფექციები, სიმსივნეები, ნეიროგენული დაზიანებები და სხვა. არსებობს შერეული შეუკავებლობაც. ამ დროს აღინიშნება როგორც სტრესული, ისე ურგენტული შეუკავებლობა.

ესაუბრა თინათინ გოცაძე

გაზიარება:

ჩაეწერეთ ექიმთან ვიზიტზე

დატოვეთ კომენტარი: